ტრავმები, ტრავმები, ტრავმები...
ეს ინფორმაცია ცხადია, არასასიამოვნოა, მაგრამ ახლა უფრო იწვევს ჩვენში და ზოგადად ყველა მადრიდისტაში გულისწყვეტას. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჯერ ყურადღებას ქარიმ ბენზემაზე გავამახვილებ. ფრანგი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაში შევიდა ბოლო ხანებში და ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ყოველივე ამას გონსალო იგუაინის არასტაბლიურობამაც შეუწყო ხელი. არგენტინელმა „ბარსელონასთან“ სუსტი თამაშის შემდგომ, პრაქტიკულად რამდენიმე წუთი დაჰყო მოედანზე. 21 თებერვალს „ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი ჩაატარა მოსკოვში ადგილობრივ „ცსკა“-სთან. ცხადია, ფავორიტად ყველა „მერენგებს“ მიიჩნევდა, მაგრამ რუსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მადრიდელებს არ მოეგოთ, ყოველივე ამას კი ამინდმა და არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფმა ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა შეუწყო ხელი. საბოლოოდ მატჩი ფრედ - 1-1 დასრულდა. შეიძლება ეს დიდი ტრაგედია სულაც არ არის, მაგრამ ამ შეხვედრაში უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ქარიმ ბენზემამ პირველი ტაიმის საწყის წუთებშივე კუნთი სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაიჭიმა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. შეხვედრის დასრულებიდან დღემდე არ ვრცელდება ოფიციალური სამედიცინო დასკვნა დაზიანების შესახებ, თუმცა მადრიდულ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბენზემა 3 კვირას იუქმებს. ცხადია, ეს უდიდესი დანაკლისი გახლავთ, რამეთუ პიპიტა კარგი თამაშით ვერ დაიკვეხნის ბოლო მატჩებში და მის გარდა „რეალს“ პრაქტიკულად ცენტრფორვარდი არ ჰყავს, თუ არ გავითვალისწინებთ „კასტილიელებს“, მაგრამ ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორ „უსწორდებიან“ კანტერანოებს სამეფო კლუბში. ფრანგის არყოფნა ჟოზე მოურინიოს უდიდესი პრობლემების წინაშე დააყენებს, თუკი იგუაინმა თამაშის ხარიხი არ გამოასწორა...
რაც შეეხება ანხელ დი მარიას, ყველაფერი პირველ წრეში დაიწყო. „ოსასუნასთან“ მატჩში, არგენტინელმა ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარა, გააკეთა სამი საგოლე გადაცემა, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისშივე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და თითქმის ერთი თვე იუქმა. დაბრუნებიდან პირველივე მატჩში ბრწყინვალედ იასპარეზა, ასე ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა, თუმცა ვარჯიშისას ტრავმა გაიმიზეზა და პრაქტიკულად ორი თვე მოუწია „დასვენება“. ანხელმა ტრავმა მოიშუშა, მაგრამ მოურინიომ მას მაინც არ მისცა მოედანზე გასვლის საშუალება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა „რასინგთან“ შეხვედრის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ანხელი სრულიად გამოჯანმრთელებულია. იგი წინა შეხვედრებისთვისაც იყო მზად, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით ვარჩიე რეაბილიტაციისთვის მეტი დრო მიმეცა. ამით ყოველგვარი ზედმეტი პრობლემისგან თავს დავიზღვევ.“ როგორც ხედავთ, მოურინიოს სიფრთხილე სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. დი მარია სანტანდერულ კლუბთან მეორე ტაიმის შუაში გამოვიდა, რამდენიმე წუთში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა და „ინჩასები“ ძლიერ გაახარა, მაგრამ ამ სიხარულმა მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა... მატჩის მიწურულს ისევ და ისევ უწყინარ სიტუაციაში მან კიდევ ერთხელ მიიღო ტრავმა და მოედნის დატოვება მედიკოსების დახმარებით მოუწია. ბენზემას მსგავსად, არც ანხელის სამედიცინო დასკვნა ქვეყნდება დღემდე, თუმცა კულუარული ინფორმაციით იგი ერთ თვეს იუქმებს.
წინა სეზონში ბევრი უკმაყოფილო იყო დი მარიას თამაშით, თუმცა პირადად ჩემთვის, ანხელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ კრიშტიანო რონალდოს შემდგომ. არგენტინელმა ეს სეზონიც საოცრად დაიწყო, სულ რამდენიმე მატჩში 13 საგოლე გადაცემა შეასრულა და 5 გოლიც გაიტანა(საუბარია „ლა ლიგაზე“). რომ არა ტრავმები, დარწმუნებული ვარ ანხელი ორივე მაჩვენებლს გაზრდიდა. შეიძლება ბევრმა არც მიაქცია ყურადღება, თუმცა მოურინიომ ერთ-ერთ შეხვედრაში დი მარია გამთამაშებლად, ანუ ტიპიურ „ათიანად“ ათამაშა და პირადად ჩემში, მისმა ასპარეზობამ უდიდესი გაოცება გამოიწვია, „ელ ანგელიტომ“ არათუ ტოლი არ დაუდო კაკასა და ოზილს, შესაძლოა აჯობა კიდეც. ალბათ, ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ დი მარიას ყოფნისას „რეალის“ თამაში უფრო მრავალფეროვნდება და ლამაზდება...
იმედი ვიქონიოთ, რომ დი მარია და ბენზემა მალე დაბრუნდებიან და კვლავაც განაგრძობენ მადრიდული ინჩადის გახარებას, მათ დაბრუნებამდე კი მათი შემცვლელების გაბრწყინება ვისურვოთ....
- 27 თებერვალი 2012
- 3 614
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.