El bueno, el malo y el feo
ზუსტად 180 წუთი დაჭირდა კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირას (ჩვენთვის უბრალოდ პეპეს), რომ თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე სასტიკი ფეხბურთელების სიის სათავეში მოხვედრილიყო.
უკანასკნელი კლასიკოს შემხედვარე მარკო მატერაცი ალბათ ფეხზედამდგარი აპოდისტმენტებს არ დაიშურებდა, ჯოუი ბარტონი მოიწყენდა, დე იონგი განრისხებული ტელევიზორს დაამტვრევდა (რა თქმა უნდა გაშლილი ფეხის დარტყმით), ხოლო ვან ბომელი მიხვდებოდა, რომ პენსიაზე გასვლის დრო დაუდგა. ოდესმე გსმენიათ, რომ ფეხბურთელის ქმედება ევროპარლამენტში მოსმენაზე მიეღოთ? მართალია კატალონიელი დეპუტატების ამ პიარქმედებისგან არაფერი გამოვიდა, მაგრამ თვითონ ფაქტი ნამდვილად აღნიშვნის ღირსია.
ასეთი განსხვავებულია პეპე - კარგი, ცუდი, ბოროტი (El bueno, el malo y el feo - ესპ.). ბრწყინვალე - ტაქტიკურად განათლებული მცველი (თუ საჭიროება მოითხოვს ჩამშლელი ნახევარმცველიც). სამაგალითო - სანიმუშო (მე ვიტყოდი, გერმანული პედანტურობის მსგავსი) დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ, არასდროს ხვდება არასასიამოვნო სიტუაციაში საფეხბურთო მოედნის გარეთ. ძნელია შეაფასო მისი მნიშვნელობა მადრიდული გუნდისთვის - იგი უკვე თავისუფლად შეგვიძლია "ბლანკოსის" ვეტერანად ჩავთვალოთ, რომელიც აგერ უკვე ხუთი სეზონია თეთრების ღირსებას იცავს. საკმარისია გავიხსენოთ კასკეროს ეპიზოდი და დისკვალიფიკაცია, რომელიც პეპემ მიიღო. დაცვა წამიერად გასასვლელ კარებს დაემსგავსა, ხუანდე რამოსის გუნდმა, პეპეს არ ყოფნაში, მოახერხა და სეზონის ფინიშზე ზედიზედ 5 მატჩში დამარცხდა. ამ თამაშებში "რეალმა"17 (!) გოლი მიიღო საკუთარ კარში. აქედან 9 ბერნაბეუზე, 6 - "ბარსელონას", ხოლო დარჩენილი 3 "მალიორკას" ანგარიშზეა.
2011 წლის პირველ კლასიკოზე "განსაკუთრებულის" ტაქტიკური სიახლე ვიხილეთ - პეპე, თავის მადრიდულ კარიერაში, პირველად გამოვიდა მოედნის ცენტრის დასაცემენტებლად და ვაღიაროთ, რომ მან ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. ეს იყო გეგმა "ანტი-მესი", და გეგმამ იმუშავა.
მაგრამ უკანასკნელმა ორმა კლასიკომ, ბრაზილიელ-პორტუგალიელის მიმართ დამოკიდებულება არათუ ნეიტრალურ, არამედ მადრიდულ პუბლიკასაც კი შეუცვალა. გამოგიტყდებით, მეც საკმაოდ გავცხარდი და ისიც კი ვიფიქრე, რომ იგი უნდა დაესაჯათ და უკიდურეს შემთხვევაში მადრიდული კლუბიდანაც გაეშვათ, მაგრამ ეს უფრო ემოცია და წყენა იყო, რომელიც პირველი მატჩში დამარცხებამ გამოიწვია. ესპანეთში მას მოიხსენიებენ როგორც "El Carnicero", რაც პირდაპირ თარგმანში ყასაბს ნიშნავს. უკანასკნელი ვინც ამ ზედმეტსახელს ატარებდა იყო ბასკი ანდონი გოეკოეჩია, რომელმაც თანმიმდევრულად ლაზარეთის გზას ჯერ მარადონა, შემდეგ ბერნდ შუტერი და ბოლოს ემილიო ბუტრაგენიო გაუყენა (ესეც კი არასრული ჩამონათვალია).
მსგავსი ტიპის ფეხბურთელები ფეხბურთში ყოველთვის იყო და პრაქტიკულად ყოველ კლუბში. ერიკ კანტონა, ედგარ დავიდსი, ედმუნდო, ამ სიაში ერთის მხრივ ჯენარო გატუზოს შეყვანაც შეგვიძია და ა.შ. ასეთები არც კატალონიურ კლუბს აკლდა - იგივე ჰრისტო სტოიჩკოვი, რომელმაც კარიერის განმავლობაში ორი ათეულამდე გაძევებას მოუყარა თავი. ცხადია არა არბიტრთან კამათისთვის. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ 95 წლის კლასიკო, როდესაც ბულგარელი ბოროტად დაახტა მწოლიარე კიკე სანჩეს ფლორესს, რის გამოც მოუწია კიდევაც მატჩის ნაადრევად დატოვება. არც რონალდ კუმანი გამოირჩეოდა მხოლოდ დიდებულად შესრულებული ჯარიმებით.
რა თქმა უნდა ამხელა ისტორიის მანძილზე, უხეში ფეხბურთელები, მადრიდშიც მრავლად იყვნენ. მინდა შემოგთავაზოთ პეპეს მეტნაკლებად ცნობილი წინამორბედები.
ეს გრეგორიო ბენიტოა, 70-ანი წლების ერთ-ერთი "ეპიკური" დამცველი. თუ ისტორიას დავუჯერებთ, იშვიათად თუ გამოსდიოდა ვინმეს მისი მოტყუება, მაგრამ ვინც ახერხებდა სავადმყოფოსკენ იღებდა ბილეთს. განსაკუთრებით მისგან იოჰან კრუიფს ხვდებოდა.
მის სახელს, ყოველი საშინაო მატჩის მეშვიდე წუთზე სკანდირებს სტადიონი: "Illa illa illa, Juanito maravilla"
ვინც ვერ მიხვდა, ეს ლეგენდარული ხუანიტოა, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლოთარ მათეუსი არ დაინდო (Video).
ამ კაცის სახელის და გვარის შეხსენება კი ალბათ არავის დასჭირდება, იგი ყოველთვის რაინდულ ერთგულებასთან ასოცირდება. მაგრამ თავის ორ-სამ წითელ ბარათს იგი სეზონში რეგულარულად იღებდა. შეეძლო ფეხზეც გადაერა და საჭიროების შემთხვევაში სახეში დარტყმაც არ დაეკლო.
ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ფეხბურთელების შედარება, მაგრამ "სასტიკი" ფეხბურთელები ისტორიაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. როი კინი - მანჩესტერის სიამაყე და ლეგენდარული კაპიტანი, მარკო მატერაცი - "ინტერის" და იტალიის ნაკრების და ა.შ.
როგორც როკი ბალბოა იტყოდა "ჩემი რინგი - ეს ქუჩაა", პეპეს რინგი კი საფეხბურთო მოედანია. და თუ საშუალო გუნდებთან თამაში უბრალო სპარინგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაშინ კლასიკო მისთვის ნამდვილად ბრძოლა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონობისთვის იქნება. "ელ კლასიკო" ხომ უბრალოდ თამაში არასდროს ყოფილა, იგი ყოველთვის ომი იყო. და როგორც იცით ომში მეომრებისთვის მიზეზი ნამდვილად ამართლებს საშუალებას. არაფრის დიდებით არ ამართლებს ეს პეპეს საქციელს, არ მინდა ასე გაიგოთ, მაგრამ იგი ზუსტად ამ კლუბისთვის ყველა მატჩში ბოლომდე იბრძვის, არც საკუთარ თავს ინდობს და მითუმეტეს არც მეტოქეებს.
როგორ ვიცხოვროთ ამით მომავალში? ისევე როგორც აქამდე.. და დაველოდოთ პეპეს გამარჯვების მომტან გოლს კლასიკოში, სხვათაშორის მას გოლების გატანაც არანაკლებად შეუძლია.
მაგრამ ერთი ნათელია, პეპეს ეს ჟესტი "კამპ ნოუზე" მადრიდისტებისგან ნამდვილად დაფასების ღირსია..
- 28 იანვარი 2012
- 5 460
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.