ტორილის 130-ე "თეთრებში"
ალბერტო ტორილი მწვრთნელის რანგში პირველად 2008-09 წლების სეზონში გამოჩნდა "რეალ მადრიდ ც"-ში. თავდაპირველად იგი მთავარი დამრიგებლის, კორდობას ასისტენტი გახლდათ. სეზონის დასასრულს ცუდი ასპარეზობის გამო კორდობა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს და მისი მოვალეობის შესრულებას სწორედ ალბერტო შეუდგა. 12 ტურით ადრე "რეალ მადრიდ ც" ცხრილის გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, თუმცა ტორილმა არამარტო ადგილი შეუნარჩუნა კლუბს, არამედ იმდენი მოახერხა, რომ "თეთრებმა" სეზონი მერვე ადგილზე დაასრულეს.
მომდევნო სეზონში ტორილმა "ხუვენილ ა" ჩაიბარა. ასაკობრივ ჩემპიონატში "თეთრებმა" მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო "კოპა დელ რეიზე" ფინალში დამარცხდნენ "ვალენსიასთან". 2010-11 წლების სეზონში ალბერტო კვლავ "ხუვენილ ა"-ს დამრიგებელი გახლდათ, თუმცა სეზონის შუაგულში იგი "კასტილიის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი "კასტილია" ტორილმა "სეგუნდა"-ს პლეიოფამდე მიიყვანა, თუმცა ეს ბარიერი ვერ გადალახა. მეორე სეზონში მოვლენები ისე განვიტარდა, რომ ალბათ თავად ალბერტოც არ მოელოდა. "კასტილია" "სეგუნდა ბ"-ს ჩემპიონი გახდა, "თეთრებმა" პლეიოფში "კადისი" გაანადგურეს 8-1 და "სეგუნდას" საგზურიც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მადრიდისტებმა ჩატარებული შეხვედრების 68% მოგებით დაასრულეს.
საერთო ჯამში "რეალ მადრიდ ც"-ში, "ხუვენილ ა"-სა და "კასტილიაში" ტორილმა 130 შეხვედრა ჩაატარა მწვრთნელის რანგში - 89 მოიგო, 26 ფრედ დაასრულა, ხოლო 15-ში დამარცხდა.
- 29 მაი 2012
- 1 998
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.