5 წელი მარსელოს დებიუტიდან
დღეს, მარსელოსთვის უმნიშნელოვანესი დღეა. ზუსტად 5 წლის წინ, 18 წლის, ყველასთვის უცნობი ბიჭუნა მოედანზე ლეგენდარულ მიშელ სალგადოს ნაცვლად შემოვიდა და მას შემდეგ "ინჩასების" ერთ–ერთ ყველაზე საყვარელ მოთამაშედ იქცა. ბრაზილიელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ფლუმინენსედან" გადმოვიდა. თავის პირველ სეზონში ჟუნიორმა მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ექვსივე მათგანი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და შესაბამისად ყველას ყურადღება მიიქცია.
მეორე სეზონში მარსელოს უდიდესი შანსი გაუჩნდა. გუნდი დატოვა რობერტო კარლოსმა, რომელიც "ფენერბახჩეში" გადაბარგდა, შესაბამისად დაცვის მარცხენა ფლანგი გათავისუფლდა. მარსელომ შესანიშნავად გამოიყენა მოცემული შანსი და მისი წინამორბედის სახელი ნამდვილად არ შეურცხვენია. ამ სეზონში ჟუნიორმა 32–ჯერ მოირგო "ბლანკოსის" მაისური.
მომდევნო 2 სეზონში მარსელომ უფრო ძირფესვიანად მოიკიდა ფეხი "რეალში", ამაზე მის მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობაც მოწმობს.( 34 და 43). ბრაზილიელმა შეტევებში ჩართვებიც გაახშირა და ამას მისი პირველი გოლიც მოჰყვა 2009 წლის 15 თებერვალს "ელ მოლინონზე" ხიხონის "სპორტინგის" კარში. ამის შემდგომ მარსელოს უკვე ჩვეულებად ექცა შეტევებში ჩართვა და უნდა აღინიშნოს, რომ ჟუნიორი ამ სეზონების განმავლობაში თავისი ელვისებური მეტოქის საჯარიმოში შეჭრების შედეგად უამრავ საგოლე გადაცემას აკეთებდა.
ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ კი მარსელო უკვე ძირითადის უცვლელ წევრად იქცა. პორტუგალიელის ხელში წინა სეზონში ბრაზილეილმა 50 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლიც გაიტანა. ჟუნიორი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ ის იკერ კასილასისა და სერხიო რამოსის შემდეგ "რეალის" მესამე კაპიტანია...
- 7 იანვარი 2012
- 1 982
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.