Deja Vu
შეგახსენებთ Deja Vu ფრანგულად უკვე ნანახს ნიშნავს და გუშინდელი მატჩის ყურებისას სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მართალია შეხვედრის დასაწყისი განსხვავებული იყო და ასეთი ანგარიში კაი ხანია არ დაფიქსირებულა, მაგრამ საერთო ჯამში ეს შეხვედრა უკანასკნელებისგან დიდად არაფრით გამოირჩეოდა.
პირველ რიგში ვულოცავ ბარსელონას გულშემატკივრებს დამსახურებულ გამარჯვებას. კატალონიელებმა კიდევ ერთხელ დაადუმეს სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი გულშემატკივრები. სამეფო კლუბს კი მორიგი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს. თეთრები აქამდე ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, თითქოს დადგა პერიოდი, როდესაც რეალს უნდა დაემტკიცებინა ფავორიტის სტატუსი და მოეგო, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ მოწინააღმდეგეები. როდესაც ისინი მოედანზე გამოვიდნენ მათ თვალებში ცეცხლი და თამაშის მოგების სურვილი დავინახე, მართალია არც მადრიდისტებს აკლდათ შემართება, თუმცა კატალონიელები უფრო მონდომებულები აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, თეთრებმა კარგად, კარგად კი არა ბრწყინვალედ დაიწყეს 22-ე წამზე ბენზემამ გოლი გაიტანა და თითქოს ბარსას ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად უნდა გამტყდარიყვნენ და თეთრებს სწრაფი გოლის ფაქტორი საკუთარ მოედანზე უნდა გამოეყენებინათ კიდეც. პირველი 15-20 წუთის მანძილზე ასეც იყო და რონალდოს რამდენიმე შანსი ჰქონდა ანგარიშის გაზრდისა, თუმცა პორტუგალიელმა როგორც ყოველთვის ჩააგდო მატჩი ბარსასთან. საერთოდ ჩემი აზრით მადრიდის რეალის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ რონალდო არის, მას დაახლოებით 6-7 საგოლე მომენტი ჰქონდა ჯარიმების ჩათვლით, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა.. პორტუგალს საყვედურობდნენ იმას, რომ ზედმეტად ინდივიდუალური იყო, თუმცა მისი ხიბლიც სწორედ ეს იყო, მართალია გუნდური თამაში აუცილებელია, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს თამაში და შეცვალოს მატჩის მიმდინარეობა, როგორც ეს გუშინ მესიმ გააკეთა. შესაძლოა მწარე რეალობაა, მაგრამ ფაქტია ლიონელი კრიშტიანოზე ერთი თავით მაღლა დგას.
ყველაფერი კი მაშინ შეიცვალა, როდესაც მეორე გოლი გავიდა მადრიდის რეალის კარში. ეს ბურთი მარსელოს შეცდომით გავიდა, თუმცა ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ თეთრები ყველაფერს სწორედ აკეთებდნენ და მაინც მიიღეს ბურთი საკუთარ კარში, ამან გუნდი გატეხა, ყველაზე მეტად კი მარსელო "აიჭრა". ამ გოლით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და კლასიკო იმ რიტმში განვითარდა, როგორც ეს უკანასკნელ წლებში ხდება.
გუნდმა კი ზოგდად ნორმალურად ითამაშა, უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ არის, უნდა ვაღიაროთ, რომ ბარსელონა კვლავ უფრო ძლიერია ვიდრე მადრიდის რეალი. თუ თეთრებს დაგეგმილი აქვთ ამ გუნდის დამარცხება, გუნდში უნდა მოვიდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც დი მარიას მსგავსად საკუთარ თავზე აიღებს თამაშს, კარგად ჩანს, რომ მხოლოდ გუნდური თამაშით ბარსასთან ფონს ვერ გავალთ. თუ ვინმე შემეკამათება, რომ რონალდოს შეუძლია თავის თავზე თამაშის აღება, ძალიან ცდება, რადგან პორტუგალიელის საუკეთესო წლებმა ჩაიარეს, მას ბარსას დონის გუნდებთან მხოლოდ შეტევის დაგვირგვინება შეუძლია, ისიც იმ შემთხვევაში თუ ვალდესი არ იქნება კატალონიელთა კარის სადარაჯოზე.
- 11 დეკემბერი 2011
- 4 624
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.