"პონფერადინა" – "რეალი" [პრევიუ]
8 თვის შემდეგ "მესტალიის" ფინალიდან, მადრიდის "რეალი" "კოპა დელ რეის" უბრუნდება. ჟოზე მოურინიოს გუნდი დღეს დაიწყებს ბრძოლას თასის დასაცავად. "ბლანკოსის" მოწინააღმდეგე არც თუ ისე ცნობილი კლუბია, მაგრამ უდიდესი ისტორიის მქონე. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, "პონფერადინა" 109 წლის გახლავთ.
ორივე გუნდი ამ წუთას თავიანთი ჩემპიონატების ცხრილებში მეორე ადგილს იკავებენ. "რეალსა" და "ბარსელონას" თანაბარი 37–37 ქულა აქვთ, მაგრამ კატალონიელებს ერთით მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. "ბლანკოსს" მიმდინარე წელს მხოლოდ სამი შეხვედრაღა დარჩა – "პონფერადინასთან" ორი და "სევილიასთან".
ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 17 ფეხბურთელს უხმო. განაცხადში გამოჩნდნენ სარეზერვო გუნდების ფეხბურთელები: პაჩეკო, ხესუსი და ხესე. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პრაქტიკულად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა უმრავლესობა მადრიდში დატოვა.
"პონფერადინა" "სეგუნდა ბ"–ს მეორე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. აღნიშნული გუნდი მიმდინარე სეზონში საკუთარ სტადიონზე, "ტორალინზე" შესანიშნავად გამოიყურება. "ტორალინი" არც თუ ისე დიდი არენაა, სულ 8500–მდე მაყურებლის ტევადობით. ქალაქ პონფერადაში ყველა გახარებულია მადრიდის "რეალის" სტუმრობით და ისინი მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვთ, მაინც აცხადებენ, რომ სურდათ "ბლანკოსთან" დაპირისპირება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ მატჩამდე "პონფერადინამ" ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მიაღწია გამარჯვებას.
- 13 დეკემბერი 2011
- 2 458
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.