ამართლებს მიზანი საშუალებას? (რეალ "მოუ"დრიდი!)
სანამ უშუალოდ სტატიის წერას შევუდგები, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ძალიან სუბიექტური ვიქნები და შესაძლოა საიტის წევრების უმეტესობისათვის მიუღებელიც იყოს ჩემი იდეა, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თანამოაზრეებიც ბლომად მეყოლება. ყოველ ჩვენგანს საკუთარი დამოკიდებულება აქვს ყველა საკითხის მიმართ და ინტერესთა სპექტრის სრული თანხვედრა არა თუ იშვიათი, არამედ წარმოუდგენელიც არის. აქედან გამომდინარე გთხოვთ კორექტულად გამოხატოთ თქვენი შეხედულება.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჟოზე მოურინიო ბრწყინვალე ტაქტიკოსი და ფსიქოლოგია, მან იცის როგორ უნდა მიაღწიოს შედეგს და მისი აზრით მიზანი ამართლებს საშუალებას. მაგრამ ყოველთვის ასეა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ გადავწყვეტთ, რომ ამ საკითხს შევეჭიდოთ უნდა გავარკვიოთ რა არის ჩვენი (გულშემატკივრების), მოურინიოს და მადრიდის რეალის ოფიციალური წარმომადგენლების მიზანი.
დავიწყოთ გულშემატკივრებიდან. აქ ბანაკებად დავიყოფით.. მე პირადად ისეთი მადრიდის რეალის ხილვა მსურს, რომელიც ყოველ თამაშს ლამაზი ფეხბურთით მოიგებს და კვლავ დაგვიბრუნებს თეთრ ბალეტს. ფანების მეორე კატეგორიისათვის ალბათ ტიტულების და ყოველი მატჩის მოგება არის ნებისმიერ ფასად. ხოლო მესამე ნაწილისათვის კი მთავარია ბარსას "გადავუაროთ". არ გეგონოთ, რომ მე მსურს ვიხილო სამეფო კლუბი, რომელიც თეთრ ბალეტს თამაშობს და ვერაფერს იგებს, რა თქმა უნდა ტიტულის მოგება ყველას მიზანი არის, თუმცა უხარისხო თამაშის ხილვა ნამდვილად არ მსურს. რადგან სტატიის ავტორი მე ვარ და ყველაფერ ჩემს ხელთ არის და ფიქრებში მაინც მაქვს იმის საშუალება, რომ ავირჩიო როგორი მადრიდის რეალი მსურს, ჩემ შეხედულებას დავუჭერ მხარს და გულშემატკივართა მიზანში დიდი ასოებით თეთრი ბალეტის დაბრუნებას ჩავწერ.
ახლა კი რაც შეეხება მოურინიოს, მისი გუნდები ყოველთვის შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდნენ, მკაცრი დაცვითა და მინიმუმ 2 ძალისმიერი ნახევარმცველით. ჟოზეს არ ვუკარგავ იმას რაც აქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე ბრწყინვალე ტაქტიკოსი და ფსიქოლოგია, მაგრამ მისი მიდგომა ყოველი მატჩისადმი პირადად ჩემთვის მიუღებელია, ამას დავუმატოთ აკვიატებული აზრი, რომელიც მას მთელი სამწვრთნელო კარიერის (განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელია) განმავლობაში აწუხებს, ბარსელონას დაჩაგვრა. თუ გადავხედავთ ბარსასთან დაპირისპირებას დავინახავთ, რომ მისი იდეაფიქსი სწორედ კატალონიური გრანდის დამარცხებაა. შესაძლოა ეს მეჩვენება, მაგრამ სხვანაირად ვერ განვსჯი. ყველაზე დაძაბული ელ კლასიკოების სერია სწორედ სეუ ჟოზეს დროს ვიხილეთ. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ დელ ბოსკემ საჯაროდ განაცხადა: "ასეთი დაძაბული ელ კლასიკოებით ესენი ესპანეთს დაშლიან!" ეს ყველაფერი მას შემდეგ, როდესაც ხერარდ პიკემ განაცხადა: "ესპანელებს უკვე წავართვით ჩემპიონატი, ახლა მათი მეფის თასსაც მოვიგებთ." მართალია პიკეს ასეთი რამ არ უნდა ეთქვა, მაგრამ იგი მოურინიოს მოსვლამდეც თამაშობდა ბარსაში და არაერთი გაუმართავს მადრიდის რეალის წინააღმდეგ თუნდაც ბავშვობაში, მაგრამ ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რაც დაძაბულმა ატმოსფერომ გამოიწვია. ეს მხოლოდ მოურინიოს ბრალი არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მისი ბარსას მიმართ დამოკიდებულებაა. ჩემი გადმოსახედიდან ამ შემთხვევაში მიზანი საშუალებას ნამდვილად არ ამართლებს!
ახლა კი მადრიდის რეალის ოფიციალურ წარმომადგენლებზე ვისაუბროთ, რომლებსაც სათავეში ფლორენტინო პერესი უდგას. სიმართლე გითხრათ უკვე მეორეჯერ აირჩიეს იგი სამეფო კლუბის პრეზიდენტად და მაინც ვერ გავარკვიე რა მიზანს ემსახურება მისი მოღვაწეობა. ამ კაცს რომ ბევრი ფული აქვს, ეს ისედაც ვიცით ამიტომ არამგონია მისი მიზანი გამდიდრება იყოს, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რეალი ძალიან უყვარს. თითქოს საკუთარი შეცდომებიც გაითვალისწინა, მაგრამ მაინც ვერ შეეშვა უაზრო ტრანსფერების განხორციელებას. მისი მიზანი ჩემთვის მაინც გაურკვეველია. ალბათ რეალის წარმატებასთან ერთად ჯიბის გასუქებაც უნდა, ორი საქმის ერთად გაკეთება კი ძალიან ძნელია, ისეთი დონისათვისაც კი, როგორიც ფლორენტინოა.
არ დაგავიწყდეთ, რომ მადრიდის რეალი არც მარტო გულშემატკივრებია, არც მოურინიო და არც ფლორენტინო პერესი, იგი ამ სამივე ელემენტისაგან შედგება და როდესაც სამივე მათგანს რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვს რთულია ყველასათვის სასურველი შედეგის მიღწევა. გულშემატკივრები როდესაც ლამაზ ფეხბურთს ითხოვენ მოურინიომ დაიწყო გუნდის შეტევის გაძლიერება, თუმცა ეს მისი სტილი არ არის და ხშირად სასურველ მიზანს ვერ აღწევს. გულშემატკივრები კი ვალდებულნი არიან მოითხოვონ ის, რაც მათ ეკუთვნით, მაგრამ ისიც უნდა ვისწავლოთ, რომ გამონაკლის შემთხვევებში რასაც გვაძლევენ ის ავიღოთ და ამით დავკმაყოფილდეთ.
რადგან მოურინიო გავაკრიტიკე ამ სტატიაში, ბევრ თქვენთაგანს გაუჩნდება კითხვა ვინ უნდა მოვიდეს მის მაგივრად?! მოუს გარეშე რეალი არ წარმოგვიდგენია... ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან ჟოზე რეალის დიქტატორი გახდა, მას აღარ ყავს მოწინააღმდეგე (ადრე ვალდანო იყო და ისიც უმტკივნეულოდ მოიშორა), მისი ყველა მოთხოვნა სრულდება, ეს ერთის მხრივ კარგიც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ მოურინიომ არ იცის მადრიდის რეალის ფილოსოფია და ცდილობს თავისი მსოფ(ფეხბურთ)მხედველობაზე გადაიყვანოს მთელი სამეფო კლუბი, რაც დამღუპველია გუნდისათვის. სამეფო კლუბისათვის იდეალური მწვრთნელი იქნება დელ ბოსკე, რომელიც თავის დროზე კინწისკვრით გააგდეს გუნდიდან, სავარაუდოდ მისი დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ბენიტესის დანიშვნა, რომელიც მადრიდის რეალის კანტერას წვრთნიდა და სწორედ იქ გაითქვა სახელი.
- 19 სექტემბერი 2011
- 4 406
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.