სანჩისი : "რეალს" დი მარიას გარეშე გაუჭირდება
ესპანელმა საფეხბურთო ესქპერტმა ხუან სანჩისმა განაცხადა, რომ თუკი ანხელ დი მარიამ ხვალინდელ შეხვედრაში ასპარეზობა ვერ შეძლო სამეფო კლუბს ძალიან გაუჭირდება, რადგან არგენტინელი ბრწყინვალე ფორმაშია...
"ხვალ უდიდესი დაპირისპირება გველის, დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბის ფეხბურთელები 1-3 დასანანი მარცხის შემდეგ კიდევ უფრო მოტივირებულები გამოვლენ მოედანზე, რადგან მათ ირწმუნეს, რომ გვარდიოლას კოლექტივთან თამაში ბრწყინვალედ შეიძლება და მაქსიმალური ყურადღების შემთხვევაში წარმატება გარდაუვალი იქნება."
"წინა ელ კლასიკოში კარგად დავინახე, რომ მადრიდელები მეტოქეს არ უფრთხოდნენ, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა გუნდი თავიდან ბოლომდე მოშალა, რამაც სწორედ "ბლაუგრანას" მისცა ხელი."
"ფავორიტის დასახელება არცერთ ვარიანტში არ შეიძლება, რადგან ორივე გუნდი უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს შესაძლოა უდიდესი პრობლემა შეექმნას. ანხელ დი მარიას არ ყოფნის შემთხვევაში "ბლანკოსის" შეტევის მარჯვენა ფლანგი მნიშვნელოვნად შესუსტებული იქნება. ალბათ ყველას გახსოვთ, თუ რა კარგად ირჯებოდა არგენტინელი შემტევი წინა კლასიკოში, დარწმუნებული ვარ პორტუგალიელი სპეციალისტი ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ დი მარია მოედანზე შეიყვანოს და ბარსელონას დაცვის მარცხენა ფლანგს პრობლემები შეუქმნას."
"კატალონიელები მადრიდში რა თქმა უნდა დამაჯერებელი და მშვიდი ხასიათით ჩავლენ, რადგან ბოლო წლებში ისინი "ბერნაბეუზე" ძალიან კარგ შედეგებს აღწევენ, მათთვის ყველაზე ცუდ რეზულტატად ფრე მიიჩნევა, რადგან გვარდიოლას მოსვლის შემდეგ ისინი სამეფო კლუბს საკუთარ მოედანზე 3 ქულას არასდროს აძლევენ."
"თუკი დი მარია არ იქნება, დარწმუნებული ვარ მოურინიო გუნდს არ გადააწყობს და მოედანზე კაკა-ოზილის დუეტს ათამაშებს, რომელიც ასე თუ ისე ამართლებს, ბრაზილიელსაც და გერმანელსაც შეუძლიათ ფლანგზე თამაში და ასევე პასების სწორად დარიგება, დარწმუნებული ვარ ეს დუეტიც სახიფათო იქნება."
"ხვალინდელ დღეს მოუთმენლად ველოდები და ვთვლი, რომ არცერთი გუნდი ძალას არ დაზოგავს და გამარჯვებისთვის ბოლომდე დაიხარჯება, რადგან ეს სამეფო თასია, რომელსაც სამეფო კლუბი ფლობს, ბარსელონას კი თასის კატალონიაში ჩატანაზე უარის თქმა არ შეუძლია."
"ყველა ვარიანტში დუელის ბედს მეორე შეხვედრა გადაწყვეტს, არამგონია ისეთი შედეგი დაფიქსირდეს, რომელიც ყველაფერს ცხადჰყოფს, რადგან ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრები ყველას კარგად გვახსოვს. შესაძლოა "რეალმა" 3-0 მოიგოს და ნოუ კამპზე მთავარი ფავორიტის სახელით გავიდეს, მაგრამ 4-0 წააგოს და ტურნირს დაემშვიდობოს, იგივე შემიძლია ვთქვა კატალონიურ კლუბზე. არცერთი ანგარიში, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდება გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება."
- 17 იანვარი 2012
- 2 731
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.