"რეალი" - "სევილია" [პრევიუ]
მაშ ასე, "ლა ლიგის" დასრულებამდე მხოლოდ ოთხი ტურიღა დარჩა. ძნელად მისახვედრი სულაც არ არის, თუ ვინ გახდება გამარჯვებული, უბრალოდ გასარკვევია, თუ რომელ ტურში. სავარაუდოდ "ბლანკოსი" ჩემპიონობას ბილბაოში "სან მამესზე" გაიფორმებს. თუმცა სხვა უამრავი ვარიანტიც არსებობს. მაგალითად, თუ "ბარსელონამ" მადრიდში, "რაიო ვალეკანო" ვერ დაამარცხა და "რეალმა" "სევილიასთან" გამარჯვება იზეიმა, მაშინ ჟოზე მოურინიოს შეგირდები დღესვე გაიფორმებენ პირველობას.
გადავხედოთ გუნდების სატურნირო მდგომარეობას. "რეალზე" ისედაც ყველას კარგად მოგეხსენებათ. "ბლანკოსი" 88 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს "ლა ლიგას". უახლოეს მდევარ "ბარსელონას" "მერენგები" 7 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება "სევილიას", ანდალუსიური კლუბი 46 ქულით მეცხრე პოზიციას ბინადარია და ევროთასების საგზურისთვის იბრძვის, თუმცა რთული კალენდრიდან გამომდინარე ძნელია ისაუბრო შეძლებს თუ არა ამას.
მადრიდის "რეალი" რომ ყოველ მატჩში ახალ რეკორდს დაამყარებს იმ შემთხვევაში თუ გოლს გაიტანს ეს უკვე ახალი აღარ არის. იგივე ითქმის კრიშტიანო რონალდოზეც, ყოველი გოლი პორტუგალიელისა სარეკორდო იქნება "ლა ლიგის" არსებობის ისტორიაში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ "მერენგები" მიმდინარე სეზონშ უკვე მეორედ ითამაშებენ ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, ე.წ. გამოტანილ მატჩში. პირველად "ბლანკოსები" "ოსასუნას" დაუპირისპირდნენ და პამპლონელები 7-1 გაანადგურეს...
ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 19 ფეხბურთელს უხმო. აქედან 18 პირველი გუნდიდანაა, ხოლო ერთიც, კერძოდ ტომას მეხიასი კანტერის წარმომადგენელია. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილების გამო განაცხადს მიღმა დარჩნენ: ლასი, კარვალიო, ვარანი და ალტინტოპი. განსაკუთრებულად უნდა ემზადებოდეს კრიშტიანო რონალდო ამ მატჩისთვის. პორტუგალიელმა პირველ წრეში სამჯერ დაამწუხრა ანდალუსიელები. აქვე ერთ საინტერესო ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას. ოქროს ბუცის ისტორიაში რონალდოს აქვს შესაძლებლობა რეკორდსმენი გახდეს. ლეგენდარულმა რუმინელმა ფეხბურთელმა დუდუ გეორგესკუმ 1976-1977 წლებში ერთ სეზონში 47 გატანილი გოლით დაისაკუთრა ეს ჯილდო. პორტუგალიელს ამჟამად 42 ბურთი აქვს შეგდებული და ცხადია, ამ რეკორდის გაუმჯობესება სულაც არ არის შეუძლებელი.
"სევილიის" მთავარ დამრიგებელს, მიჩელს რამდენიმე დანაკლისიც აქვს, რომელთაგან ყველაზე მეტად გამოსარჩევია მედელი და მანუ დელ მორალი. თავად განსაჯეთ, თუ რაოდენ მნიშნელოვანია ეს ორი ფეხბურთელი - პირველმა მათგანმა წლევანდელ სეზონში ანდალუსიელთა რიგებში წუთობრივად ყველაზე დიდხანს დაჰყო მოედანზე, ხოლო მეორე კლუბის ბომბარდირებს შორის მეორეა 10 გატანილი გოლით. საოცარ ფორმაში ეგებება მატჩს ნეგრედო, რომელიც განსაკუთრებით მოტივირებულია ხოლმე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.
და ბოლოს, მადრიდულ-ანდალუსიური დაპირისპირება "ბერნაბეუზე" 67-ჯერ შედგა. ცხადია,სამეფო კლუბს უდიდესი უპირატესობა აქვს - 48 გამარჯვება, 11 ფრე და 8 მარცხი. ბურთების შეფარდებაშიც კოლოსალური სხვაობაა - 180-73-ზე რაღა თქმა უნდა "ბლანკოსის" სასარგებლოდ....
- 29 აპრილი 2012
- 2 012
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.