”ბარსელონა” - ”რეალი”. პრევიუ
მომავალი ”ელ კლასიკო” განსაკუთრებული იქნება, ვინაიდან ეს თამაში გადაწყვეტს ისევე როგორც გამარჯვებულის, ასევე ჩემპიონის ბედსაც, რადგან ”რეალი” და ”ბარსელონა” თასის ფინალში ითამაშებენ, სადაც გუნდი ერთი მოგებით ხდება ჩემპიონი...
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდში მოსვლის თანავე განაცხადა, რომ სამეფო თასი იქნებოდა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა დივიზიონი. ეს სიტყვები სიტყვებად არ დარჩენილა და ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა მართლაც დიდი ყურადღება დაუთმო აღნიშნულ ტურნირს. დღეს კი ჟოზეს და კამპანიას აქვთ იმის იმედი, რომ მათი შრომა ფუჭად არ ჩაივლის და ”რეალი” პირველ ტიტულს დაეუფლება ამ სეზონში. იკერ კასილასის განცხადებით, ”ბლანკოსის” გულშემატკივრები მზად არიან მხარი დაუჭირონ საყვარელ კლუბს და მათ აქვთ მომზადებული სპეციალური შეძახილები: ”მათთვის უნდა მოვიგოთ, ფეხბურთელებისთვის და ასევე ჩვენთვისაც”.
20 000-ზე მეტი მადრიდისტა ეწვევა ”მესტალიას”, საიდანაც ისინი მხურვალე აპლოდისმენტებით გაამხნევებენ თავიანთ ფეხბურთელებს. იკერმა აღნიშნა, რომ გულშემატკივართა დახმარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება. ”რა თქმა უნდა, ქომაგები ჩვენ მაგივრად ვერ ითამაშებენ, თუმცა მათ შეუძლიათ გასწიონ მე-12 მოთამაშის ფუნქცია და ბოლომდე გვედგნენ გვერდში” - ეს სიტყვებიც კასილასს ეკუთვნის, რომელსაც არასოდეს მოუგია კოპა დელ რეი.
ჟოზე მოურინიომ დაასახელა იმ 19 ფეხბურთელთა სია, რომლებიც განაცხადში მოხვდნენ. ესტებან გრანერომ მოიპოვა მწვრთნელის ნდობა და ის 19 კაცში შევიდა, ხოლო რაც შეეხებათ ლასსა და გაგოს, ისინი ტრავმირებულები არიან. პედრო ლეონი და კანალესი კი მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩნენ განაცხადს მიღმა.
სავარაუდოდ ”ბარსელონას” სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის კრიშტიანო რონალდო, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და გოლს გოლზე იტანს. აღსანიშნავია, რომ მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელმა ლიდერმა, ამ სეზონში, უკვე 41 გოლის გატანა მოახერხა და დიდი ალბათობაა იმისა, რომ მან თავისი პირადი რეკორდი მოხსნას ერთ სეზონში გატანალი გოლების მხრივ. ასევე ხაზგასასმელი ფაქტია, რომ წინა ”კლასიკოში” რონალდომ კატალონიელებს 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაუტანა, რითაც მან დაარღვია უსიამოვნო ტრადიცია და გაუტანა გოლი მოსისხლე მტერს.
ჟოზე მოურინიოს მსგავსად, ხოსეპ გვარდიოლაც დიდი სერიოზულობით ეკიდება სამეფო თასის ფინალს. ესპანელმა სპეციალისტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ კარლეს პუიოლი და ადრიანო, რომლებიც ითამაშებენ ”რეალთან”. ასევე გუნდს უბრუნდება ხავიერ მასკერანოც, რომელმაც ”სანტიაგო ბერნაბეუზე” დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ეს ფინალი, ხავისთვის 50-ე თამაში იქნება სამეფო თასზე.
მაშ, ასე, სამეფო თასის ფინალი იქნება მეორე ”ელ კლასიკო” აპრილის შუიდან, მაისის დასაწყისამდე, მაგრამ აღნიშნული თამაში იმით გამოირჩევა სხვებისგან, რომ აქ ყველაფერი ერთ თამაშში გაირკვევა. ”მესტალია” - ეს ის ადგილია, სადაც ”რეალმა” 17 წლის წინ მოახერხა ამ ტურნირის მოგება, იმედია სამეფო კლუბი კიდევ მოახერხებს და მოიპოვებს წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას.
- 20 აპრილი 2011
- 3 290
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.