"თეთრზე თეთრი ლეგენდა" - გაგრძელება
იმის გამო, რომ სიახლე ცოტა დიდი გამომივიდა, ორ ნაწილად დავყავი. ეს "თეთრზე თეთრი ლეგენდა"-ის გაგრძელებაა
2007 წელი
გუნდი უფრო მეტია, ვიდრე 25 ფეხბურთელის გაერთიანება და მათი ერთად ვარჯიში.
კასანო უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ მან ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს. მადრიდში ერთ შეცდომასაც არ გპატიობენ.
2008 წელი
“ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. რედონდო, იერო, სანჩესი, ჩენდო, ლაურდუპი, ზამორანო… ისინი ყველანი ისე მექცეოდნენ როგორც საკუთარ შვილს. მე მათგან ბევრი რამ ვისწავლე”
“ოთახში გამოყოფილი მაქვს ცალკე კუთხე, სადაც ვაგრობებ მნიშვნელოვან ნივთებს. იქ ძალიან ბევრი ფორმა მაქვს და იმედი მაქვს, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.”
კარგი იქნება, თუ კი კარიერას ისე დავასრულებ, რომ წითელი ბარათი არ მექნება მიღებული. ამ შედეგით ძალიან ვამაყობ, რადგან არასოდეს მქონია სხვა ფეხბურთელებთან კონფლიქტი.
2009 წელი
“პელეგრინი გუნდის მთავარი მწვრთნელია და მე მივიღებ ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას.”
“როცა ფეხბურთელი ძირითადში ვერ ხვდება, მან კიდევ უფრო უნდა მოუმატოს ვარჯიშს და თავდაუზოგავად უნდა იმუშაოს, რათა დაიმსახუროს ძირითად შემადგენლობაში ადგილი.”
როგორ გულშემატკივრობს რაული თავის გუნდს…
2010 წელი. ესპანეთი. სარაგოსა. 30 წლის ლეგენდა - რაულ გონსალესი. 2 თვის შემდეგ პირველად გამოვიდა ძირითად შემადგენლობაში. მატჩის მეორე ნახევარში გონსალესს ქუსლი გადაუბრუნდა და გამოცვლა მოითხოვა. მადრიდელთა 7 ნომრის შესაცვლელად, ბენზემა დადგა მოედნის ხაზთან, რომ პირველივე პაუზაზე შეეცვალა ბლანკო. ეს პაუზა კი თავად რაულმა შექმნა. მან უბრალოდ გაიტანა გოლი - თავისი 323 თეთრი მაისურით. დიდ ლეგენდას მეტოქის გულშემატკივრები აბლოდისმენტებით აცილებდნენ. რა თქმა უნდა, მოედანს ხომ უდიდესი საფეხბურთო მოვლენა ტოვებდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს იქნებოდა ბოლო შეხება და ბოლო გოლი “თეთრზე თეთრი ლეგენდის” - რაულის შესრულებით “რეალის” შემადგენლობაში…
ის, რომ მადრიდელთა 7 ნომერს გულშემატკივრები აბლოდისმენტებით აცილებდნენ არ არის გასაკვირი, რადგან გონსალესი არ იყო ჩვეულებრივი ფეხბურთელი. ის ყოველთვის დარჩება ესპანეთის გულშემატკივართა რჩეულად. იმ დროს კი ბლანკო ეროვნული გუნდის ისტორიაშიც საუკეთესო მეგოლე იყო. და იმის მიუხედავად, რომ მისი რეკორდი ვილამ გააუმჯობესა, რაულმა ბევრად უფრო მეტი კვალი დატოვა ესპანელ გულშემატკივართა გულებში, ვიდრე ვილამ, ტორესმა, ან სხვა დღევანდელმა ფეხბურთელმა. იმიტომ რომ, ის იყო “ეპოქის ადამიანი” და არა “ერთერთი საუკეთესო”. რაც არ უნდა იყოს, იმის მიუხედავად, რომ ესპანეთმა მსოფლიო და ევროპა გონსალესის გარეშე მოიგო, იმის მიუხედავად, რომ ამ ფეხბურთელებმა ყველაფერი მოიგეს ნაკრებში რაც შესაძლებელია, რაული მაინც სულ სხვა განზომილებაა. მას გაჰქონდა გოლები ნებისმიერი პოზიციიდან და არ აცილებდა ცარიელ კარებში, როგორც ამას დღევანდელი ესპანელი ფორვარდები აკეთებენ. სწორედ რაულის გვართანაა დაკავშირებული ესპანელების მრავალწლიანი წარმატების იმედი. ის იყო კერპი, იმედი და მაგალითი. რისი თქმა შეიძლება კიდევ? არ ვიცი. უბრალოდ მინდა ვწერო ის რაც იყო, ის რაც სიმართლეს შეესაბამება. რაული მართლაც სამაგალითო იყო ყველასთვის. შესანიშნავი მეოჯახე(მას ხომ 5 შვილი ჰყავს) , პირველი კლასის ფორვარდი, თავმდაბალი, მშვიდი და შრომისმოყვარე. ნუ მითხარით, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი არ გიყვარდეს? ეს ხომ შეუძლებელია…
მაშ ასე. სარაგოსასთან მატჩის შემდეგ, კიდევ უფრო გახშირდა, ისედაც გახშირებული ჭორები იმის შესახებ, რომ რაული რეალს დატოვებდა, მაგრამ ამ ჭორის არავის სჯეროდა, რადგან რაულის და რეალის ცალკე წარმოდგენა შეუძლებელი ჩანდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ რაულს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა, ეს კი ისეთი ლეგენდისთვის როგორიც ბლანკოა, მიუღებელია. მადრიდელთა 7 ნომერს ძალიან სურდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ მას ჯერ კიდევ შეეძლო უმაღლეს დონეზე თამაში . ხოლო მას შემდეგ, რაც მოურინიოს მოსვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი არ აპირებდა რაული თავისი გუნდის ძირითად ფეხბურთელად ყოფილიყო. გონსალესს მადრიდში აღარაფერი აკავებდა.
2010 წელი. 25 ივლისი. ყველა ინფორმაცია დადასტურებულია. რაული ტოვებს რეალს და მიდის შალკეში.. მაგრამ მოიცათ. ეს ხომ შეუძლებელია. როგორ შეიძლება რაულმა რეალი დატოვოს? რეალი ხომ რაული და რაული რეალი.. ისინი ხომ განუყრელნი არიან?! გონსალესი პრესკონფერენციას მართავს და აცრემლებული თვალებით ტოვებს მადრიდს. ეპოქა დასრულდა. მშვიდობით დიდო კაპიტანო. ლეგენდა გრძელდება…
“მე მივდივარ, რადგან მოვიდა დრო, როცა საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და მადრიდის დატოვება. ახალგაზრდებს ადგილი უნდა დავუთმო. მადრიდში გატარებული წლები დაუვიწყარია. “რეალი” ყოველთვის იქნება ჩემი გუნდი. მე სიცოცხლის ბოლომდე მადრიდისტა ვიქნები და ამას ვერაფერი შეცვლის. “ბლანკოსის კაპიტნობა უდიდესი პატივი იყო ჩემთვის. მადლობა ყველა გულშემატკივარს თქვენი გამოვლენილი სითბოსათვის.“ - აცრემლებული თვალებით განაცხადა რაულმა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე. ამჯერად მის სახეზე არ იყო ჩვეული ღიმილი. ამჯერად, ის ტიროდა.
ეს კი ძალიან საინტერესო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია Marca - ს ცნობილი ექსპერტის - რონსეროს ემოციები რაულის წასვლის დროს
მაშინ, აპრილში, სარაგოსაში რაულმა ბოლო შეხვედრა ჩაატარა “რეალის” მაისურით. შეგახსენებთ, რომ გონსალესის პირველი მატჩი “თეთრი” მაისურით ზუსტად სარაგოსას წინააღმდეგ იყო. მას შემდეგ, მადრიდელთა 7 ნომერმა მადრიდში გაატარა, 16 სეზონი, 5747 დღე და ითამაშა 740 მატჩი. მასთან ერთად დასრულდა ეპოქა. კაპიტანმა მოიხსნა სამკლავური…
ალბათ ყველას გვახსოვს ფლორენტინო პერესის მეორე მოსვლა “რეალის” პრეზიდენტის პოსტზე. მან გააკეთა შთამბეჭდავი ტრანსფერები კრიშტიანო რონალდოს და კაკას სახით. სწორედ, ამ წელს შედგა რაულის ბოლო “რეალური” სეზონი. ამ წელს მწვრთნელმა გონსალესი სათადარიგოზე გადაიყვანა. ხოლო ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც რაულია, ეს მიუღებელია და ამიტომ მან გადაწყვიტა კლუბის დატოვება.
იმის მიუხედავად, რომ რაულს გრანდიოზული ფინანსური შემოთავაზებები ჰქონდა ამერიკიდან, მან არ გააგრძელა ბექემის და ანრის გზა. ის სერიოზული ადამიანია და მხოლოდ სერიოზულ ქვეყნის ჩემპიონატში შეუძლია თამაში. თუნდაც ისეთში როგორიც გერმანიაა.
მინდა ავღნიშნო, რომ რაულის გერმანულ კარიერას გულშემატკივართა უმეტესობა სკეფტიკურად უყურებდა. არავის სჯეროდა, რომ გონსალესი წარმატებას მიაღწევდა შალკეში. ის ხომ 33 წლის იყო. თუმცა, რაული სწორედ იმიტომ წავიდა შალკეში - ასეთი ადამიანებისთვის დაემტკიცებინა, რომ მას კიდევ შეეძლო უმაღლეს დონეზე თამაში. და ის არაფრის დაზოგვას აპირებდა ამისთვის.
ეხლა კი შემოგთავაზებთ ჩემ მიერ მოპოვებულ სხვადასხვა გამონათქვამებს, ეს არის რაულთან დაკავშირებული ადამიანების კომენტარები, რომლებმაც ჩვენი კაპიტნის წასვლასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს
ფლორენტინო პერესი:
რაული ძალიან თავმდაბალი ადამიანია, ის პროფესიონალია თავისი საქმის და აგრეთვე ნამდვილი მეოჯახეა. არასდროს არ იყო შემჩნეული კლუბებში. რაული სამაგალითოა მილიონობით ადამიანისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ
ნაკრებში, რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს არანაირი ტიტული არ ააქვს მოგებული. მე ბედნიერი ვარ რომ ვიცნობ ისეთ ლეგენდარულ ადამიანს, როგორიც რაულ გონსალეს ბლანკოა.
ხორხე ვალდანო:
მადრიდის გულშემატკივრებისათვის, ძალიან რთული იქნება ამ ამბავის გადატანა. დღეიდან რეალი შეიცვლება. ჩვენ უნდა შევეგუოთ რეალს, რომელიც რაულის გარეშე გამოვა მოედანზე. ეხლა რაულს ძალიან რთული დღეები აქვს და ჩვენ მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა უნდა დავეხმაროთ როგორც შეგვიძლია,__თქვა ადამიანმა, რომელმაც 1994 წლის 29 ოქტომბერს პირველად გამოუშვა მაშინ ყველასათვის უცნობი 17 წლის ბიჭი და შანსი მისცა, რომ გამხდარიყო ის, ვინც დღეს არის.
ფერნანდო იერო:
რეალიდან მიდის ამ კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ის ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით. ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდა და ჩვენ იმის სტიმულს გვაძლევდა, რომ მასზე მეტი გვევარჯიშა, ამიტომ ჩვენი გუნდი ყოველთვის ძლიერი იყო. რაულს ყველამ დიდი პატივი უნდა სცეს, რადგან ეს მან დაიმსახურა. ეხლა, მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რაული რეალის ისტორიის სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის და თუ სტატისტიკას არ შევხედავთ, ვფიქრობ, რომ ის ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
ფაბიო კაპელო:
ის არის ჩემი ფავორიტი თავდამსხმელი, რაული არაბუნებრივ საგოლე ალღოს ფლობს და ვფიქრობ საუკეთესო თავდამსხმელია ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია
იკერ კასილასი:
რაული ჩვენი კლუბის სიმბოლოა, ის მაგალითია პროფესიონალიზმის, მან ძალიან დამეხმარა,რომ გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. იმედია მალე დაგვიბრუნდება, მაგრამ არა ფეხბურთელის სტატუსით.
კრისტიანო რონალდო:
ბავშვობიდან ვოცნებობდი რაულთან ერთად მეთამაშა, ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთ გუნდში ყოფნა და ვუსურვებ ყველა იმ მიზნების მიღწევას რაც ჩაფიქრებული აქვს.
კაკა:
რაული არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კლუბისათვის და ყოველ მადრიდისტას გული აქვს დაწყვეტილი.
ხაბი ალონსო:
ძალიან რთულია რაულის წარმოდგენა რეალის გარეშე, ის კლუბის სიმბოლოა და მისი ისტორიის ნაწილი. 16 წლის განმავლობაში რეალში ითამაშო მაღალ დონეზე ძალიან რთულია. ამიტომ, რაული უნიკალურია, ის ცოცხალი ლეგენდაა
ლასანა დიარა:
მე ბედნიერი ვარ რომ მასთან ერთად მაქვს ნათამაშები, როდესაც პატარა ვიყავი ყოველთვის ვუყურებდი რეალის და რაულის თამაშებს, მან ძალიან დამეხმარა როცა გუნდში მოვედი და მე მისი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება.
პეპე:
რაული არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მან 16 წელი შეწირა რეალს და ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.ის ყოველთვის ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით,როცა მე ტრავმა მქონდა.მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ
კარიმ ბენზემა:
რაული არის სარკე, რომელშიც უნდა ჩაიხედო და მაგალითი აიღო. ის დიდებული ადამიანია. მე დღესაც ვუყურებ მის ვიდეოებს და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ.
მარსელო:
რაული არის რეალი და რეალი კი რაული
რუუდ ვან ნისტელროი:
რაული ჩემი მეგობარია, მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს. წარმატებას ვუსურვებ ბუნდესლიგაში, ვფიქრობ,ადვილად გაივლის ადაპტაციას და ყველას დაუმტკიცებს,რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია.
ალბერტო კონტადორი:
მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო ყველა იმ წუთისთვის, რომლებსაც ის გვჩუქნიდა ყველა თამაშში. ის სიმბოლოა მადრიდის და ყოველთვის ასე იქნება
ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი:
დღესდღეობით არავინ არაა ბედნიერი რაულის წასვლით, მე მას დავურეკე და წარმატება ვუსურვე
მშვიდობით კაპიტანო…
მოდით ვნახოთ რას ფიქრობს, შალკეში მყოფი რაული “ელ კლასიკოს” დროს:
მზე დილიდანვე ანათებს, თითქოს ამ ქალაქის გადაწვა სურს, მაგრამ დღეს, მზეს ეს არ დასჭირდება - ქალაქი თავისით გადაიბუგება - ვნებით.
მადრიდი ამ მატჩზე უკვე რამდენიმე დღე ფიქრობს, მაგრამ დღეს, დაძაბულობა თავის პიკს აღწევს. გულშემატკივრების შეძახილები, უამრავი სკანდალი და მილიონობით ადამიანის ლოდინი, ქმნიან განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელსაც მოიცავს სტადიონი და ყველა ის, ვინც ამ მატჩს ელოდება. მე ვემზადები თამაშისთვის, ვიკრავ თასმებს, ხოლო ფიქრებით უკვე დიდი ხანია სტადიონზე ვარ.
რადიოში ისმის კომენტატორების საუბარი. ისინი განიხილავენ მატჩს. თითოეულ მათგანს თავისი აზრი გააჩნია. არ მსიამოვნებს, როცა რეალის მიმართ, პესიმისტურად საუბრობენ, თუმცა ეს ეხლა არ არის მნიშვნელოვანი. წინ 90 წუთია და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.
მიხარია, რომ გუნდს კარვალიო დაუბრუნდა საოცარია, თუ როგორ მოერგო კარვალიო გუნდს. იმედი მაქვს, დღეს რიკარდო ბოლომდე დაიხარჯება და არავის მისცემს ნებას, რომ კასილასს დაემუქრონ.
შევედი შვილის ოთახში და მას ვაკოცე.. გამოვედი.. ვხვდები, რომ.. უკვე დროა..
სამწუხაროა, რომ გუნდს ვერ დაეხმარება სერხიო. ის “თეთრებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია. - გამოვედი სახლიდან - ამ ბოლო დროს, ვნერვიულობ მის გამო, მატჩების დროს რამოსი ძალზე აღელვებული ჩანს. მთავარია, ემოციებისგან არ გადაიწვას ისე, როგორც გადაიწვა ნათურა ჩემს ეზოში, როცა პატარა ვიყავი, თუმცა სწორედ ამის შემდეგ ვისწავლე დახუჭული თვალებით გოლის გატანა. მიხარია, რომ გასულ წელთან შედარებით სერხიომ გამოასწორა თამაში. ეს გუნდს ძალიან დაეხმარება. “ბლანკოსს” ყოველ წელს ახალი ფეხბურთელი ემატებს, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ყალიბდებიან შეუცვლელ ფიგურებად. იმის მიუხედავად, რომ რამოსი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მცველია, იმედი მაქვს ჟოზე სერხიოსაც მოუძებნის ღირსეულ შემცვლელს.
ვფიქრობ იმის შესახებ, თუ როგორ აკლია გუნდს იერო. როცა გუნდს პრობლემები უჩნდება, ყოველთვის მოდის ფიქრები ფერნანდოზე. როგორ ფიქრობთ, იეროს დროს არ გვექმნებოდა პრობლემები? რა თქმა უნდა გვექმნებოდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვიყავით, რადგან მოედანზე ფერნანდო იყო, ესეიგი აუცილებლად მივაღწევდით მიზანს.
ვფიქრობ, იმ ბიჭებზე, რომლებიც დღეს მოედანზე გამოვლენ. ეჭვი მეპარება იმაში, რომ მადრიდისტები ისეთივე ვნებით გულშემატკივრობდნენ მათ, როგორც ეს იყო ჩვენ დროს.
ეს ბიჭები - ჩვენსგან ძალიან განსხვავდებიან. ისინი ერთმანეთზე უკეთესნი არიან. ეს კი, შესაძლებელია გუნდს სასიკეთოდ წაადგეს. ისინი ბრძოლობენ, მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი.
ჩქარი ნაბიჯებით ქუჩას მივყვები და ცენტრს ვუახლოვდები. შეხვედრის ადგილი უცვლელია, ხალხი უკვე საკმაოდ მოგროვდა, თუმცა სტადიონი ჯერ კიდევ ცარიელია. ვგრძნობ, თუ როგორ უახლოვდება მომღერალი და ხმაურიანი გულშემატკივრების ტალღა სტადიონს. მუსიკოსთა კოლონამ რაღაცნაირად ქომაგთა შორის შეღწევა მოახერხა. ისინი ყველას ხელს უშლიან.
ჩვენი ნახევარდაცვა ზოგჯერ, წააგავს აი ამ მუსიკოსებს. ისინი ზოგჯერ ერთმანეთსაც კი უშლიან. - გონებაში გამიელვა ფიქრმა კრიშტიანოზე. თითქოს ის ვერანაირად ვერ ახერხებს კონცენტრირებას მატჩზე, ან შესაძლებელია რონალდო ძალზე აღელვებულია და მას ცოტათი მაინც მოდუნება სჭირდება. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ თამაშობს პორტუგალიელი. სად არის ეს ყველაფერი? ის არ არის სულელი და კარგად იცის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩები, არა მარტო მისთვის, არამედ გუნდისთვისაც. ვფიქრობ, ნელნელა ის მადრიდისტად ყალიბდება. ეს შეუძებელია მოხდეს, როცა გუნდს ყველაფერი კარგად მისდის. ასეთ რთულ სიტუაციაში კი კრიშტიანო აცნობიერებს ყველაფერს. ის ხდება, რა გუნდის მაისურსაც ატარებს. ნეტავ რონალდომ დღეს გაიტანოს, ან სარგებელი მოიტანოს გუნდისთვის, ისე როგორც მას შეეფერება. როცა კრიშტიანოს თამაში მისდის, ეს ენერგია მთელ გუნდზე გადადის, ფეხბურთელებს თითქოს ფრთები გამოსდით, ასეთ სიტუაციაში მათთვის შეუძლებელი არაფერია.
ყველაზე მეტად ახლა იკერს უჭირს. ვიმედოვნებ, ის გაუმკლავდება ამ პასუხისმგებლობას, ახლა მასზე ძალიან ბევრი რამა არის დამოკიდებული. ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის “რეალის” კაპიტნის სამკლავურს ატარებს, უამრავი "არ შეუძლია" და "უფლება არ აქვს" უნდა გადალახოს, მაგრამ ზოგჯერ, უნდა შეძლო და გაბედო. დღეს, ზუსტად ასეთი შემთხვევაა, ის სჭირდება გუნდს, არა როგორც ბრწყინვალე მეკარე, არამედ როგორც კაპიტანი. ისეთი ადამიანები, როგორიც იკერია, თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს გამარჯვებების მოპოვებაში ხარჯავენ, ან იმაზე ფიქრში, თუ როგორ მიაღწიონ ამას.
ჩვეულებისამებრ მივემართები გასახდელისკენ, მაგრამ უეცრად თავში მოდის რეალობის შეგრძნება - მახსენდება და ვხვდები, რომ დღეს, მე სტადიონზე ვერ გავალ.
ვიღიმი და მჯერა ჩემი გუნდის. როგორც მჯეროდა ყოველთვის. იმის მიუხედავად, რომ შალკეს ლურჯი ფორმა მაცვია. მის ქვეშ იმალება რეალის თეთრი მაისური. ჩემი გვარია - ბლანკო. მე სამუდამოდ ასეთი დავრჩები.
ლეგენდა გრძელდება...
მცველმა კონცენტრაცია დაკარგა. ამით ისარგებლა რაულმა და გაიხსნა. თანაგუნდელმა მას შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა და რაული რამდენიმე წამში, სულ მარტო აღმოჩნდა მეკარის პირისპირ. მაყურებლების ხმა უეცრად მიწყდა. ყველა ერთი ფეხბურთელის მოძრაობას უყურებს, არა უფრო სწორად ელოდება. ისინი რაულის დარტყმის მოლოდინში არიან. მაგრამ.. ესპანელმა მეკარის მოტყუება სცადა… - აქ გავჩერდეთ. შეიძლება თქვენ იფიქრეთ, რომ პარიზის ფინალს ვიხსენებ. მართლაც ყველაფერი ძალიან ჰგავს ზემოთხსენებულ ეპიზოდს, მაგრამ ეს სიტუაცია სულ სხვა დროს შეიქმნა - 11 წლის შემდეგ. 2011 წელს. 13 აპრილს. გერმანიაში.“ველტინს არენა”-ზე. მატჩის 45-ე წუთზე. შალკესა და ინტერის დაპირისპირებაში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში. მაშ ასე - და… ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გააკეთა ჩაფიქრებული.. - ზუსტად ისე, ჩამოიშორა ჟულიო სესარი, როგორც კანისარესი - დარტყმა.. და ანგარიში გაიხსნაა!!! რაულმა გუნდი დააწინაურაა…
შალკემ ტურნირი ნახევარფინალში დაასრულა, მაგრამ გულშემატკივრებისგან არ იყო არანაირი კრიტიკა, ან უკმაყოფილება. იმიტომ რომ, ეს იყო შალკეს ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც კლუბმა, რაულ გონსალესის ბრწყინვალე თამაშით მიაღწია.
მანჩესტერთან მატჩის შემდეგ, რაულმა ფორმა გიგზთან გაცვალა და უთხრა, რომ ეს მისვის დიდი პატივი იყო. ალბათ საკითხავია, რომელი ფეხბურთელისთვის იყო ფორმის გაცვლა უფრო დიდი პატივი.
ფინალური სასტვენის შემდეგ, ბურთი ბლანკოს შერჩა ფეხებში - რაც სიმბოლურია.
რაულმა წააგო.. მაგრამ ამასთანავე რაულმა მოიგო, რადგან სეზონის დასაწყისში, ვერავინ, რაულის ყველაზე ერთგული გულშემატკივრებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი კუმირი სეზონის ბოლოს ასეთ წარმატებას მიაღწევდა. და მისი ბოლო მატჩი ჩატარდებოდა “ოლდ ტრაფორდზე” - სტადიონზე, რომელმაც ერთ დროს რაულის ბრწყინვალე საღამო იხილა.
რადგან, სეზონის დასაწყისში რაულს აკრიტიკებდნენ. თვლიდნენ, რომ მას უნდა დაესრულებინა კარიერა, მაგრამ რაულს უნდოდა თამაში, მას სჭირდებოდა თამაში, ისეთი, როგორიც მას შეესაბამება. ალბათ ყველაზე მარტივი იქნებოდა, დანებება, ფულის აღება და ამერიკაში წასვლა, ერთერთი რუსი მილიონერი, მას ჰპირდებოდა კონტრაქტს, რომელშიც რაულს შეეძლო მისით ჩაეწერა თანხა, რამდენიც უნდოდა. საჭირო იქნებოდა უბრალოდ მოედანზე სიარული და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდებოდა, მაგრამ ამ ქვეყანაზე არსებობს რაღაც, რაც არ იყიდება. ბლანკომ სხვა გზა აირჩია. ის წავიდა სხვა კლუბში, სხვა ჩემპიონატში, სხვა ქვეყანაში, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევი იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, ყველა ელოდა მისი გეგმების ჩავარდნას და არავის სჯეროდა რაულის..
თუმცა მან გაუძლო.
არაფერი დაიშურა. ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და მიაღწია თავისას. ის დაუბრუნდა ჩვეულ დონეს. აი ეს იყო რაულისთვის ყველაზე მთავარი. მადრიდში გატარებული 16 სეზონის შემდეგ, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, შეეგრძნო დაპირისპირებების დაძაბულობის გემო. და მან მიაღწია თავისას.
ბევრ მოთამაშეს არ შეუძლია მადრიდის “რეალში” ასპარეზობა, რადგან მხოლოდ კარგი თამაში არ არის საკმარისი. ფეხბურთელი ძლიერი უნდა იყოს ფსიქოლოგიურადაც.
რაული 17 წლიდან გახდა მადრიდის “რეალის” ძირითადი შემადგენლობის წევრი და მას შემდგ 16 სეზონის განმავლობაში, ყოველდღიურად ექცეოდა იმ ზეწოლის ქვეშ, რომელშიც რეალის ფეხბურთელები არიან და გონსალესისთვის, როგორც “რეალის” კაპიტნისთვის ეს ზეწოლა კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში რეალმა გამოიცვალა 20-ზე მეტი მწვრთნელი, ბევრი მიდიოდა, რამდენიმე კი უკანაც ბრუნდებოდა, ასეთ პირობებში კი იცვლებოდა გუნდის სტრუქტურა, თამაშის სტილი და რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, არავინ არის დარწმუნებული, რომ ახალ სისტემაში შენ ისეთივე წარმატებული იქნები, როგორც ადრე და სწორედ ამიტომ არის საოცარი ის სტაბილურობა, რომელსაც რაული უამრავი სეზონის განმავლობაში აჩვენებდა. ის ყველაფერს უმკლავდებოდა.
და აი დღევანდელ რეალობაში. “სადღაც გერმანიაში”, მზიან დილას, დგება ლეგენდა და მიდის სავარჯიშოდ. აღარ არის ისეთი დაძაბულობა ან ჟურნალისტებისგან ზეწოლა. ის მშვიდად ვარჯიშობს “შალკეს” სამწვრთნელო ბაზაზე. ბლანკოს ყველა შორიდანაც იცნობს, რადგან ის ისეთივეა, როგორც ადრე - თავისთვის ჩავისი ჩვეული სირბილი, ისევ ის ღიმილი სახეზე, მის გარშემო მყოფი უამრავი გულშემატკივარი, რომლებიც თვალს ვერ აშორებენ ლეგენდას. ის ისეთივეა, როგორც ადრე, თუმცა ამჯერად ლურჯ ფორმაში.
რაც შეეხება მის კაპიტნობას, იქნებ სუბიექტური ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი კაპიტანი რეალს არ ჰყოლია სულ ცოტა ბოლო 20 წლის განმავლობაში, არ ჰყავს არც ახლა და არავინ იცის როდის ეყოლება, ან ეყოლება თუ არა საერთოდ. რადგან ასეთი თავმდაბალი, მშვიდი, უკომფლიქტო, შრომისმოყვარე, ხალხის რჩეული და ყველასთვის სამაგალითო ადამიენები ძალიან იშვიათად გვხვდება ფეხბურთში და როცა ასეთი ადამიანი, გუნდის კაპიტანი ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პლიუსია გუნდისთვის. მისი თანაგუნდელები ხშირად ხუმრობდნენ, რომ რაული ზედმეტად სერიოზული იყო. მართლაც რაული ძალიან სერიოზულად უდგებოდა თავის კაპიტნობის საქმეს. მან იცოდა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრა. ბევრს მუშაობდა, მაქსიმუმს ითხოვდა ყველასგან და არასოდეს იყო თავისი თავის და გუნდის კმაყოფილი. გუნდში ახალმისულები, ზოგჯერ უკმაყოფილონი იყვნენ კაპიტნის სერიოზულობით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში რაულის პიროვნება მათში უდიდეს ინტერესს იწვევდა, ხოლო დროთა განმავლობაში გუნდის კაპიტანი მათთვის უმნიშვნელოვანესი პერსონა ხდებოდა. რადგან ერთია როცა რაულის გუნდი ვარჯობს და მეორე, როცა ვარჯიში მთავრდება. თუ როგორია ის ცხოვრებაში, მგონი ზემოთ უკვე საკმარისად დავწერე, გუნდის გაპიტნობა კი სულ სხვა რამაა. იქნებ ზოგმა იფიქროს, რომ ეს ზედმეტია და გონსალესის კაპიტნობისადმი ასეთი მიდგომა მინუსში ჩაუთვალოს, მაგრამ ეგ თქვენი აზრია. მთავარი ისაა, რომ რაული იყო ასეთი , ის იყო სხვანაირი - განსაკუთრებული კაპიტანი.
football mundial-ის პეციალური სიუჟეტი რაულზე
სიმღერა რაულზე
ზოგი იბადება დიდებულ ფეხბურთელად. ზოგი ბევრი ვარჯიშის შედეგად აღწევს ამას. არსებობენ გამარჯვებული ფეხბურთელები, რომლებსაც ჯერ არაფერი მოუგიათ, ზოგი კი აგრძელებს სწავლას, მას შემდეგაც კი, როცა წარმატებას აღწევს. აი, ეს ყველა თვისება გაერთიანებულია ერთ ადამიანში - რაულში. ადამიანი, რომელიც გახდა ფეხბურთელი. ფეხბურთელი, რომელიც გახდა დიდი ფეხბურთელი. დიდი ფეხბურთელი, რომელიც გახდა ლეგენდა. ლეგენდა, რომელიც აგრძელებს თავდაუზოგავ მუშაობას და ცდილობს კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. აი ეს არის რაული. მას სხვანაირად არ შეუძლია. ის, უბრალოდ ასეთია…
- 12 ოქტომბერი 2011
- 5 490
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.