ანხელ დი მარია: "მოურინიომ თაფლობის თვე წამართვა"
გთავაზობთ ძალიან საინტერესო სტატიას, რომელიც ანხელ დი მარიამ Real Madrid TV-სთან ჩაწერა. ეს ინტერვიუ 2011 წლის 20 ოქტომბერს ჩაიწერა, მაგრამ მე დღეს აღმოვაჩინე და "მცირედი" დაგვიანებით შემოგთავაზებთ.
- ჩვენი ინტერვიუ დიეგო ტორესის "Color Esperanza"-ის შესრულებით დაიწყეთ. ეს სიმღერა მეც ძალიან მომწონს. საღამო მშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი ფეხი Real Madrid TV-ში
- მოგესალმებით. ამ სიმღერას ჩემი მეუღლე უსმენს ხშირად. მან ეს სიმღერა სპეციალურად შემირჩია, რადგან მისი ტექსტი ძალიან წააგავს ჩვენს ურთიერთობას.
- თქვენ გაიზარდეთ პერდრიელის გარეუბანში..
- დიახ, პერდრიელი ძალიან ლამაზი ადგილია. იქ მყავს უამრავი ბავშობის მეგობარი და როდესაც ვბრუნდები სახლში ხშირად ვხვდები მათ და აგრეთვე ძველ მეზობლებს.
- როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ პერდრიელი ძალიან ლამაზი ადგილია. შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი მშობლიური ქალაქი?
- რთულია ამაზე საუბარი, რადგან სახლიდან ძალიან შორს ვარ. იქ გავიზარდე როგორც პიროვნება, ისე ფეხბურთელი. მყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც ქუჩაში ფეხბურთს ვთამაშობდი. მაშინ არაფერს წარმოვადგენდი და ისინი გვერდით მედგნენ, მდგომარეობა არც ახლა შეცვლილა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო ჩემს მეგობარ ხერეს. მას ღამით ბაბუა გარდაეცვალა, მისთვის ეს ძალიან რთული პერიოდია, რადგან ეს კაცი მისთვის მამასავით იყო. გეხვევი მაგრად ხერე!
- თქვენს მეგობრებზე ძალიან ემოციურად საუბრობთ... შეიძლება ითქვას, რომ ისინი თქვენი მეორე ოჯახის წევრები არიან?
დიახ, აბსოლუტურად მართალი ხართ.
- ძალიან საინტერესოა თქვენგან ინტერვიუს ამ მიმართულებით წაყვანა. მეც ვიზიარებ თქვენი მეგობრის მწუხარებას, რომელზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. თქვენ როგორც აღნიშნეთ, მეგობრები გვერდით გედგნენ, როდესაც არაფერს წარმოადგენდით. ახლა კი "რაღაცას წარმოადგენთ", მაგრამ ცხოვრებაში არა ადამიანის პროფესია, არამედ მისი პიროვნებაა მთავარი. მოდით დავუბრუნდეთ იმ ადგილს, სადაც თქვენ გაიზარდეთ...
- რაღა დავამატო? ძალიან მოკრძალებული რაიონია და ხალხიც ძალიან შრომის მოყვარეა. იქ დაბადებული და გაზრდილი ადამიანი ღებულობს ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის: თავმდაბლობა, შრომით წარმატების მიღწევა, ოჯახისადმი მხარდაჭრის გაწევა და მცირე ხელფასით დაკმაყოფილება.
- რას გულისხმობთ მცირე ხელფასით დაკმაყოფილებაში? გამოსაკვებად საკმარისი ფულის აღებას გაწეული სამუშაოს ნაცვლად?
- ხელფასი უნდა გეყოს ოჯახის გამოსაკვებად და იმ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, რომელიც აუცილებელია ოჯახისათვის. ჩემ ოჯახში ყოველთვის ასე იყო. ორივე მშობელი მუშაობდა, ამიტომ ისინი ყიდულობდნენ საფეხბურთო ბუცებს და სხვა ნივთებს, რაც ფეხბურთის სათამაშოდ მჭირდებოდა. ამას მე არაოსოდეს დავივიწყებ... ისევე, როგორც ბავშვობის განვლილ წლებს.
- ბავშვობაში გიფიქრიათ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდით?
- ნამდვილად ვერც წარმოვიდგენდი.
- ძალიან ბევრი ბავშვი ოცნებობს ფეხბურთელობაზე, მაგრამ იმის გაკეთება, რასაც თქვენ მიაღწიეთ, ძალიან რთულია...
- ყველაფერი ძალიან მალე მოხდა დაახლოებით 4-5 წელში. მთავარია სიამოვნება მიიღო ამ დროის განმავლობაში, ეს პროფესია სწორედ ამიტომ ავირჩიე. მოედანზეც და მის გარეთაც ბედნიერი ვარ.
- ბავშვობაში პეპე თევზებს ზრდიდა და შემდეგ ყიდდა, რათა ოჯახში ფული შეეტანა. ერთხელ კი მან თევზები მადრიდის რეალის მაისურში გაცვალა. როდესაც თქვნ იყავით ბავშვი, ოცნებობდით გეთამაშათ ისეთ გუნდში, როგორიც სამეფო კლუბია?
- სიმართლე გითხრათ არა. როდესაც ფეხბურთს ვუყურებდი უბრალოდ მსურდა პირველ დივიზიონში მეთამაშა. მადრიდის რეალში თამაში ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. როგორც ჩემ მიერ შესრულებულ სიმღერაში არის, უნდა გჯეროდეს, რომ ოდესმე ყველა ოცნება აგისრულდება. სწორედ ეს დამეხმარა იმის მიღწევაში რასაც ახლა წარმოვადგენ.
- ძალიან ბევრი ადამიანი აღწევს თავის მიზანს ოჯახის წყალობით, როგორი იყო თქვენი ოჯახი?
- ძალიან მოკრძალებული და მეგობრული. ყოველ შაბათ-კვირას ბარბიქიუს ვწვავდით და ერთად ვატარებდით დროს. ძალიან ძნელია მათგან ასე შორს ყოფნა. ხშირად ველაპარაკები მათ.
- მოდით მამათქვენით მიგელით დავიწყოთ, რომელიც ქვანახშირის საწყობში მუშაობდა. ალბათ მას ძალიან დიდი ტვირთი აწვა ზურგზე...
- მამაჩემი არის ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მეუბნება რას ვაკეთებ კარგად და რას ცუდად. მას ცოტა დააკლდა ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაშამდე. ერთხელ ის ეზოში მეგობრებთან ერთობოდა და მუხლი დაიზიანა, ამის შემდეგ ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
- თუ არ ვცდები ის რივერ პლეიტში თამაშობდა...
- დიახ, ის რივერის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და ბოლო პერიოდში პირველ გუნდთანაც დაიწყო ვარჯიში, მწვრთნელები კმაყოფილნი იყვნენ მისი გარჯით, რადგან მას, ისევე როგორც მე, კარგად გამოსდიოდა ფლანგზე თამაში.
- მამათქვენიც ცაციაა?
- არა მემარჯვენეა. ერთხელ ის როსარიოში დაბრუნდა, რადგან ძალიან მოენატრა სახლი. მეგობრებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა და სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა, მაშინ არ იყო ისეთი პირობები, როგორიც ახლა გვაქვს, შესაბამისად ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება ფეხბურთისათვის თავის დანებება იყო. ახლა ის 52 წლის არის, თუმცა კვლავ აგრძელებს თამაშს ვეტერანების გუნდში. ყოველი მატჩის შემდგომ მას მუხლი უსივდება. მიუხედავად ყველაფრისა ის ძალიან საჭირო რჩევებს მაძლევს, მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ფეხბურთში.
- არავინ იცის რას გიმზადებს ცხოვრება, არა? თითქმის პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა და ახლა იძულებულია ქვანახშირის საწყობში იმუშაოს, თქვენ კი მის ოცნებებს ასხამთ ფრთებს...
- ისიც სწორედ ამას მეუბნება. ის 16 წლის იყო, როდესაც საწყობში დაიწყო მუშაობა. ძალიან ცივი ზამთარი იყო და მუშებს მხოლოდ ერთი თხელი მეტალის სახურავი იცავდა. როდესაც პირველ დივიზიონში დავიწყე ასპარეზობა მამაჩემს შევთავაზე მუშაობისათვის თავის დანებება, თუმცა უარი განაცხადა. ხოლო როდესაც ბენფიკაში გამიშვეს, მაშინ ვუთხარი: "მამა, გეყოფა ამ ქარხანაში მუშაობა! დროა უკვე დაისვენო და სიამოვნება მიიღო ცხოვრებისგან!"
- გიმუშავიათ მასთან ერთად საწყობში?
- დიახ, როდესაც 14-15 წლის ვიყავი, გადავწყვიტე მას დავხმარებოდი. ძირითადად ტომრებს ვავსებდი და ვფუთავდი. ძალიან რთული სამუშაო იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი ნამდვილად არ გვქონდა. ეს იყო ერთადერთი გზა, რომ გვეყიდა საჭმელი და აუცილებელი ნივთები.
- როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს? მართალია ბავშვი იყავით, მაგრამ მსგავსი მოგონებების დავიწყება ძალიან რთულია...
- მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. მამამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ოჯახისათვის. ის ჩემთვის საუკეთესო მაგალითია და ახლა როდესაც საკუთარ ოჯახს ვქმნი ჯორჯელინასთან ერთად, მინდა მამაჩემს მივბაძო და ისევე შევიყვარო შვილები როგორც მას ვუყვარვარ მე.
- ახლა კი გვითხარით, რომელი იყო საუკეთესო რჩევა, რომელიც მამათქვენმა მოგცათ?
- ვფიქრობ, მამები ყოველთვის კარგ რჩევებს აძლევენ შვილებს. სწორედ ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. აი მაგალითად, როდესაც ბენფიკა ცდილობდა ჩემს შეძენას მამაჩემმა მითხრა: "შვილო, ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ თუ გექნება, არ გაბედო უარის თქმა!"
- მან ეს გირჩიათ და თან იცოდა, რომ ვერ იქნებოდა თქვენს გვერდით?
- დიახ, ყველაფერი ასე იყო.
- გვიამბეთ დედათქვენზე. მას დიანა ჰქვია, არა?
- დედაჩემი უნიკალური ადამიანია. ყოველი შეხვედრის წინ ის მლოცავს და ძალებით მავსებს. ახლაც კი, როდესაც ცოლი მოვიყვანე, ცდილობს იზრუნოს ჩემზე.
- შვილო კარგად ჭამე, არ იარო სწრაფად მანქანით...
- დიახ, სწორედ ასე. ყველა დედა ასე იქცევა და გასაკვირი არც არის ჩემთვის. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის იქნება მისი შვილი 50, 60 თუ 70. როდესაც როსარიო ცენტრალთან გავივლიდით, დედა იძახდა, რომ ოდესმე იქ ვითამაშებდი და ასეც მოხდა.
- თქვენ განაცხადეთ, რომ ის ყოველი მატჩის წინ გლოცავთ. სანთლებსაც ხომ არ ანთებს?
- დიახ.
- ის ძალიან რელიგიურია. ეს გმატებთ თქვენ ძალას?
- დიახ, ეგრეა. ჩემი ცოლიც ხშირად ანთებს სანთლებს. მჯერა, რომ მისი სიტყვები ენერგიას მმატებს და მაძლევს საშუალებას 100%-ით დავიხარჯო მოედანზე.
- არ ვიცი გეხმარებათ თუ არა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ ძალიან სწრაფად მოძრაობთ მოედანზე და ფაქტიურად შეუჩერებელი ხართ!
- ჩემი აზრით, როდესაც ბურთი შენ არ გემორჩილება, არ უნდა განიცადო და იგი სხვას უნდა გადააწოდო. ყოველ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო. როდესაც მე კარგად ვთამაშობ, მცველებს და ნახევარმცველებს საქმე უადვილდებათ და ისინი ამის გამო ხშირად მადლობას მიხდიან. მეტოქე გუნდის მცველები კი მეუბნებიან, რომ არასოდეს ვწყვეტ სირბილს და არასოდეს ვიღლები. ეს კი მმატებს სურვილს უფრო მეტი ვირბინო და დავეხმარო გუნდს.
- თქვენ უნდა ამაყობდეთ იმით, რომ არასოდეს აგდებთ თამაშის ტემპს...
- დიახ... მე მეუბნებიან, რომ რთული მოწინააღმდეგე ვარ. მაგრამ ეს უბრალოდ ჩემში ზის, ყოველთის ბოლომდე უნდა დავიხარჯო.
- თქვენი დები, ვანესა და ეველინიც ისეთივე სწრაფები არიან როგორიც თქვენ ხართ?
- ვანესა ძალიან ჩუმი და გაწონასწორებულია. ეველინი კი პირიქით აქტიური, უყვარს ფეხბურთი და ყველა სხვა სახის სპორტი.
- ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
- დიახ.
- როგორი იყო თქვენი სახლი პერდრიელში? თქვენ და თქვენი დები ერთ ოთახში ცხოვრობდით?
- სასადილო და საცხოვრებელი ოთახი გაერთიანებული იყო. როდესაც პატარა ვიყავი დებთან ვიყოფდი ოთახს.
- ეს ხომ საშინელებაა ბიჭისათვის?
- სხვა გამოსავალი არ იყო და სიმართლე გითხრათ არც მაწუხებდა, რადგან თავიდანვე მივეჩვიე. როდესაც 13-14 წლის გავხდი, მამამ და ბაბუამ დაანგრიეს კედელი, რომლის წყალობითაც მე მივიღე საკუთარი ოთახი.
- როგორი იყო ახალი ოთახი? ფეხბურთელების პოსტერებით გქონდათ კედელი გაფორმებული?
- ძალიან პატარა ოთახი იყო. მცირე კარადით, 14 დიუმიანი შავ-თეთრი ტელევიზორით და საწოლით. ფანჯრიდან ეზო ჩანდა, კედლებზე ჩემი სურათები იყო გაკრული. საწოლზე კი მიწეპებული მქონდა როსარიო ცენტრალის, ჩემი ოცნების გუნდის ღერბი.
- მართალია, რომ დედათქვენს თქვენი რომელიმე სპორტულ წრეში ჩაწერა იმიტომ შესთავაზეს, რომ ჰიპერაქტიური იყავით?
- დიახ, სწორედ ასე იყო. როდესაც 4-5 წლის ვიყავი, დედას მობეზრდა იმის ყურება, თუ როგორ ვამტვრევდი ყველაფერს სახლში. დედამ ექიმთან წამიყვანა და სწორედ მაშინ ურჩიეს, შევეყვანე რომელიმე სპორტულ წრეში. ზუსტად 4 წლის ვიყავი, როდესაც დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ კლუბში.
- რომელ "ხულიგნობას" გაიხსენებდით ბავშვობიდან?
- დედაჩემს უყვარს ამის მოყოლა. როდესაც ერთი წლის ვიყავი, ე.წ. ჭოჭინა მქონდა და იმით დავდიოდი. ამ დროს ახალ სახლში გადავედით, რომელიც კარგ მდგომარეობაში არ იყო. როდესაც უფროსები სახლს ალაგებდნენ მე ეზოში მდებარე ჭისკენ გავექანე, სადაც ჩავარდი კიდეც, მადლობა ღმერთს მშობლებმა დროზე მოასწრეს ჩემი ამოყვანა.
- დედათქვენი ახსენეთ, სწორედ მას მიყავდით სავარჯიშოდ ველოსიპედით...
- დიახ, ჩვენი სახლიდან სავარჯიშო სტადიონი 4 კვარტალით იყო დაშორებული და შესაბამისად ან ფეხით გვიწევდა სიარული ან ველოსიპედით. ხშირად კი ჩემს თანაგუნდელებს ან მწვრთნელებს მივყავდი მანქანით, რადგან პარალელურად მამას ვეხმარებოდი საწყობში.
- დედათქვენიც ქვანახშირის საწყობში მუშაობდა?
- დიახ. მას ძლიან უჭირდა, როდესაც პატარა ვიყავი. მაგრამ ოჯახში ფულის შემოტანა იყო აუცილებელი. დიასახლისის მოვალეობას კი ვანესა ასრულებდა, რომელიც ძალიან ადრე გაიზარდა და დაჭკვიანდა. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ოჯახისათვის.
- რას გაიხსენებდით დედასთან ერთად სავარჯიშოდ მგზავრობის შესახებ?
- ძალიან კარგი დრო იყო. როდესაც როსარიო ცენტრალში გადავედი 6 წლის ვიყავი და სტადიონამდე ველოსიპედით 30 წუთის განმავლობაში მივდიოდით, მაგრამ მე მაინც მიხაროდა, რადგან საოცნებო გუნდის ღირსებას ვიცავდი. წვიმის დროს რა თქმა უნდა ყველაფერი რთულდებოდა, მაგრამ უამინდობა ხელს მაინც ვერ მიშლიდა.
- თქვენ და დედათქვენი ერთად მიდიოდით სავარჯიშოდ წვიმაში?
- დიახ.
- მოგვიყევით ამის შესახებ...
- მე უკანა "სავარძელზე" (თუ შეიძლება ამ რაღაცას სავარძელი ვუწოდოთ) ვიჯექი, ჩემი პატარა და კი სპეციალურ სკამზე, რომელიც საჭეზე იყო დამაგრებული. აი ასე დავდიოდით ჩვენ სამნი სავარჯიშოდ. ეს 30 წუთი ისე იწელებოდა, დაახლოებით 7 წლის ტოლფასი იყო.
- და როგორ გადაუხადეთ დედას გაწეული სამუშაო?
- როგორც კი საშუალება მომეცა სახლი ვუყიდე მას. ის ძალიან ბედნიერია ჩემი წარმატებით, როგორც კლუბში ასევე ნაკრებში.
- ახალგაზრდობაში თქვენ განიცდიდით, რომ ოჯახში არ იყო ბევრი ფული და რაც იყო ისიც, თქვენს ბუცებზე და საფეხბურთო ეკიპირებაზე იხარჯებოდა, ამის გამო კი თქვენი დები ნაკლებ აჩუქარს იღებდნენ...
- დიახ ასე იყო, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რომ იმ სითბოს და ამაგს, რაც მათ ჩემ მიმართ გაიღეს უკან ვუბრუნებ.
- ალბათ ისინი ამაყობენ იმით, რომ მათი ამაგის წყალობით, თქვენ ამხელა წარმატებას მიაღწიეთ. ალბათ საუკეთესო საჩუქარი თქვენგან სწორედ ეს არის, არა?
- დიახ. არ ვიცი რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, რომ ჩემი ოჯახის წევრებს დავუბრუნო ის სითბო, რომლითაც მთელი ცხოვრების მანძილზე მამარაგებენ. განსაკუთრებით კი პირველი 19 წლის განმავლობაში, სანამ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდებოდი. ახლა კი შემიძლია ჩემი მშობლების და დების ნებისმიერი სურვილი შევასრულო.
- მოდით ახლა "პერდრიელის ბანდაზე" ვისაუბროთ, შემახსენეთ ვინმე თუ გამომრჩება. ალექსისი, ნიკოლასი, ბაირინი, ხერე, მაური, დიეგო და ანხელი. ეს თქვენი მეორე ოჯახია, არა?
- დიახ ესენი ჩემი მეგობრები არიან, მათ ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, სანამ წარმატებას მივაღწევდი. ისინი მოდიოდნენ ჩემი თამაშის საყურებლად, როდესაც როსარიო ცენტრალში ვთამაშობდი. ისინი მილოცავდნენ ყოველი მატჩის შემდეგ და ახლაც ასე გრძელდება. რამდენიმე მათგანი უკვე იყო ბერნაბეუზე და ტრიბუნებიდან ადევნებდნენ მატჩს თვალს, მომავალში დანარჩენებიც აუცილებლად ჩმოვლენ. თუმცა ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ისინი არ ტოვებენ მადრიდის რეალის არც ერთ მატჩს და თვალს ადევნებენ ტელევიზორის საშუალებით.
- როგორი უნდა იყოს ადამიანი, იმისათვის, რომ თქვენი მეგობარი გახდეს?
- ჩემი მეგობარი აუცილებლად უნდა იყოს თავმდაბალი. ყველაზე მეტად სწორედ ამ ღირებულებას ვაფასებ ადამიანში.
- ჩემი აზრით ნამდვილი მეგობრობა გასაჭირში გამოიცდება. თქვენ დასაწყისში ახსენეთ, რომ თქვენს მეგობარს ხერეს, მძიმე პერიოდი უდგას, რადგან მისი ბაბუა გარდაიცვალა...
- მართალი ხართ. მთელი ღამე ჩემი მეგობრები მასთან იყვნენ და მხოლოდ გამთენიისას დატოვეს ხერეს სახლი. ისიც იმიტომ, რომ მოწესრიგებულიყვნენ და დაკრძალვაზე მის გვერდით ყოფილიყვნენ. მე ვეცადე მისთვის დამერეკა, მაგრამ არ მპასუხობდა. შემდეგ შეტყობინება გავუგზავნე და მისგან პასუხად მივიღე, რომ არ შეეძლო პასუხის გაცემა და მადლობას მიხდიდა მხარდაჭერისათვის. ჩემთვის კი მთავარი ის არის, რომ გასაჭირში მასთან ვერ ვარ და ამ გზით მაინც გამოვხატე ჩემი მწუხარება მისი ბაბუის გარდაცვალების მიმართ.
- მოგვიყევით დაუვიწყარი მოგონების შესახებ, რომელიც მეგობრებთან ერთად გადაგხდათ...
- ძალიან ძნელია მარტო ერთი რაღაც გავიხსენო, რადგან ბევრი რამ გადაგვხდა, ჩვენ ხომ დღე და ღამე ერთად ვიყავით. სკოლიდან სახლში სწრაფად ავრბოდი, წიგნებს ვტოვებდი და ეზოში ჩავდიოდი. ყველაზე მეტად კი ის დღე დამამახსოვრდა, როდესაც ლისაბონიდან პირველად დავბრუნდი. საახალწლოდ დავბრუნდი არგენტინაში და ისინი უკვე ჩემთან იყვნენ, მელოდებოდნენ. შვებულების 4 დღე გავატარე არგენტინაში და თვალი არ მომიხუჭავს, სულ მათთან ერთად ვიყავი. ეს დაუვიწყარი იყო, როდესაც 6 თვის შემდეგ სახლში დავბრუნდი და იქ მეგობრები დამხვდნენ.
- თქვენს "ბანდაში" ყველას აქვს ერთნაირი ტატუ "La banda de la Perdriel", ვისი იდეა იყო ეს?
- ეს პორტუგალიაში გამგზავრებამდე მოხდა, ზაფხულს ერთად ვატარებდით და ერთხელ მეგობრებს შევთავაზე, რომ გაგვეკეთებია ტატუ, რომელიც შეგვახსენებდა, რომ რაც არ უნდა შორს ვყოფილიყავით ერთმანეთისაგან, მაინც სამუდამოდ მეგობრები ვიქნებოდით და გვემახსოვრებოდა ერთმანეთი და თან არ დაგვავიწყდებოდა, რომ პერდრიელიდან მოვდივართ. დამთავრებული არ მქონდა წინადადება, რომ თანხმობა მომცეს, 4-მა ჩვენგანმა იმ დღესვე გაიკეთა ტატუ, სამმა მეორე დღეს. რამდენიმეს მშობლის ხელწერილის მიტანა დასჭირდა, რომელშიც ეწერა, რომ ისინი აძლევდნენ უფლებას თავიანთ შვილებს გაეკეთებიათ ტატუ. როდესაც ვიკრიბებით, რომელიმე მაინც გაიხსენებს იმ პერიოდს და შემდეგ ვიცინით, როგორი ჭკუამხიარულები ვიყავით მაშინ.
- თქვენი მეგობრებიდან ყველაზე კარგად თვენ თამაშობდით ფეხბურთს?
- რამდენიმე მათგანს ჰქონდა პოტენციალი.
- ზიდანს და პარდისას უნდა დაველაპარაკოთ!
- ყველაფერს ბედი უნდა... მე 7 წლიდან ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვასპარეზობდი, რამაც პროგრესის საშუალება მომცა. ჩემი მეგობრები კი 22-23 წლამდე აგრძელებდნენ ფეხბურთის თამაშს, მაგრამ არც ერთმა კლუბმა არ მოაწერა მათთან კონტრაქტს ხელი, ამიტომ სხვა საქმის შესწავლა მოუხდათ.
- და რას აკეთებენ ახლა თქვენი მეგობრები?
- ერთი სპორტულ მაღაზიაში მუშაობს, მეორე მოტოციკლების წარმოებელ ქარხანაში, კიდევ ერთი კი ფაბრიკაში მუშაობს, ხან ქვს მას სამუშაო ხან არა, ამიტომ ხშირად უჭირს მას. დანარჩენებიც მუშაობენ, ზოგი მამასთან, ზოგი ფაბრიკაში, ზოგიც მაღაზიაში.
- თქვენ გაგიმართლათ და ფეხბურთელი გახდით. მართალია, რომ როსარიო ცენტრალმა ტორიტოსგან 40 ბურთის სანაცვლოდ შეგიძინათ?
- დაახლოებით ეგრე იყო. 30-35 ბურთში გამცვალეს.
- გასაოცარია. მე თქვენ მოგცემთ 40 ბურთს, თქვენ კი მოგვეცით ბავში, რომელიც არასოდეს ანებებს თავს სირბულს...
- დიახ ეს როსარიოსან მატჩის შემდგომ მოხდა. თუ მოვიგებდით ჩემპიონები გავხდებოდით. იმ შეხვედრაში 2:0 მოვიგეთ, მე კი გოლი გავიტანე ქუსლით. მაშინ სულ რაღაც 7 წლის ვიყავი.
- ვერ ვიჯერებ...
- დავარტყი ქუსლით და ბურთი კარში აღმოჩნდა. იმ მომენტში ყველაზე ბედიერი ვიყავი, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა.
- თქვენ მოხვდით როსარიო ცენტრალში, სადაც თამაშობდა თქვენი კუმირი კილი გონსალესი...
- დიახ ის ჩემი კუმირი იყო. ყოველთვის ვაკვირდებოდი მის გამოსვლას ეროვნულ ნაკრებში. როსარიო ცენტრალშიც მის პოზიციაზე ვთამაშობდი. მე მიმაჩნდა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელშიც ცხოვრობდა სპორტული სული და ვფიქრობდი, რომ მეც მქონდა მისი შესაძლებლობები. ბედნიერი ვარ, რომ მეღირსა და ვითამაშე ჩემი კუმირის გვერდით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მან მითხრა: "ყოჩაღ ანხელიტო!"
- რას გაიხსენებთ იმ სეზონიდან, როდესაც კილისთან ერთად მოგიწიათ თამაში?
- ის მეჩხუბებოდა ხოლმე. მე მის წინ ვთამაშობდი და გვევალებოდა ერთად გაგვეკონტროლებია კონკრეტული პოზიცია, მე კი ამას არ ვაკეთებდი, ამიტომ მას ორი კაცის საქმის კეთება უწევდა. რადგან ამას არ ვაკეთებდი ის მიყვიროდა: "სულელო! უკან დაბრუნება ნუ გავიწყდება!" მე ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან და ხშირავ ვეკონტაქტები. ბედნიერი ვარ, რომ მასთან თამაშის საშუალება მომეცა.
- თქვე თამაშობდით ორ გუნდში, თქვენს კლუბში და იქ სადაც თქვენი მეგობრები ასპარეზობდნენ. ეს ყველაფერი იქამდე გრძელდებოდა, სანამ მსაჯმა არ შეამჩნია...
- მე ყოველთვის კვირას ვთამაშობდი, ჩემი მეგობრები კი სხვა დღეს. ერთხელ მათ მთხოვეს მეთამაშა მათთან ერთად, მე შემეშინდა და ვიკითხე: "რა მოხდება რომ მიცნონ? მათ კი მიპასუხეს: "ნუ გეშინია, ვერავინ გიცნობს." მოკლედ დამითანხმეს და მათამაშეს კიდეც. პირველი მატჩი მოვიგეთ და მეც კარგად ვითამაშე. მეორე მატჩში ვიღაცამ მიცნო და მსაჯს შეატყობინა. მე ისე შემეშინდა, უბრალოდ გაქცევა მინდოდა. მსაჯი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ის ადამიანი შეცდა და თამაშის გაგრძელება შემეძლო. თამაშის დროს შეცვლა მოვითხოვე და როდესაც ახალი მოთამაშე შევიდა. მე ღობეზე გადავხტი და გავიქეცი, გარეთ ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მელოდებოდა, რომელიც ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. ამის შემდეგ მეგობრების გუნდში აღარ მითამაშია.
- ამ ყველაფერს თქვენი მეგობრებისათვის აკეთებდით არა?
- მაშინ 14 წლის ვიყავი და მეგობრბეთან თამაში მინდოდა მაგრამ ამის უფლება არ მქონდა, აგრეთვე ეს იყო ყველაზე დიდი გაკვეთილი ჩემს ცხოვრებაში.
- ამის შემდეგ იყო ევროპა...
- იქ მამასთნ ერთად წავედი. დედა და დები აგენტინაში დარჩნენ. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან ვხედავდი როგორ ტიროდა მამაჩემი, იმის გამო, რომ ევროპაშუ უნდა დავრჩენილიყავი და ვეღარ მნახავდა ხშირად. ამიტომ მამა თავიდან ჩემთან დარჩა. ბენფიკაში გადასვლისას დამპირდნენ, რომ სათამაშო დროს მომცემდნენ, თუმცა თავიდან განაცხადშიც კი ვერ ვხვდებოდი და თუ ვხვდებოდი, თამაშის საშუალება არ მეძლეოდა. რაც ცუდი იყო ჩემი პროგრესისათვის. ძალიან მიჭირდა და ვწუხდი, არა იმის გამო, რომ სათამაშო დრო არ არ მქონდა, ასეთი რამ ხდება ფეხბურთში, არამედ იმის გამო, რომ მამაჩემი განიცდიდა, რომ დედასგან ასე შორს იყო.
- ამ პერიოდში ბევრი რამ ისწავლეთ?
- დიახ, ასეთი რამ ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ადამიანს.
- ორჭოფობდით? გინდოდათ წასულიყავით თუ ბრძოლას აგრძელებდით?
- სანამ კონტრაქტს მოვაწერდი ხელს, მამაჩემს ვუთხარი მუშაობისთვის თავი დაენებებია და გამომყოლოდა პორტუგალიაში. მამამ მითხრა, რომ მთელი ოჯახით გადმოვიდოდით პორტუგალიაში, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მან შეძლო წამოსვლა. საბოლოო ჯამში არ ვნანობ ამას, რადგან ჩემი დები სწავლობენ და თავიანთ ცხოვრებას აწყობენ, არასამართლიანი იქნებოდა ჩემ გამო მათ თავი დაენებებიათ.
- თქვენი ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭრით ბენფიკაში დაიწყეთ თამაში, თქვენზე ალაპარაკდა ევროპა და საბოლოოდ შეიტყვეთ, რომ თქვენთან კონტრაქტის გაფორმება მადრიდის რეალს უნდოდა. რა რეაქცია გქონდათ ამ ინფორმაციის გაგონებაზე?
- გამიხარდა, მაგრამ ეიფორიაში არ ჩავვარდნილვარ. კარგი სეზონი მქონდა, მართალია ჩემი ოჯახი შორს იყო, მაგრამ ახლოს იყო ჯორჯილინა. მოკლედ ყველაფერი კარგად იყო და ზუსტად ამ პერიოდში მომივიდა შემოთავაზება მადრიდიდან.
- რა იგრძენით, როდესაც რეალთან მოაწერეთ კონტრაქტს ხელი?
- ვერ ვიჯერებდი, რომ მადრიდის რეალში მომიწევდა თამაში. მეგობრები ხშირად მეკითხებოდნენ ვაცნობიერებდი თუ არა სად უნდა მეთამაშა. ჩემმა ცოლმა მომიყვა, რომ ჩემი მეგობარი ნიკო სიხარულისგან ტიროდა, როდესაც მე სანტიაგო ბერნაბეუზე დამინახა. ჩემი მეგობრები ამაყობენ ჩემით და სწორედ ამიტომ ვიხარჯები ბოლომდე. ვიცი, რომ ისინი უყურებენ რეალის თამაშებს და არ მაქვს უფლება მათ იმედები გავუცრუვო.
- აცნობიერებთ, რომ ბერნაბეუს უყვარხართ? გულშემატკივრები დიდ პატივს სცემენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც თეთრი მაისურისათვის ბოლომდე იხარჯებიან...
- როდესაც მოედანზე გავდივარ გულშემატკივრები აპლოდისმენტებით მხვდებიან და ჩემს სახელს სკანდირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ხედავენ, რას აკეთებ გუნდისთვის და გიფასებენ კიდეც.
- რას იტყვით მადრიდის რეალზე, როგორ გამოიყურება გუნდი მიმდინარე სეზონში?
- გასულ სეზონთან შედარებით გუნდი გაცილებით კარგად გამოიყურება. უფრო შევთამაშდით, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გოლს, მთავარია დავეხმაროთ ერთმანეთს. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს ისინიც ძალიან კარგად შეეწყვნენ გუნდს. მაგალითად, როდესაც ფაბიო გამოდის მოედანზე, ის ბრწყინვალედ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
- როგორი ატმოსფერო სუფევს გუნდში?
- ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთში და შესაბამისად ატმოსბეროც ბრწყინვალეა.
- ეს ყველაფერი ჟოზე მოურინიოს წყალობით. ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც გიმუშავიათ?
- მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ მან შემომთავაზა მადრიდის რეალში გადმოსვლა და ეს კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია იმისათვის, რომ ბოლომდე დავიხარჯო მოედანზე და დავუმტკიცო ჟოზეს, რომ ის ჩემში არ ცდებოდა
- რა მისცა ამ გუნდს ჟოზე მოურინიომ?
- ყველაფერი. მას ინდივიდუალური მიდგომა აქვს ყველა ფეხბურთელთან, არ აქვს მნიშვნელობა ძირითადის მუდმივი წევრია თუ არა. მისი სიტყვები ყოველთვის გვამხნევებს. როდესაც ბეტისთან სათამაშოდ შემიყვანა მითხრა: "მიდი, წინ, მოედანზე!" ამ სიტყვებმა ძალა შემატეს და მოტივაცია ამიმაღლეს.
- თქვენ წინა სეზონში იზეიმეთ სიბელესზე, ახლა წარმოგიდგენიათ თავი სეზონის ბოლოს თასით ხელში?
იმედი მაქვს კვლავ დავბრუნდებით იქ, ოღონდ არა ერთხელ, არამედ ორჯერ ან სამჯერ (შეგახსენებთ ინტერვიუს დროს, მადრიდის რეალი ასპარეზობდა სამივე ტურნირზე). ამისათვის კი ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, პირველ რიგში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ ყოველ მატჩში.
- თქვენი ყველაზე დაუვიწყარი მომენტი მადრიდის რეალში, სამეფო თასის ფინალია?
- ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი სწორედ ეგ იყო, როდესაც რონალდოს გავუკეთე საგლე პასი. თუმცა სხვა კარგი მატჩებიც ჩავატარე.
- ოდესმე გიტირიათ ფეხბურთის გამო?
- არა რასოდეს მიტირია. მართალია თვალები ცრემლებით მევსება მაგრამ.... არა გატყუებთ ერთხელ ვიტირე. ეს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე იყო, როდესაც ტრავმა მივიღე ნახევარფინალში. გუნდისათვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი ვიყავი, შემეძლო თამაშის საკუთარ თავზე აღება. 4 მატჩში 3 გოლი მქონდა გატანილი და ფინალის გამოტოვება ძალიან მტკივნეული იყო.
- თქვენ ძალიან ემოციურად ლაპარაკობთ ახლობლებზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე და რაღა თქმა უნდა ჯორჯელინაზე. რა მოიტანა მან თქვენს ცხოვრებაში?
- ჯორჯელინამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიყვარული მოიტანა. მან თავისი თავი მომიძღვნა მე, იმისათვის რომ ვყოფილიყავი მშვიდი და ბედნიერი. ის ყოველთვის მხარს მიჭერს და ზრუნავს ჩემზე. ხშირად "ტვინსაც მიბურღავს", სანამ რამეს არ გავაკეთებ, მაგრამ ის მუდამ ჩემ გვერდით არის, როგორც ლხინში ასევე გასაჭირში.
- ერთი თვის წინ ვესტუმრე იმ ადგილს, სადაც დავიბადე. იქ პატარა სტადიონია, სადაც ბავშვები თამაშობდნენ ფეხბურთს. ერთ-ერთმა გოლის გატანის შემდეგ გააკეთა გული, რომლითაც თქვენ ყოველ გოლს მეუღლეს უძღვნით.
- ამის გაკეთება ჯერ კიდევ პორტუგალიაში დავიწყე. მაშინ როდესაც მე მიჭირდა, ის გვერდით მედგა და არ მტოვებდა. ამიტომ ეს ჟესტი არის ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც შემიძლია მისთვის. ამით ვაჩვენებ მას, რომ ყოველთვის ჯორჯელინაზე ვფიქრობ.
- თქვენ დაქორწინდით, მაგრამ არ გქონდათ თაფლობის თვე. ასეთი რამ როგორ შეიძლება?
- ეს ყველაფერი მოურინიოს "დამსახურებაა" კოპა ამერიკადან არგენტინა ადრე გამოვარდა და მოურინიომ უფრო მეტი დრო მომცა დასასვენებლად, ვიდრე პიპიტას, შესაბამისად მქონდა დრო მომეყვანა ცოლი, თუმცა თაფლობის თვეზე აღარ მეყო, მიუხედავად ამისა მადლობას ვუხდი ჟოზეს. რაც შეეხება თაფლობის თვეს, მომავალ წელს აუცილებლად გვექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯორჯელინა მომკლავს. (იცინის)
- ახლა კი დაგისვამთ კითხვებს, რომლებიც Facebook-ზე მოგვწერეს ფანებმა...
- დიახ, დიახ, ყოველთვის ვაქცევ ამ კითხვებს ყურადღებას.
- ამ კითხვების ნაწილზე უკვე გაეცით პასუხი, მაგრამ ზოგზე ჯერ არ გიპასუხიათ. მაგალითად ერთ-ერთი გულშემატკივარი გეკითხებათ: "გამარჯობა დი მარია, გწერთ ნიუ-იორკიდან. მაინტერესებს, რომელია თქვენი საყვარელი გოლი მადრიდის რეალის რიგებში?
- ჩემი საყვარელი გოლი არის დეპორტივოს კარში თავით გატანილი ბურთი, რადგან ეს იყო პირველი გოლი, რომელიც ამ ოთხი წლის მანძილზე გავიტანე.
- ეს იყო პირველი თავით გატანილი გოლი თქვენს კარიერაში?
- დიახ.
- კარგად სწავლობდით?
- საშინლად.
- რას აკეთებთ, როდესაც მოწყენილი ხართ?
- ჩემი მეუღლე არის გვერდით და მეხმარება ხასიათის გაუმჯობესებაში.
- მადლობას გიხდით მობრძანებისათვის და საინტერესო ინტერვიუსათვის.
- პირიქით მადლობა თქვენ.
- 12 მარტი 2012
- 4 275
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.