სანდრო: "ჩემთვის ფეხბურთი მადრიდის "რეალია""
გთავაზობთ პროექტ - "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან" მესამე ინტერვიუს,რომელიც ავიღე სანდრო დავითაშვილისგან (Sandrika). ჩემმა რესპოდენტმა კითხვებს ამომწურავად უპასუხა და შესაბამისად ინტერვიუც საინტერესო გამოვიდა...
პირველ რიგში მოგესალმები სანდრო.
გამარჯობა ვახო, პირველ რიგში საიტის ადმინისტრაციის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადო ამ პროექტის წამოწყებისათვის. HalaMadrid.Ge უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა.
გაიხარე. თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?
მე ვარ სანდრო დავითაშვილი, 19 წლის. ამჟამად ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, მესამე კურსზე. ჩემი ძირითადი საქმიანობა ჯერ-ჯერობით სწავლა არის.
რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?
მადრიდის "რეალს" დაახლოებით 2000 წლიდან ვგულშემატკივრობ.
გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?
როდესაც მე ფეხბურთის ყურება დავიწყე, შეუძლებელი იყო არ მოხიბლულიყავი სამეფო კლუბის თამაშით, მაშინ სამეფო კლუბში ირიცხებოდნენ: ზიზუ, ფიგუ, რონალდო, რაული, ბექჰემი, კარლოსი, იერო და ა.შ. შეუძლებელი იყო მათ მიმართ ანტიპათია გაჩენოდა ადამიანს.
რას ნიშნავს იყო მადრიდის "რეალის" ფანი?
ფეხბურთი, როგორც ჩემთვის ასევე უამრავი ადამიანისათვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩემთვის ფეხბურთი მადრიდის "რეალია". იგი მსოფლიოს მერვე საოცრებაა.
რომელი მატჩი ან მატჩები დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
რა თქმა უნდა ლიგის ფინალი ლევერკუზენთან, როდესაც ზიდანმა ბრწყინვალე გოლი „შეაგდო“. აგრეთვე კლასიკო, რომელშიც "თეთრებმა" კატალონიელების კორიდორში გაიარეს.
შენი აზრით რომელი გოლია საუკეთესო "ბლანკოსის" ისტორიაში?
ზიდანის გოლის გარდა გამოვყოფდი რობერტო კარლოსის მიერ გატანილ გოლს კუთხურის ხაზიდან, როდესაც სასწაული ტრაექტორიით და სისწრაფით გადაკვეთა ბურთმა მეტოქის კარი... თუ არ ვცდები "ვალიადოლიდი" იყო მაშინ რეალის ოპონენტი.
რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?
ამ კურიოზს რომ მოვყვები. ჩვენი ერთ-ერთი ადმინისტრატორი გიორგი ალბათ მომკლავს, მაგრამ მაინც გავრისკავ. ალბათ ყველას გახსოვთ 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "რეალი" და "რომა" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გასვლითი მატჩის დაწყებამდე გიორგიმ დამირეკა და მითხრა: „დღეს "რეალი" 2:1-ს წააგებს. მადრიდში 3:0-ს ვიგებთ.“ მე კი ვუპასუხე, რომ თუ რომელიმე ანგარიში დაჯდებოდა მას ზედმეტსახელს შევარქმევდი, რომელსაც ახლა არ დავასახელებ(პირადი უსაფრთხოების მიზნით). სწორედ ამ ანგარიშით წააგო ორივე მატჩი "რეალმა" და იმ დღის შემდეგ მეც და გიოც ამ ზედმეტსახელის ღირსეული „მფლობელები“ ვართ.
რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?
მე სამი ფეხბურთელი მყავს, რომელიც ჩემთვის სამაგალითოა. ბექჰემი, ზიზუ და რაული. ბექჰემის შესანიშნავი პასები, მოედნის ხედვა და საჯარიმოს შესრულების მანერა უნაკლო იყო. ზიდანი კი მომწონდა მისი ჭკვიანური თამაშის გამო, პირადად მე მისი ჩაგდებული მატჩი არ მახსოვს. რახ შეეხება რაულს მასზე ლაპარაკი ზედმეტია... ის უბრალოდ "რეალის" სიმბოლოა!
რომელი გუნდი და ფეხბურთელი არ მოგწონს ყველაზე მეტად და რატომ?
ყველაზე მეტად არ მომწონს "იუვენტუსი", "მილანი" და ზოგადად იტალიური გუნდები, იმიტომ რომ ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ, რაც არ არის კარგი საყურებელი. რაც შეეხება ფეხბურთელს - ფილიპო ინძაგი. მაღიზიანებს მისი თამაშის მანერა, ყველაზე უნიჭო, მაგრამ იღბლიანი ფეხბურთელია.
მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ.კლუბს სათავეში უდგას მწვრთნელი,რომელიც არის ძალიან ამბიციური, ამაყი, ხშირ შემთხვევაში უხეშიც.შენი აზრით, ეს "რეალის" თამაშზე ხომ არ აისახება?
რა თქმა უნდა მოურინიოს ხასიათი "რეალზე" აისახება, მე ვფიქრობ "რეალმა" იპოვა ის მწვრთნელი, რომელსაც იგივე სურს რაც" ბლანკოსს", ტიტულების მოგება და ისტორიის გადაწერა. იგი იდეალური მწვრთნელია მადრიდის "რეალისათვის", რადგან მოურინიო კარგი ტაქტიკოსის გარდა კარგი ფსიქოლოგიც არის, რაც საჭიროა მაღალი დონის ფეხბურთელებთან მუშაობისას.
იკერ კასილასი და სერხიო რამოსი - "რეალის" ორი უდავო ლიდერი და ნამდვილი მადრიდისტა. ბევრი საუბარი მიდის იმაზე,რომ სერხიო უფრო იმსახურებს კაპიტნის სამკლაურს ვიდრე იკერი. რას იტყვი ამაზე? შენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორი ფეხბურთელი გუნდისთვის?
რა თქმა უნდა, ორივე გუნდისათვის ცენტრალური ფიგურა არის. თუმცა მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რამოსი უნდა იყოს კაპიტანი და ამის ორი მიზეზი მაქვს. პირველ რიგში "რეალში" არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც კაპიტნის სამკლაური იმას ეკუთვნის ვისაც უფრო მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ეს წესი ძალიან მომწონს. ხოლო რაც შეეხება მეორე მიზეზს, მიმაჩნია რომ უმჯობესია სამკლაური "რეალის" აკადემიის აღზრდილს ეკეთოს, ვიდრე შეძენილ ფეხბურთელს.
გონსალო იგუაინი ვარჯიშებს დაუბრუნდა. მისი არყოფნის დროს ნათლად გამოჩნდა სისუსტეები თავდასხმის ხაზში. რა აზრის ხარ ამასთან დაკავშირებით?
სანამ პიპიტა ოპერაციას არ გაიკეთებდა მისი ატანა არ მქონდა იმის გამო, რომ მომენტებს ანიავებდა. თუმცა დღევანდელმა ინფორმაციამ გამახარა, რადგან მის გარეშე ჩატარებულმა მატჩებმა მაჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია მისი ყოფნა მოედანზე. მასთან ერთად გაქრა ის თამაში, რომელსაც "რეალი" სეზონის დასაწყისში აჩვენებდა.
დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?
ალონსოს. იგი არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს ასე ვთქვათ კულისის მოთამაშეა, რომელსაც იშვიათად ვხედავთ, მაგრამ მისი მნიშვნელობა გუნდში ძალიან დიდია.
ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?
ჩემი აზრით პედრო ლეონი და ფერნანდო გაგო. ამ ფეხბურთელების გადმობირებას რა აზრი ჰქონდა დღემდე არ მესმის.
რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?
უეინ რუნის ან სესკ ფაბრეგასის. რუნის შეუძლია ძალიან დიდი სამუშაოს შესრულება გუნდისათვის, ჩემი აზრით იგი პირველ რიგში გუნდური მოთამაშეა და შემდეგ ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, საინტერესო იქნება მისი რონალდოსთან შეწყვილება. ფაბრეგასი კი იმ პრობლემატურ ადგილს შეავსებს, რომელიც მადრიდის რეალის ნახევარდაცვის ცენტრში არის. ვფიქრობ ის შესანიშნავად შეუწყვილდება ალონსოს და კარგი ესპანური დუეტი შეიქნება, რომელიც ჩამოყალიბდება მადრიდის "რეალის" ხერხემლად, თუმცა ამ ტრანსფერების ალბათობა ძალიან მცირეა.
რაული და გუტი. ალბათ მადრიდისტებისათვის ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით და ვის მიიჩნევ დამნაშავედ მათ წასვლაში?
ჩემი აზრით მათი წასვლა მოურინიოს გადაწყვეტილება იყო, რადგან მის გუნდში მხოლოდ ერთი ავტორიტეტი უნდა იყოს და ეს ადამიანი თვითონ უნდა ყოფილიყო. რაულსა და გუტის სიტყვას კი მადრიდის "რეალში" ყოველთვის პატივს სცემდნენ.
"რეალი"-"ბარსელონა",მსოფლიოში უდიდესი საფეხბურთო დაპირისპირება ,რომელიც "ელ კლასიკოდ" არის მონათლული. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით?
ამ თემაზე ლაპარაკი ზედმეტია... ყოველ წელს საფეხბურთო სამყაროში დიდმა თუ პატარამ, ქალმა თუ კაცმა იცის, როდის გაიმართება ეს ღირსშესანიშნაობა, ამ მატჩს მხოლოდ ამ ორი გუნდის გულშემატკივრები არ ადევნებენ თვალს, მის ხილვას ყველა ელის. მე ელ კლასიკოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს შევადარებდი, რომლის ხილვის ბედნიერება წელიწადში მინიმუმ ორჯერ გვაქვს.
გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?
ძალიან მომწონს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი". ამ ორ გუნდს შეუძლია ახალგაზრდა ფეხბურთელებით ითამაშოს უმაღლეს დონეზე და კონკურენცია გაუწიოს ევროპის იმ გუნდებს, რომლებიც ასტრონომიულ თანხას ხარჯავენ ფეხბურთელების შესაძენად.
სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?
ინგლისის ნაკრებს და მიზეზი მარტივია... აქ დაირწა ფეხბურთის აკვანი. მართალია სერიოზულ წარმატებებს ეს გუნდი დიდი ხანია ვერ აღწევს, მაგრამ მე მაინც მომწონს ინგლისური ფეხბურთი.
პელე თუ მარადონა? რატომ?
ზიზუ, იმიტომ რომ მე მის ეპოქას მოვესწარი და მიმაჩნია ამ ორ ლეგენდაზე ნაკლები არაფრით იყო. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც გონებით თამაშობდა. სხარტი აზროვნების უნარი ეხმარებოდა მას გაეკეთებინა დროული მოძრაობა, გადაცემა თუ დარტყმა, რაც ფატალურად სრულდებოდა მეტოქისათვის.
ქართული ფეხბურთი - საკმაოდ მტკივნეული თემა თითოეული ქართველისთვის. როგორ ფიქრობ, რა გადაარჩენს ფეხბურთს საქართველოში?
ინვესტიციები. სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ფეხბურთი ფულთან პირდაპირ კავშირშია, თუ არ ჩაიდება ფული არ იქნება შედეგი. როდესაც ფეხბურთელები უხელფასოდ თამაშობენ ძნელია მათ რაიმე მოტივაცია ჰქონდეთ. თუმცა ინვესტიციები მარტო ფეხბურთელების „დაპურებას“ არ გულისხმობს, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, აშენდეს სტადიონები და უფრო გააქტიურდეს სელექცია. მჯერა, რომ საქართველოში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც უნდა აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ განვითარებაში და პროგრესში.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას ამ საინტერესო პროექტის წამოწყებისათვის.
სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)
- 4 მარტი 2011
- 3 160
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.