მესუთი თუ რიკი?
ორშაბათს რეალის ფეხბურთელებმა სამარცხვინოდ ითამაშეს ბარსელონას წინააღმდეგ. პირველ რიგში გულით მინდა მივულოცო კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს ეს გამარჯვება. ამ ორი გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა ის იყო, რომ ბარსას მოთამაშეებს უფრო მეტად უნდოდათ მოგება ვიდრე თეთრებისას და ამას ხელს ნოუ კამპზე მისული 90 000 გულშემატკივარიც უწყობდა ხელს.
ახლა კი რაც შეეხება ჩემს სტატიას, ოზილის გადმოსვლის შემდეგ ყველას დაავიწყდა რიკარდო კაკა, რომელიც ტრავმის გამო ვერ ეხმარება სამეფო კლუბს. ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან მესუთმა თავიდანვე შესანიშნავად მოირგო თეთრი მაისური და გულშემატკივრებს თავი ბურთთან პირველივე შეხების შემდეგ შეაყვარა. გერმანელს ყველა ის თვისება აქვს რაც გამთამაშებელს უნდა ჰქონდეს: მოედნის კარგი ხედვა, ზუსტი პასი, კრეატიული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მის არსენალში არ არის ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად სჭირდება გუნდს და ეს არის თამაშის თავის-თავზე აღების უნარი. შეიძლება ბევრი თქვენგანი შემედაოს, რომ რიგ მატჩებში ოზილმა მადრიდის რეალს გადამწყვეტი ქულები მოუტანა თუნდაც გატანილი გოლით ან საგოლე პასით, მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ იმ გუნდების ჩამონათვალი, რომელთანაც მესუთმა ითამაშა, თუნდაც იგივე აიაქსი ან მილანი დღეს იმ დონის ფეხბურთს ვეღარ თამაშობენ, როგორც ამას წლების წინ აკეთებდნენ, მათთან გამორჩეული თამაში და ერთი-ორი კაცის მოტყუება არაფერს ნიშნავს, ასე რომ იყოს მაშინ მარსელო რეალის უცვლელი ფლეიმეიქერი უნდა იყოს, რადგან ტექნიკით ოზილს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
ის კი რაც ოზილს აკლია აქვს რიკარდო კაკას, ბრაზილიელი ფეხბურთელი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია, შესანიშნავად იცის ბურთის დაჭერა, აკეთებს გამოზომილ გადაცემებს და მოკლედ რომ ვთქვათ გრძნობს თამაშს. რაც ყველაზე მთავარია მას შეუძლია შეითავსოს ლიდერის ფუნქცია. ოზილი უფერო მეტად გუნდური მოთამაშეა, რიკის ინდივიდუალურად და გუნდურად თამაში თანაბრად შეუძლია. კრიტიკოსებმა იგი ქარ-ცეცხლში გაატარეს და ხშირად ამბობენ, რომ სეზონი ჩააგდო, თუმცა მე ასე არ მიმაჩნია... კაკამ წინა სეზონში 7 გოლის გატანა შეძლო და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მას დიდი ხანი გაუცდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი გატანილი გოლები და საგოლე გადაცემები არ არის, მთავარი არის ის, რომ ბრაზილიელმა ყველა მატჩში თანაბარ დონეზე ითამაშა, თუმცა ყველაზე კარგად ერთი შეხვედრა ჩაატარა და ეს იყო მატჩი ბარსელონასთან, რომელშიც რიკიმ ნოუ კამპზე კინაღამ სასწაული მაოხდინა, თუმცა რონალდომ ყველაფერი წყალში ჩაუყარა. ამ ყველაფრის გარდა კაკას კიდევ ერთი პლიუსი არის ის, რომ შესანიშნავად უგებს პორტუგალიელ ფეხბურთელს და როდესაც ისინი მოედანზე ერთად არიან მათი შეჩერება ფაქტიურად წარმოუდგენელია. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ გუშინდელი წაგება კაკას არ ყოფნას ან მხოლოდ ოზილს დავაბრალო, რეალს იმ შეხვედრაში ვერც კაკა და ვერც ზიდანი ვერ უშველიდა. უბრალოდ კაკას მოედანზე ყოფნის შემთხვევაში გუნდს ეყოლებოდა ბურთის დამჭერი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებდა და შეეცდებოდა შეტევის წამოწყებას.
იმედი მაქვს შემდეგ კლასიკოს რიკი კარგ ფორმაში შეხვდება და სათანადოდ უმასპინძლებს ბერნაბეუზე ჩამოსულ კატალონიელებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ ისეთივე ანთებული გულით გამოვლენ მოედანზე, რომელიც ფეხბურთის დღევანდელმა ღმერთებმა, გასული საუკუნის მეფეებს წაართვეს, თუმცა იმდედი მაქვს მადრიდის რეალში გამოჩნდება პრომეთე, რომელიც მათ ცეცხლს მოპარავს და სამეფო კლუბს დაუბრუნებს.
- 1 დეკემბერი 2010
- 3 660
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.