''ლეგენდებმა რა ჰქმნეს''
ზოგადი სტატისტიკური მონაცემები და შეფასებები, თუ როგორ ჩაატარეს წლევანდელი სეზონი ''ბლანკოსიდან'' ძალით თუ ნებით აბარგებულმა მადრიდისტებმა...
ევროპის კონტინენტზე საფეხბურთო ციებ-ცხელებას საზაფხულო ''ცხელება'' ცვლის და შესაბამისად ევროპული ლიგებიც დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მოკლედ მიმოვიხილოთ და შევაჯამოთ, თუ როგორი გამოდგა წლევანდელი სეზონი მათთვის - ვინც ერთ დროს მადრიდრის ''რეალის'' ღირსებას იცავდნენ.
როგორც ყოველთვის შესანიშნავი სეზონი ჰქონდა პერესის უმოწყალო პოლიტიკას შეწირულ ''ელ კაპიტანოს'', რაულ გონსალეს ბლანკომ 50-ჯერ მოასწრო გერმანული ''შალკეს'' მაისურის მორგება და 19-ჯერაც წარმატებით გაისროლა გელზენკირხენული კლუბის სასარგებლოდ. მიუხედავად ''ბუნდესლიგაში'' გუნდის წარუმატებელი გამოსვლისა, ''ჩრდილო გერმანელებს'' ჩემპიონთა ლიგაზე გაუმართლათ და ნახევარფინალამდეც კი მიაღწიეს. როგორც მოგეხსენებათ, რაული ზემოთაღნიშნული ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და ''უეფას'' ეგიდით დღემდე ჩატარებულ ტურნირებზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. წელს ''დიდმა შვიდიანმა'' 5-ჯერ აიღო მეტოქის კარი ''შალკეს'' მაისურით და გუნდი ნახევარფინალამდე მიიყვანა. აგერ უკვე ხვალ, 21 მაისს, შუაგულ ბერლინში, ოლიმპიაშტადიონზე, თავის პირველ გერმანულ ფინალს ითამაშებს რაული, დაუპირისპირდება რა დუისბურგს და შეეცდება კიდევ ერთი თასი შემატოს თავის აურაცხელ ტიტულებს. წარმატებები მას...
25 წლიანი სამსახურის შემდეგ, თურქულ ''ბეშიქთაშში'' გამწესებულმა ხოსე მარია გუტიერესმაც გაილაღა და არც მეტი არც ნაკლები შუა სეზონში ჯერ მხოლოდ თვეების მისულმა ''კასტილიელმა'' კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. შავ-თეთრი მაისურით 30-ჯერ იასპარეზა და აქედან 11-ჯერ გოლის გატანაც მოახერხა, არც საგოლე პასებისთვის დაუკლია ფეხი და თურქი ათლეტების მიერ გათელილ მოედნის საფარზეც მყარად ეჭირა ცენტრი. გელზენკირხენლების არ იყოს ვერც ''ბეშიქთაში'' წყვეტს ვარსკვლავებს თუმცა მეხუთე ადგილს არ გაურბის და ჯერ კიდევ ცდილობს რის ვაი-ვაგლახით აწყობილი გუნდის შენარჩუნებას. შეგახსენებთ რომ გუტის მხარდამხარ თურქულ კლუბში სხვა ცნობილი ფეხბურთლებიც ასპარეზობენ: რუშთუ რეკბერი, რიკარდო ქუარესმა, ჰუგო ალმეიდა და ა.შ. იმედია გაისად მაინც ლეგენდარული 14 ნომერი ''ბეშიქთაშისთვის'' მე-14 ტიტულს თვითონვე აღმართავს...
''ბლექბერნის'' საქმე რომ შავად მიდის ეს მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით მიჩელ სალგადოზე. მიუხედავად ასაკისა 35 წლის მცველს დღემდე არ დაუკარგავს ფორმა და პრემიერლიგურ ტემპსაც მშვენივრად ეგუება. ორ სეზონში 62-ჯერ იასპარეზა ''მოხეტიალეების'' რიგებში და მწვრთნელების ქებაც დაიმსახურა. როგორც თვითონ განაცხადა დიდი სიამოვნებით დარჩება ინგლისურ კლუბში თუ კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ, მაგრამ ''ბლექბერნს'' ბოსები შეეცვალა და იქ ისეთი ამბავია დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში, აგერ უკვე გასავარდნ ზონაში მყოფ კლუბს ბურთაობას უწუნებენ თურმე და რომ არა ბოლოს წინა ტურში მანჩესტერელების მიერ ჩახუტებული ქულა, სრულებით შესაძლებელია მიჩელი უკვე მკლავზე ჩემპიონშიფის გერბით გვეხილა, თუმცა ეს თეორიულად ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული. წარმატებები მიჩელს...
ჰოლანდიურ ტრიოსაც შევეხოთ ორიოდ სიტყვით. ''რეალიდან'' "გაპანღურებულმა" ნიდერლანდელებმა წელსაც მშვენიერი სანახაობა აჩვენეს მაყურებელს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს ყველას, რომ ლეგენდა ''მფრინავ ჰოლანდიელებზე'' (Flying Dutchman) მართალია... ტრიო კი შემდეგი ფეხბურთლებისგან შედგება: ვან დერ ვაარტი, შნეიდერი, რობენი. ჰუნტელაარი და დრენტე კი ისევ იმ ჰუნტელაარად და დრენტედ დარჩნენ, ორიოდ მეტრიდან ბერნაბეუს ხასხასა ბალახზე გაგორებულ ბურთს ფეხს რომ აცილებდნენ და კიდევ ერთ უსაქმურ ჟულიენ ფობერთან ერთად ანეკდოტებს ყვებოდნენ ვარჯიშზე...
- 20 მაი 2011
- 3 803
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.