დათო: "5 თვის წინ მეც "შალკეს" გულშემატკივარი გავხდი"

გთავაზობთ პროექტ - "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან" მომდევნო ინტერვიუს,რომელიც ავიღე შემსწორებელ დათო დათუნაშვილისგან (dato818). ჩემმა რესპოდენტმა თითოეულ კითხვას დაწვრილებით და კონკრეტულად იპასუხა. როგორც წინა ინტერვიუები,ესეც ძალიან საინტერესო გამოვიდა...

პირველ რიგში მოგესალმები დათო.

გამარჯობა ვახო. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო ასეთი წამოწყებისთვის. ნამდვილად კარგი იდეაა და ჩვენს საიტს უფრო მრავალფეროვანს გახდის.

თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?

მე ვარ დათო დათუნაშვილი. 19 წლის. ვსწავლობ ქ.ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესმართვის ფაკულტეტზე. ჩემი ძირითადი საქმიანობა დღესდღეობით არის სწავლა.

რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?

მას შემდეგ, რაც ვნახე 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი.

გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?

ეს მიზეზი არის რაულ გონსალეს ბლანკო. მახსოვს, როგორი ინტერესით ელოდა მთელი საფეხბურთო სამყარო ფინალს, “რეალსა” და "ვალენსიას" შორის. "რეალმა" კი მისი მეტოქე გაანადგურა 3-0, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, მეტად იშვიათი ანგარიშია. ამ შეხვედრაში, სწორედ რაულის თამაში მომეწონა ყველაზე მეტად და გონალესის გამო თითქმის ყველა თამაშს ვუყურებდი, რომელშიც მთავარი მოქმედი პირი რაული იყო.. შემდეგ "რეალში" გადმოვიდნენ, ფიგუ, ზიდანი და რონალდო. ეს რაღაც აუღწერელი იყო. ყოველ თამაშში სპექტაკლებს დგამდნენ, რასაც შემდეგ თეთრი ბალეტი შეარქვეს, ძალიან მინდა "რეალი" იმ დონეს ისევ დაუბრუნდეს.

შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.

ჩემი აზრით, შეუძლებელია, ასე ორიოდე სიტყვით ამის ახსნა, არ გამომივა. უბრალოდ ვიტყვი, “რეალი” უფრო მეტია, ვიდრე კლუბი. ის ჩემი ცხოვრების ნაწილია.

რომელი მატჩი ან მატჩები დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

ყველაზე გამორჩეული ჩემთვის არის, “ბლანკოსის” პირველი მატჩი, რომელსაც ვუყურე(2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი), აგრეთვე გამოვარჩევდი, 2003 წლის “მანჩესტერთან" ჩატარებულ ორ მატჩიან დუელს. ვფიქრობ, ეს დუელი, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. აგრეთვე, რა თქმა უნდა, ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს, სადაც რაულის შესანიშნავად შესრულებული დარტყმის და ზიდანი შედევრის შედეგად მე-9-დ გავხვდით ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელები.

შენი აზრით რომელი გოლია საუკეთესო "ბლანკოსის" ისტორიაში?

სამწუხაროდ, არ მაქვს “რეალის” ყველა გოლი ნანახი, ეს შეუძლებელია, მაგრამ მე რომლებიც ვნახე, გამოვარჩევდი, რა თქმა უნდა ზიდანის შედევრს "ლევერკუზენის ბაიერთან" და ასევე რაულის ბრწყინვალე გოლს, რომელიც მან "ატლეტიკოს" გაუტანა.

რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?

არ ვიცი, რამდენად კურიოზია, მაგრამ ერთხელ, მეტად არასასურველი რამ გადამხდა. ძმაკაცებმა გადავწყვიტეთ “ელ კლასიკოს” ერთად ყურება. მატჩის დღეს ახლობელის დაბადების დღეზე დავლიე, ხოლო როცა ავტობუსში ჩავჯექი და ჩემი აზრით, ძმაკაცის სახლისკენ ავიღე გეზი, თურმე სულ სხვა ავტობუსში ჩავმჯდარვარ, რომელიც ქალაქიდან გადიოდა რომელიღაც სოფლის მიმართულებით.როცა ამას მივხვდი, უკვე სოფელში ვიყავი. “ელ კასიკოს” თამაშის დროს სოფლის გზაზე ვიდექი და საპირისპირო ავტობუსს ვუცდიდი.

რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ეს არის რაული. ფეხბურთი სწორედ მან შემაყვარა. გაოცებული ვიყავი ესპანელის თამაშით. ის უამრავ გოლს იტანდა და ამას აკეთებდა ძალიან მარტივად. გონსალესი მართლაც განსაკუთრებული თავდამსხმელია. მე არ მახსოვს ერთი თამაშიც კი, სადაც მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს მოეხერხებინათ გამკლავებოდნენ რაულს. საქმე გოლის გატანაზე არაა. მას ნებისმიერი პოზიციიდან შეეძლო გუნდისთვის სარგებელის მოტანა. ამას ისიც ემატება, რომ რაული ცხოვრებაში ძალიან კარგი ადამიანია. ის მაგალითია ნებისმიერი დამწყები და არამარტო დამწყები ფეხბურთელებისთვის.

რომელი გუნდი და ფეხბურთელი არ მოგწონს ყველაზე მეტად და რატომ?

გამორჩეულად, არცერთი გუნდის მიმართ არ ვარ უარყოფითად განწყობილი, მაგრამ როგორც "რეალის" გულშემატკივარი, ყოველთვის ვგულშემატკივრობ “ბარსელონას” მოწინააღმდეგე გუნდს. ყველაზე მეტად არ მომწონს დანიელ ალვაში. ვფიქრობ, ის უფრო მეტს ლაპარაკობს ვიდრე აკეთებს.

მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. პელეგრინი და მოურინიო,მართალია ამ ორი მწვრთნელის შედარება სრული უაზრობაა,მაგრამ როგორ შეაფასებდი მათ მოღვაწეობას "ბლანკოსში? შენი აზრით, რომელმა უფრო ნაყოფიერად იმოქმედა?

ჩემი აზრით, მართლაც უაზრობაა ამ ორი მწვრთნელის შედარება. დღესდღეობით, ბევრი ამბობს, რომ პელეგრინის გუნდი უფრო შემტევ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და გუნდი უფრო მეტ გოლს იტანდაო. მოდი გავიხსენოთ, პელეგრინის მოსვლა. სწორედ მან გადაიყვანა რაული სათადარიგოთა სკამზე, მან გაბედა და გუნდის ლეგენდა - ხოსე მარია გუტიერესი დასაჯა და რამოდენიმე მატჩი არ ათამაშა. პირველად, სწორედ ჩილელმა სპეციალისტმა გაბედა და გუნდს ერთი ფორვარდით ათამაშებდა, რაც "რეალისთვის" მიუღებელია. აგრეთვე პელეგრინი გუნდს ათამაშებდა ორი ჩამშლელით. ეს კი ნამდვილად არ არის შემტევი ფეხბურთი, რადგან ბევრი გოლის გატანა არ ნიშნავს, რომ გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ის უამრავი გოლი, რომელიც გუნდმა შარშან გაიტანა ვთვლი, რომ საერთოდ არ არის მანუელის დამსახურება. 2009/10 სეზონში გუნდის წარმატება, თუ მას ასე შეიძლება ვუწოდოთ, განაპირობა რონალდოსა და იგუაინის ბრწყინვალე ტანდემმა. წელს კი გონსალომ ტრავმა მიიღო და "ლა ლიგაში" რონალდოს შემდეგ, ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს დი მარიას, რომლმაც მხოლოდ 6-ერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთ პირობებში, როცა გუნდს არ ჰყავს უმაღლესი დონის ფორვარდი, რთულია ბევრი გოლის გატანა. მე არ მახსოვს ერთი თამაშიც მაინც, სადაც პელეგრინის გუნდმა, უშუალოდ მწვრთნელის ტაქტიკით მოახერხა მოგება. გავიხსენოთ "ალკოკრონი", "ლიონი", ბოლოსდაბოლოს ორივე "ელ კლასიკო". აღარ შეიძლებოდა ამ მწვრთნელის დატოვება გუნდში. ამ თემაზე ძალიან ბევრი შეიძლება საუბარი, მაგრამ საკმარისად ჩამოვაყალიბე რისი თქმაც მინდოდა. პელეგრინი არ იყო ის მწვრთნელი, რომელიც "რეალს" სჭირდებოდა. ჟოზე მოურინიოს გუნდი კი ბევრად უფრო მრავალფეროვან ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ უკვე გავედით ესპანეთის თასის ფინალში. "მილანი" დავამარცხეთ და "ლიონთან" განმეორებითი მატჩის წინ ძალიან კარგი შედეგი გვაქვს.

ემანუელ ადებაიორი კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა 6 თვით. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით? იყო საჭირო ტოგოელის გადმოყვანა "რეალში"?

კი ნამდვილად. მე ყოველთვის ვიცავდი ბენზემას, მაგრამ უკვე აზრი შევიცვალე. ვფიქრობ, ფრანგი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც "რეალს" ამ პოზიციაზე მოერგება. იგივე აზრზე ვარ ადებაიორზეც, მაგრამ ტოგოელის შეძენით კონკურენცია მოიმატებს. აგრეთვე ვფიქრობ, რომ ემანუელს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ გუნდს მოერგოს. ის კარიმზე ბევრად უფრო სწრაფია და რაც მთავარია, ტოგოელი ფეხბურთელის პოზიცია არის ცენტრ ფორვარდი. სწორედ ეს სჭირდება დღეს "რეალს". ადებაიორი არის მაღალი, თავით კარგად თამაშობს და ტექნიკურადაც კარგი ფეხბურთელია. ვფიქრობ, თუ ჟოზე მას შანს მისცემს, ემანუელს დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია.

გონსალო იგუაინის ტრავმის შემდეგ აშკარად გაოჩნდა სისუსტეები თავდასხმის ხაზში. მართალია არგენტინელი საგოლე მომენტებს ანიავებდა,მაგრამ ისიც აღსანიშნავია,რომ უმეტეს შემთხვევაში სწორედ მისი კარგი თამაშის ხარჯზე აღწევდა გამარჯვებას "ბლანკოსი" სეზონის პირველ ნაწილში. რას იტყვი პიპიტასა და ზოგადად თავდასხმის ხაზში შექმნილ ხარვეზებზე?

იგუაინის მიმართ პირველად ძალიან ცუდი დამოკიდებულება მქონდა. ვაღიარებ, რომ ვცებოდი ამ ფეხბურთელის მიმართ. ვფიქრობ, პიპიტა იდეალური ფორვარდია დღევანდელი "რეალისთვის". მას აქვს საოცარი გოლის გატანის ალღო. რაც დღევანდელ ფეხბურთში ძალიან დასაფასებელია. იმედია გონსალო მოახერხებს კვლავინდებურ ფორმის აღდგენას და ამ სეზონშიც მოახერხებს გუნდის დახმარებას.

დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?

კრიშტიანო რონალდო.ის ნამდვილი ლიდერია დღევანდელ "რეალში". სწორედ პორტუგალიელზეა დამოკიდებული მთელი გუნდი. როცა კრიშტიანოს თამაში არ მისდის, ეს გუნდსაც ეტყობა. მაგალითად, რონალდო წინა 4 თამაშის განმავლობაში ვერ ახერხებდა გოლის გატანას. აქედან გუნდმა ორ თამაშში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. აგრეთვე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კაკამ ფორმა აღიდგინოს. ოზილი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა იმისთვის, რომ "რეალის" გამთამაშებელი გახდეს და მნიშვნელოვან თამაშებში გუნდს წინ წაუძღვეს. ეს კარგად გამოჩნდა “ელ კლასიკოზე”. სადაც სწორედ, გამთამაშებელზე იყო ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. თუ რიკარდო ფორმაში ჩადგება, გუნდს მისი სახით ძალიან დიდი ძალა დაემატება და "რეალი" კიდევ უფრო ძლიერი გახდება.

ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?

არ მყავს ეგრე გამორჩეული. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია გუნდისთვის. თუ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც არ შეუძლია სარგებელის მოტანას, მაშინ არამგონია მოურინიოს ის დაეტოვებინა გუნდში.

რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?

ვფიქრობ, დღეისათვის "რეალისთვის" მთავარი არის კაკას და იგუაინის ფორმაში ჩადგომა. თუ ეს ასე მოხდება დარწმუნებული ვარ, იდეალური გუნდი გვეყოლება. ერთ ფეხბურთელს მაინც გამოვარჩევდი. ეს არის ნეიმარი. ვფიქრობ ბრაზილიელი ერთერთი საუკეთესო გახდება მსოფლიოში და შემდეგ რეკორდული თანხების გადახდას, სჯობია ეხლა იყიდოს პერესმა და ნეიმარით "რეალს" ძალიან კარგი მომავალი ექნება.

რაული და გუტი. ალბათ მადრიდისტებისათვის ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით და ვის მიიჩნევ დამნაშავედ მათ წასვლაში?

ვფიქრობ, ორივე ფეხბურთელი თავისი სურვილით წავიდა გუნდიდან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სურვილები გამოიწვია სხვადასხვა მიზეზებმა. მე არ მესმის, რატომ განაცხადა გუტიმ "ბარსელონასთან" მატჩზე, რომ ეს მისი ბოლო “ელ კლასიკო” იყო. მას შემდეგ, გუტის უკვე აღარ შეეძლო დარჩენა. ხოლო რაც შეეხება რაულს, ეს რა თქმა უნდა დაკავშირებულია სათამაშო დროსთან. პელეგრინის “დახმარებით” რაული ფორმიდან ამოვარდა და ის სათამაშო დრო, რაც გონსალესს "რეალში" ექნებოდა არ იყო მისთვის საკმარისი, რათა მას ბოლომდე ეჩვენებინა თავისი შესაძლებლობები. აგრეთვე ძალიან რთულია ასეთი ლეგენდისთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. რაული ხომ უბრალო რიგითი ფეხბურთელი არაა. ბევრი ალბათ იტყვის, მაშ რატომ არ დაასრულა კარიერა. მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაასრულოს კარიერა, როცა თამაში შეუძლია, როცა მას კიდევ შეუძლია გაახაროს ჩვენი გულები მისი თამაშით და გოლებით. აგრეთვე, გონსალეს ძალიან უნდოდა უგო სანჩესის რეკორდის მოხსნა და ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

"რეალი" - "ატლეტიკო", კლასიკოს მერე ყველაზე მნიშვნელოვანია მატჩია "ბლანკოსისთვის". რა შეგიძლია თქვა მადრიდულ დერბიზე?

ეს ნამდვილად ისტორიული დაპირისპირებაა. ორივე უდიდედსი ისტორიის გუნდია და მათი მატჩები ყოველთვის საინტერესო გამოდის.

გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?

ალბათ, როგორც უმეტესი მადრიდისტა და აგრეთვე ფლორენტინოს პერესი, 5 თვის წინ მეც "შალკეს" გულშემატკივარი გავხვდი.

სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?

ბავშვობიდან გამორჩეული მყავს ორი ნაკრები - ესპანეთი და ბრაზილია. თუ ესპანეთის გულშემატკივრობა ძირითადად რაულმა განაპირობა. ბრაზილიას ქომაგობა დავიწყე, რადგან ძალიან მომწონდა მათი თამაშის ყურება. ვფიქრობ ეს ორი ნაკრები შემტევი ფეხბურთის ეტალონია.

პელე და მარადონა - ორი ადამიანი,რომლებმაც შექმნეს ფეხბურთის ისტორია, ერთი მეფედ,ხოლო მეორე ღმერთად არის წოდებული. შენ ვის დაასახელებდი საუკეთესოდ ამათ შორის?

არ შემიძლია რომელიმეს დასახელება, რადგან არ მაქვს სრულად მათი თამაშები ნანახი, მაგრამ საფეხბურთო სამყარომ და ექსპერტებმა, რომლებმაც ორივე ფეხბურთელის კარიერა იხილეს, საუკეთესოდ პელე მიიჩნიეს. ესე იგი, სწორედ პელეა საუკეთესო.


ყველას ვეკითხები ამას და არც შენ იქნები გამონაკლისი. ქართული ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა დღევანდელ სპორტულ ცხოვრებაში. მე მაინტერესებს შენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ძალიან რთულია იქნება ქართულის ფეხბურთის მაღალ დონეზე აყვანა, რადგან ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან. აგრეთვე, უნდა არსებობდნენ კვალიფიციური მწვრთნელები, რომლებიც არა ფულის კეთებაზე, არამედ ბავშვის უმაღლეს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაზე იფიქრებენ. თუ საქართველოს ეყოლება ძლიერი თაობა, მაშინ ქართული ფეხბურთიც წინ წაიწევს.

და ბოლოს, რამდენად კმაყოფილი ხარ ადმინისტრატორებთან ერთად მუშაობით და რა ურთიერთობები გაქვს მათთან?

ადმინისტრატორებთან იშვიათად მაქვს კონტაქტი,მაგრამ ეს არ არის აუცილებელი.საიტს ყოველდღიურად კონტროლი სჭირდება.ადმინისტრატორები დიდ სამუშაოს ასრულებენ,რასაც მომხმარებლები ვერ ხედავენ.ვფიქრობ, საიტს საკმაოდ კარგი ადმინისტრაცია ჰყავს.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

მეც ასევე მინდა მადლობა გადაგიხადო. მართლაც, საინტერსო შეკითხვები იყო.აგრეთვე, შენც წარმატებას გისურვებ.

გაიხარე.


სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)