"რეალის" მეტოქეები წინასასეზონო მომზადებისას
როგორც იცით, მადრიდის "რეალი" წინასასეზონო მომზადებიას 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს. გთავაზობთ ექვისვე გუნდზე მცირე ინფორმაციას...
"რეალ ოვიედო"
მაშ ასე, პირველი გუნდი, რომელთანაც "რეალი" ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, "რეალ ოვიედოა", რომელიც უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი გახლავთ. ასტურიელებს, არც მეტი, არც ნაკლები 38 სეზონი აქვთ ნაასპარეზები "ლა ლიგაში". ამჟამად "ოვიედო" "სეგუნდა ბ"-ში გამოდის. წინა სეზონში "ოვიედოს" ფეხბურთელებმა აღნიშნულ ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავეს. კლუბი 1926 წელს დაარსდა. "ოვიედოს" არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოგებული, 1984-85 წლებში "სეგუნდა" დივიზიონის ლიგის თასი. კლუბი არასდროს იყო დახუნძლული ცნობილი ფეხბურთელებით. შეიძლება გამოვარჩიოთ ამჟამინდელი პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პაულო ბენტო და ესპანეთის ნაკრების ექს-დამრიგებელი, ლუის არაგონესი.
საინტერესო ფაქტები:
- "ოვიედოს" ფეხბურთელი, ლანგარა გახლავთ პირველი მოთამაშე, რომელმაც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ სამ სეზონში მოახერხა ბომბარდირობა - 1933-1936 წლებში.
- ესპანურ კლუბებს შორის "რეალ ოვიედო" "ლა ლიგაში" ჩატარებული სეზონების მიხედვით მეჩვიდმეტე გახლავთ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ასტურიულმა კლუბმა 38 სეზონი გაატარა "პრიმერა დივიზიონში".
- "ოვიედოს" სტადიონი "ნიუ კარლოს ტარტიერე" გახლავთ, რომელიც 30 500 მაყურებელს იტევს. ყველაზე დიდი დასწრების მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა - 27 214..
"ოვიედოს" მწვრთნელი სარიგუარტე ფელიქს მონტოია გახლავთ, რომელიც სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა 1989-1995 წლებში. მისი სამწვრთნელო დებიუტი 2006 წელს პატარა კლუბ "სესტაოში" შედგა.
სამი გამორჩეული ფეხბურთელი:
ალვარო გარსია ნეკი: იგი გასულ სეზონში გადავიდა "ოვიედოში", როგორც ახალგაზრდა პერსპქტიული ფეხბურთელი. მან სეზონი კარგად ჩაატარა და ასტურიელი გულშემატკივრების გულიც მოიგო. ნეკი უნივერსალური ფეხბურთელია. მას მარცხენა ფლაგზე, ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.
მანუ ბუსტი: ვეტერანი ფეხბურთელი ასაკის მიხედავად ბრწყინვალედ გამოიყურება, წინა სეზონში იგი კლუბის ბომბარდირიც გახდა 12 გატანილი გოლით. ამპლუით, ბუსტი ფლეიმეიქერი გახლავთ.
დიეგო კერვერო: იგი "ლოგრონესიდან" დაბრუნდა მშობლიურ "ოვიედოში" და სავარაუდოდ აქვე დაასრულებს თავის საფეხბურთო კარიერას. კერვერო ზედიზედ ორი სეზონია უკვე "სეგუნდა ბ"-ს ბომბარდირი ხდება...
"ბენფიკა"
"ბენფიკა" უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი გახლავთ. იგი 1904 წელს დაარსდა და პორტუგალიაში დღემდე ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. დედაქალაქური გუნდის ტიტულების ჩამონათვალი მართლაც, რომ შთამბეჭდავია. მე მათგან ყველაზე მნიშვნელოვანებს გაგაცნობთ:
ევროპის ჩემპიონთა თასი(ჩემპიონთა ლიგა) - 2-ჯერ
პორტუგალიის ჩემპიონატი - 32-ჯერ
პორტუგალიის თასი - 24-ჯერ
პორტუგალიის ლიგის თასი - 4-ჯერ
პორტუგალიის სუპერთასი - 4-ჯერ და ა.შ.
საინტერესო ფაქტები:
- "ბენფიკას" გულშემატკივრებს Glorious-ს უწოდებენ, რაც ქართულად "სახელოვანს" ნიშნავს. ეს სახელი დედაქალაქურ კლუბის წარმატებული ასპარეზობის გამო შეარქვეს.
- ყოველი საშინაო თამაშის წინ, არწივი, სახელად ვიქტორია ფრენით გადაკვეთს მოედნის ცენტრში განთავსებულ კლუბის ემბლემას, რომელზეც სწორედ არწივია გამოსახული. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ "E Pluribus Unum", რაც ქართულად "ბევრი, ერთი"-ს ნიშნავს.
- "ბენფიკაში" 29 ნომერი გაუქმებულია მიკლოს ფეერის ხსოვნის პატივსაცემად. უნგრელი ფეხბურთელი 2004 წელს მოედანზე გარდაიცვალა.
- გარდა ფეხბურთისა, "ბენფიკას" მშვილდოსნობის, კალათბურთის, ქვიშის ფეხბურთის, ბილიარდის, კრივის, ველორბოლის, ფუტძალის, ხელბურთის, გოლფის, ტანვარჯიშის , ძიუდოსი, ე.წ."პეინტბოლის", ბალახის ჰოკეის, რაგბის, სპორტული თევზაობის, ცურვის, სამჭიდის, მაგიდის ტენისისა და ფრენბურთის გუნდები ჰყავს.
- "ბენფიკაში" ამჟამად 4 ყოფილი "რეალის" ფეხბურთელი გამოდის: ხავიერ სავიოლა, ეზეკილ გარაი, ხავი გარსია და როდრიგო მორენო. ეს ორი უკანასკნელი "კასტილიის" აღზრდილია.
"ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი ხორხე ხესუსი გახლავთ. იგი ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა, თუმცა რომელიმე განსაკუთრებულ გუნდში არასდროს უთამაშია და არც არასდროს მიუღწევია რაიმე წარმატებისთვის. 1989 წლიდან მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და დღემდე, "ბენფიკას" ჩათვლით 11 პორტუგალიურ გუნდს ედგა სათავეში.
სამი გამორჩეული ფეხბურთელი:
აქსელ ვიტცელი: წარმოშობოით აფრიკელი, ბელგიის მოქალაქე "ბენფიკაში" "ლიეჟიდან" გადავიდა და თან ისე, რომ უკანასკნელ სეზონში რამდენიმე ტიტული გაიფორმა დ აგრეთვე ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თავდაპირველად, ვიტცელი "ბენფიკაში" სათადარიგო სკამის ფეხბურთელად მოიაზრებოდა, თუმცა ახლა ძირითადის უცვლელი წევრია.
ოსკარ კარდოზო: პარაგვაელი უკვე მეექვსე სეზონს ატარებს ლისაბონურ გრანდში და საკმაოდ წარმატებულადაც. ოსკარს უკვე 101 გოლი აქვს გატანილი "არწივთა" მაისურით.
ნიკოლას გაიტანი: "ბოკხა ხუნიორსიდან" გადმობარგებული არგენტინელი შემტევი ნახევარცმელი კლუბს შესანიშნავად შეეწყო. განვლილ სეზონში პორტუგალიის ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე იგი ერთ-ერთი გამორჩეული ასისტენტი გახლდათ.
"ლოს ანჯელეს გალაქსი"
"ლოს ანჯელეს გალაქსი" 1995 წელს დაარსდა და მომდევნო წლიდან უკვე "მლს"-ში ასპარეზობს. "გალაქსის" სტადიონი "დეპოტ სენთერ კარსონი" გახლავთ, რომლის ტევადობა 27 000-ია. რაც შეეხება ტიტულებს, ამ გუნდის "ასაკიდან" გამომდინარე, იგი საკმაოდ დახუნძლულია:
კონკაკაფის თასი - ერთხელ
"მლს"-ის თასი - 3-ჯერ
"მლს"-ის მხარდამჭერთა თასი - 2-ჯერ
"მლს"-ის რეგულარული სეზონი 8-ჯერ
"მლს"-ის პლეიოფი - 7-ჯერ და 21 ამხანაგური თუ არაოფიციალური თასი
საინტერესო ფაქტები:
- "გალაქსი" ვარსკვლავს ნიშნავს და კლუბს "ჰოლივუდის" ვარსკვლავების პატივსაცემად უწოდეს.
- "გალაქსი" ერთ-ერთი კლუბია იმ ათს შორის, რომელთაც 1996 წელს დაიწყეს "მლს"-ში ასპარეზობა.
- "გალაქსი" ერთადერთი ამერიკული კლუბია, რომელსაც კონკაკაფის თასი აქვს მოგებული.
- "გალაქსიში" 13 ნომერი გაუქმებულია კობი ჯონსის პატივსაცემად, რომელსაც 350 მატჩი აქვს ჩატარებული და 70 გოლი აქვს გატანილი...
"გალაქსის" მთავარი მწვრთნელი ბრიუს არენა გახლავთ. არენა პროფესიონალი ფეხბურთელიც გახლდათ. იგი ამერიკის ნაკრების ღირსებასაც იცავდა. 1998-2006 წლებში ბრიუსი ეროვნულ ნაკრებს სათავეში ედგა. მისი ხელმძრვანელობით აშშ-მ 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშიც გააღწია.
სამი გამორჩეული ფეხბურთელი:
ლენდონ დონოვანი: ყველასათვის კარგად ნაცნობი ამერიკელი ფეხბურთელი "გალაქსის" კაპიტანია. მას ევროპაშიც აქვს ნათამაშები, თუმცა არა ისე წარმატებულად, როგორც ლოს ანჯელესში. სხვადასხვა დროს იგი "ბაიერნის", "ბაიერისა" და "ევერტონის" ღირსებას იცავდა.
დევიდ ბექჰემი: ინგლისელ ფეხბურთელზე ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ და მასზე საუბარში თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ბექსი უკვე მეორე მატჩს ატარებს "რეალის" წინააღმდეგ.
რობი კინი: ლეგენდარული ირლანდიელისთვის ამერიკა მეოთხე ქვეყანაა, სადაც უთამაშია. მანამდე იგი ინგლისში, იტალიასა და შოტლანდიაში ასპარეზობდა.
"სანტოს ლაგუნა"
მექსიკური კლუბი, "სანტოს ლაგუნა" 1983 წელს დაარსდა. მიუხედავად მცირე "ასაკისა", კლუბი საკმაოდ ტიტულოვანია. მექსიკაში ამ მხრივ იგი მესამე ადგილზეა. უკანასკნელი მსოფლიოს კლუბების კლასიპიკაციაში "სანტოს ლაგუნა" 44-ე ადგილზე მოგვევლინა. "ლაგუნას" საშინაო არენა "კორონა" გახლავთ, რომელიც 30 000 მაყურებელს იტევს. რაც შეეხება კლუბის ტიტულებს:
მექსიკის პირველი დივიზიონი: ზამთრის 1996 წელს, ზაფხულის 2001 წელს, კლაუსურა 2008 და 2012 წლებში
"ინტერლიგა"("ლიბერდატორესის თასის საკვალიპიკაციო ეტაპი) - 2004 წელს და ა.შ.
საინტერესო ფაქტები:
- მექსიკის ჩემპიონატი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი - ზამთრისა და ზაფხულის გათამაშება, კლაუსურა და აპერტურა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჯამში "სანტოს ლაგუნამ" ეს ტურნირები 4-ჯერ მოიგო, რაც მესამე მაჩვენებელია. პირველ ადგილზე "ტოლუკაა" 7 ტიტულით, ხოლო მეორეზე "პაჩუკა" 5-ით.
- "სანტოს ლაგუნა" პირველ დივიზიონში 1988 წელს გადავიდა და მას შემდეგ არ გავარდნილა.
- 2010 წლის სექტემბერში გლაზგოს "სელტიკსა" და "სანტოს ლაგუნას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კლუბებმა ერთნაირი მაისურები უნდა ატარონ და ხშირად გამართონ ამხანაგური შეხვედრები ერთმანეთში.
"სანტოს ლაგუნას" მწვრთნელი ბენჟამინ გალინდო გახლავთ. იგი საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელიც გახლდათ. გალინდო სხვადასხვა მექსიკურ კლუბებში გამოდიოდა. აგრეთვე, 1983-1997 წლებში მექსიკის ნაკრების ღირსებას იცავდა, აქვს მონაწილეობა მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მუნდიალზე. სამწვრთნელო კარიერა ბენჟამინმა 2004 წელს დაიწყო. 2006-ში რამდენიმე მატჩში "სანტოს ლაგუნას" სათავეში იდგა, ხოლო 2011 წლიდან უკვე სრულფასოვანი მწვრთნელია აღნიშნული გუნდისა.
სამი გამორჩეული ფეხბურთელი:
ორიბე პერალტა: 23 წლის ფეხბურთელი თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ "სანტოს ლაგუნას" ლიდერად. კლაუსურას მოგებაში სწორედ მას მიუძღვის უდიდესი წვლილი, რამეთუ ფინალურ ორ მატჩიან დულეში მან ორი გოლის გატანა მოახერხა. პერალტა ლონდონის ოლიმპიადაზეც იასპარეზებს მექსიკის ნაკრებთან ერთად.
მარკ კროსასი:ესპანელი ფეხბურთელი მხოლოდ 23 წლის გახლავთ, თუმცა უკვე რამდენიმე კლუბი აქვს გამოცვლილი. იგი "ლა მასიას" აღზრდილია, გარკვეული პერიოდი "ბარსელონას" პირველ გუნდშიც დაჰყო, თუმცა არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, შემდგომ ლიონის "ოლიმპიკში", გლაზგოს "რეინჯერსსა" და რუსულ "ვოლგა ნიჟნიში" გაატარა გარკვეული დრო.
დანიელ ემანუელ ლუდუენა: ვეტერანი არგენტინელი ყველაზე გამოცდილი გახლავთ "სანტოს ლაგუნას" შემადგენლობაში. იგი "რივერ პლეიტის" აღზრდილია.
"მილანი"
იტალიურ გრანდზე ყველა თქვენგანს კარგად მოეხსენება, თუმცა ცოტაოდენ ინფორმაციას მაინც შემოგთავაზებთ მასზე."მილანი" 1899 წელს დაარსდა. "როსონერის" საშინაო არენა "სან სირო" გახლავთ, რომელიც 80 018 მაყურებელს იტევს. რაც შეეხება "მილანის" ტიტულებს, მე მხოლოდ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს შემოგთავაზებთ:
ჩემპიონთა ლიგა - 7-ჯერ
უეფას თასების თასი - 2-ჯერ
უეფას სუპერთასი - 5-ჯერ
საკონტინენტთაშორისო თასი - 3-ჯერ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - ერთხელ
"სერია ა" - 18-ჯერ
"სერია ბ" - 2-ჯერ
იტალიის თასი - 5-ჯერ
იტალიის სუპერთასი - 6-ჯერ და ა.შ...
საინტერესო ფაქტები:
- "ბოკა ხუნიორსთან" ერთად, "მილანს" ყველაზე მეტი საერთაშორისო ტიტული აქვს მოგებული - 18.
- "მილანი" პირველი გუნდია მსოფლიოში, რომლის ფეხბურთელებსაც ზურგზე სახელები(გვარები) დაეწერათ.
- "მილანში" 6 და 3 ნომერი გაუქმებულია შესაბამისად ბარეზისა და მალდინის პატივსაცემად. ამ ნომრიანი მაისურების გამოყენება მხოლოდ მათ შვილებს შეეძლებათ სურვილის შემთხვევაში.
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გახლავთ. იტალიელი სპეციალისტი ბერლუსკონის გუნდში "კალიარიდან" გადავიდა, სადაც "სერია ა"-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულიც მოიგო. "როსონერიში" მან უკვე ორი ტიტულის მოგება მოახერხა - "სკუდეტო" და იტალიის სუპერთასი.
სამი გამორჩეული ფეხბურთელი:
კევინ-პრინს ბოატენგი: გერმანიაში დაბადებული განელი მოთამაშე უკვე ორი სეზონია "მილანშია" და საოცრად კარგად თამაშობს. იგი გამოირჩევა ბრწყინვალე დარტყმით. კევინს გასული სეზონი პრაქტიკულად ჩაუვარდა, რადგან იგი ტრავმებმა გატანჯეს.
ანტონიო კასანო: "რეალის" ყოფილი ფორვარდი ტექნიკითა და ბრძოლის ჟინით გამოირჩევა. კასანომ რამდენიმე თვის წინ გულის უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და მისი თამაში სათუო იყო, თუმცა ანტონიომ გამოჯანმრთელება მოახერხა და ევროპის ჩემპიონატზეც კი მოხვდა.
ალეშანდრუ პატო: ბრაზილიელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იყოს გამორჩეული: ტალანტი, სისწრაფე, ტექნიკა და გოლის გატანის ალღო.
"სელტიკი"
"სელტიკი" უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების კლუბი გახლავთ. შოტლანდიური ტიტანი 1887 წელს დაარსდა. კლუბის საშინაო არენა "სელტიკ არენა" გახლავთ, რომელიც 60 832 გულშემატკივარს იტევს. დედაქალაქური კლუბი საკმაოდ დახუნძლულია ტიტულებით:
ევროპის თასი - ერთხელ(1967 წელს)
შოტლანდიის ჩემპიონატი - 43-ჯერ
შოტლანდიის თასი - 35-ჯერ
შოტლანდიის ლიგის თასი 14-ჯერ და ა.შ...
საინტერესო ფაქტები:
- მსოფლიოში დღესაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფეხბურთო ომად მიიჩნევენ "სელტიკი"-"რეინჯერსის" მატჩს. ამ ორ გუნდს შორის შეხვედრები ყოველთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელია.
- 1967 წელს, "სელტიკი" გახდა პირველი ბრიტანული და პირველი და უკანასკნელი შოტლანდიური კლუბი, რომელმაც ევროპის თასის მოგება შეძლო. გლაზგოელებმა ფინალში "მილანს" სძლიეს. ცნობისთვის, აღნიშნულ წელს "სელტიკმა" ყველა იმ ტურნირზე იმარჯვა, რომელზეც კი გამოდიოდა: შოტლანდიის ჩემპიონატი, თასი, ლიგის თასი და ევროპის თასი.
- "სელტიკი" გახლავთ გუნდი კათოლიკეების, შოტლანდიელი ნაციონალისტებისა და ირლანდიელი ემიგრანტების.
"სელტიკის" მთავარი მწვრთნელი ჩრდილო ირლანდიელი ნეილ ლენონია. 2000-2007 წლებში იგი სწორედ გლაზგოური გუნდის ღირსებას იცავდა და გარკვეული პერიოდი კაპიტანიც კი გახლდათ. სამწვრთნელო კარიერა მან 2010 წელს დაიწყო და პირველივე და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი კლუბი "სელტიკი" გახლავთ.
სამი გამორჩეული ფეხბურთელი:
ფრასერ ფორსტერი: ინგლისელი მეკარე "ნიუკასლის" საკუთრება გახლდათ, თუმცა 2006 წლიდან იგი სხვადასხვა გუნდებში იყო განათხოვრებული. ბოლოს ფორსტერს "სელტიკში" მოუწია ასპარეზობა და საბოლოოდ გლაზგოურმა კლუბმა იგი გამოისყიდა. გასულ სეზონში მან 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 19 გოლი გაუშვა.
გარი ჰუპერი: ინგლისელი ფეხბურთელი ნამდვილად გამორჩეული გახლავთ. იგი უკვე ორი სეზონია ასპარეზობს "სელტიკში". გასულ სეზონში გარი შოტლანდიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა 25 გატანილი გოლით. მან სულ 2568 წუთი დაჰყო მოედანზე, რაც შოტლანდიის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია უცხოელ ფეხბურთელთა შორის.
ჯო ლედლი: უელსელი ნახევარმცველი ლენონის მთავარი დამრტყმელი ძალა გახლავთ. უკვე მესამე სეზონია ლედლი წარმატებით წარმართავს გუნდის შეტევებს...
- 20 ივლისი 2012
- 3 248
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.