რაში სჭირდება მოურინიოს კოენტრაო და მარსელო?
დღეს ფეხბურთის თამაში მხოლოდ 11 კაცით შეუძლებელია, ამბიციურ გუნდს კი მინიმუმ 22 ფეხბურთელი ისეთი ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ღირსეულად ჩაანაცვლებს ძირითადის მოთამაშეს. მადრიდის რეალის მთავარი მიზანი მომავალ წელს კი კატალონიელთა ჰეგემონობისთვის ბოლოს მოღება იქნება, ამიტომ მოურინიოს თითო პოზიციაზე სჭირდება ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი. სწორედ ამიტომ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ფაბიო კოენტრაოს შეძენა.
ორიოდე სეზონის წინ სარაგოსას მიერ დაწუნებული ფაბიო, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად ითვლება, მაგრამ მადრიდის რეალს მის პოზიციაზე ჰყავს მარსელო. ბრაზილიელმა მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ დახვეწა შეტევაში ჩართვის მანერა, რომელიც ისედაც შესანიშნავად იცოდა, აგრეთვე საგრძნობლად გამოასწორა დაცვაში თამაში და შექმნა შესანიშნავი დუეტი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად. იგი მადრიდის რეალში 2006 წელს ფლუმინენსედან გადმობარგდა, მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო და ხშირად არა თუ ძირითად შემადგენლობაში, არამედ განაცხადშიც ვერ ხვდებოდა. დღეისათვის კი იგი კლუბის მესამე კაპიტანია და მიმდინარე სეზონში 50-ჯერ მოირგო ბლანკოსის მაისური. ასე რომ კითხვა: "რაში სჭირდება რეალს კოენტრაო?" ნამდვილად არ არის უსაფუძვლო.
გულშემატკივრებს აწუხებთ ეს კითხვა, რადგან მათ მარსელომ თავი ძალიან შეაყვარა და ყველა შემთხვევაში მათთვის მარსელო უფრო მისაღებია ძირითადში ვიდრე კოენტრაო. თუმცა ამ ტრანსფერში კოენტრაოს აგენტის ხელიც ურევია, მისი კლიენტები არიან აგრეთვე მოურინიო და კრიშტიანო რონალდო. ამას გარდა მოურინიოს მიზანი სწორედ ამ ფეხბურთელის შეძენაა და მხოლოდ აგენტი აქ არაფერ შუაშია.
როდესაც მოურინიო მადრიდის რეალში მოვიდა მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება არბელოას ეხებოდა, პორტუგალიელმა ესპანელი მცველი შეაქო და თქვა, რომ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ ალვარომ მოახდინა მასზე, თუმცა როგორც შემდეგში აღმოჩნდა მარსელომ უფრო გააოცა განსაკუთრებული და სამუდამოდ ჩაიბარა დაცვის მარცხენა ფლანგი.
მიხუედავად იმისა, რომ მარსელო შესანიშნავად გამოიყურებოდა მთელი სეზონის განმავლობაში დაცვაში გარკვეული შეცდომები ჰქონდა, განსაკუთრებით დიდ თამაშებში. მომავალ სეზონში ბარსას ჰეგემონია უნდა დასრულდეს და ამისათვის რეალს საუკეთესო ფეხბურთელები სჭირდება. ლა ლიგას სხვა გუნდების დამარცხებას თეთრები მარსელოს გარეშეც შეძლებენ, კატალონიელებთან ბრძოლა კი სხვა საქმეა.
მოურინიომ ესპანეთის დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ თავის თანამემამულეებზე დიდი აქცენტი გააკეთა. რონალდო ფლანგზე თამაშობს და უამრავ გოლს "ყრის" აგრეთვე ხშირად არიგებს საგოლე გადაცემებს. კარვალიო მადრიდის რეალის უცვლელი მცველი გახდა. პეპემ კი ყველაზე დიდი სამუშაო შეასრულა კლასიკოებში. მართალია ჟოზე უკვე დიდი ხანია პორტუგალიიდან წამოვიდა და სხვა ქვეყნის გუნდებს წვრთნის, მაგრამ მან ყველაზე უკეთესად იცის ამ ქვეყნის ფეხბურთელების ხასიათი, ფსიქიკა და ის ფაქტიც მოეხსენება, რომ ტაქტიკურად პორტუგალიელები კარგად არიან განსწავლულნი. ამაზე ლივერპულის ფეხბურთელის რაულ მეირელეშის სიტყვებიც მოწმობენ: "ნაკრები შეიცვალა მხოლოდ იმ გაგებით, რომ ახლა უკეთესად ვასრულებთ მწვრთნელის დავალებებს. ვიცით, რომ რაც გვევალება ის უნდა გავაკეტოთ."
ტაქტიკური დისციპლინა ერთია, ნდობა კი მეორე. 20 მილიონის იმ ფეხბურთელში გადახდა, ვინც იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელიც მადრიდის რეალში ყველაზე ძლიერია ცოტა ალოგიკურად ჩანს. თან იმის გარანტიას კოენტრაოს ვერავინ მისცემს, რომ იგი მარსელოს აჯობებს.
ერთ-ერთ ინტევრიუში კი კოენტრაომ განაცხადა: "მზად ვარ ვითამაშო მადრიდის რეალში ნებისმიერ პოზიციაზე." ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ ფეხბურთელი ნებისმიერ ფასად არის მზად თეთრების ღირსების დასაცავად და რასაც დაავალებენ იმის შესრულებასაც არ იუკადრისებს, პირიქით დიდი სიამოვნებით და პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის "მისიას".
კოენტრაომ შესაძლოა ყველაზე უკეთესად იცის რას უპირებს მას ჟოზე და სად უნდა ითამაშოს მან.. შეზაძლოა პორტუგალიელ მცველს მარსელოსთვის კონკურენციის გაწევა არ დასჭირდეს და მარჯვენა ფლანგზე დაიკავოს ადგილი.
დააკვირდით კოენტრაოს თამაშს, იგი შესანიშნავია დაცვაში, აქვს ფანტასტიური სისწრაფე და ფლობს მცველისათვის შესაშურ დრიბლინგს, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე გაამახვილეთ ყურადღება, რომ იგი არასოდეს იყენებს მარჯვენა ფეხს. ალბათ ამ ყველაფრის ჩამოთვლისას ანხელ დი მარია გაგახსენდათ, რომელიც აგრეთვე ბენფიკაში ასპარეზობდა. როდესაც მსოფლიო არგენტინელის შესაძლო გამადრიდელებაზე საუბრობდა, ყველას უჩნდებოდა კითხვა სად უნდა ითამაშოს მან, როდესაც მარცხენა ფლანგს რონალდო აკონტროლებს? მაგრამ მოურინიომ იპოვა გამოსავალი და ანხელი მარჯვენა ფლანგზე დააყენა. სწორედ იგივეს უპირებს მოურინიო კოენტრაოსაც, რომელიც დი მარიასთან ერთად ბენფიკაში მარცხენა ფლანგზე თამაშობდა და შესანიშნავ "აწყობდა" არგენტინელთან.
კოენტრაოს მარჯვნივ დაყენებით რამოსი ცენტრში შეიწევს, სადაც იგი პეპეს ან კარვალიოს შეუწყვილდება და მადრიდის რეალიც ცენტრალური დაცვა უფრო მეტად გაუვალი გახდება. სწორედ ამ ტაქტიკას მიმართავდა კლსიკოში მოურინიო, ოღონდ მარჯვენა ფლანგზე ალვარო არბელოას აყენებდა, ახლა მის ადგილს კოენტრაო დაიკავებს. ხოლო დაცვითი სტილის თამაში თუ დასჭირდება პორტუგალიელს მაშინ ესპანელი დადგება ძირითად შემადგენლობაში.
მოურინიოს რეალში ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის რომ არ აქვს, ამაზე გუნდის ძვირადღირებული სათადარიგო სკამიც მეტყველებს. თამაშში პირველივე წუთებიდან ხშირად ვერ ერთვებოდნენ: კაკა, იგუაინი, ბენზემა და ხანდახან მესუთ ოზილიც კი. ასე რომ კოენტრაოს და მარსელოს მაინც მოუწევთ ერთმანეთისათვის კონკურენციის გაწევა და ძირითადში ის ითამაშებს, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება. მოურინიოს სულაც არ უნდა რომელიმე ფეხბურთელის დაჩაგვრა, უბრალოდ მას სურს ისეთი კლუბის ჩამოყალიბება, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო იქნება.
ჰუგო ალმეიდას აზრით კოენტრაო მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია და ასეთი ფეხბურთელის შეძენა მარჯვენა ფლანგზე სათამაშოდ არც თუ ურიგო ნაბიჯი იქნება, რადგან იგი შესანიშნავად აითვისებს ამ პოზიციას და დაეხმარება გუნდს უკეთესი შედეგის მიღწევაში. მოურინიომ იცის, რომ ბარსას დამარცხება 11 კაცით შეუძლებელია, ამიტომ მას სჭირდება 22 მსოფლიოს კლასის ფეხბურთელი.
- 3 ივნისი 2011
- 3 818
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.