ჟოზე: "ეს არის ყველაზე დიდი მარცხი ჩემ კარიერაში"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ელ კლასიკოს" შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს სიტუაციიდან გამოსასვლელად. მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს და ფიქრობს, რომ გუნდი "ვალენსიასთან" შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად უკვე მზად იქნება...
"ეს დამარცხება ჩემთვის რა თქმა უნდა მტკივნეულია, რადგან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა წავაგეთ. ყველაფერი ამ შეხვედრით არ სრულდება. ამ "ელ კლასიკოს" მალევე დავივიწყებთ და მომდევნო შეხვედრებზე ვიფიქრებთ. ასევე მალე მოვა აპრილის თვე, განმეორებითი შეხვედრა და "ბერნაბეუზე" გაიმართება, იქ კი უბრალოდ ვალდებულები ვართ მოვიგოთ. გვარდიოლას გუნდმა ყველა ასპექტში დაგვჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, კატალონიელებმა ფანტასტიური ფეხბურთი შემოგვთავაზეს."
"განსხვავებას "რეალსა" და "ბარსელონას" შორის სეზონის ბოლოს ვიხილავთ, მე ჯერ არ დამისრულებია ჩემი სამუშაო და ვგონებ, რომ სამეფო კლუბი უფრო ძლიერი გახდება, მომავალ "ელ კლასიკოსთვის" ჩემი მოთამაშეები გაცილებით უფრო შეთამაშებულები იქნებიან. პეპის გუნდი უკვე რამდენიმე წელია ძირითადი ბირთვით თამაშობს, მისი ფეხბურთელები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ, სწორედ ეს უნდა ჩამოყალიბდეს მადრიდულ გუნდშიც. ანგარიშში ამხელა სხვაობა არ აღნიშნავს გუნდებს შორის განსხვავებას, ჩვენ ამას დავამტკიცებთ."
"მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ამით არაფერი მთავრდება და ისინი ფსიქოლოგიურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა გატყდნენ, ეს დაუშვებელია. ჩვენ შესაძლოა კიდევ მოგვიწიოს ამ სეზონში "ნოუ კამპზე" დაბრუნება. შარშან, როდესაც მილანის "ინტერს" ვწვრთნიდი ჯგუფურ ეტაპზე "ბარსამ" აშკარად დაგვჯაბნა შემდეგ კი მოვლენები ჩვენ სასარგებლოდ განვითარდა. გამორიცხული ნამდვილად არაფერია. ვისურვებდი, რომ ვალენსიურ კლუბთან შეხვედრა ხვალ გამართულიყო და არა შაბათს, რადგან მომდევნო მატჩი ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური სტრესის დასაძლევად დაეხმარება. მე ჩემ თითოეულ შეგირდს მხარში ვუდგავარ."
"როდესაც ისეთ გუნდთან აგებ 2:0-ს, როგორიც ბარსელონაა, რთულია მოგებაზე ფიქრი. ჩვენ პირველივე ტაიმში გავუშვით ორი გოლი და სწორედ ეს გამოდგა საბედისწერო. ჩემპიონობის შანსი რა თქმა უნდა არ არის დაკარგული, რადგან ლიდერთან დაცილება მხოლოდ 2 ქულას შეადგენს, რომელიც აღმოფხვრადია. მადრიდის "რეალი" აქამდე ბრწყინვალედ გამოდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ წაუგებელი სერია შეწყდა, თუმცა ახალი იწყება."
"გუნდის დახმარება ვერაფრით შევძელი, რადგან ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, რომ მწვრთნელი ვერაფერს გააკეთებდა, კატალონიელები ყველა ასპექტში გვჯობდნენ. თან მათ ჰქონდათ გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა. ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებ."
"ასეთ შედეგს არ მოველოდი და რა თქმა უნდა განცვიფრებული ვარ, მაგრამ ფეხბურთელებთან რა თქმა უნდა ბრწყინვალე ურთიერთობა მექნება, ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ და არ გვეკადრება ერთმანეთთან დაპირისპირება. აუცილებელია მოგებების გაგრძელება და ქულების აქტივში ჩაწერა, მადრიდის "რეალი" ლა ლიგის ჩემპიონი აუცილებლად უნდა გახდეს."
- 30 ნოემბერი 2010
- 4 930
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.