"აიაქსის" ისტორია (ნაწილი პირველი)

მადრიდის "რეალი" ოთხშაბათს ლიგის მატჩს გამართავს ამსტერდამის "აიაქსთან",კლუბთან,რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია. მე მინდა შემოგთავზოთ დაწვრილებით,თუ რა გზა გამოიარა ჰოლანდიურმა კლუბმა დაარსებიდან დღემდე. ამ სტატიას რამოდენიმე დღე ვწერდი და მგონი კარგიც გამოვიდა. მე მინდა,რომ ამ ნამუშევრით ჩემი უდიდესი პატივიცემა გამოვხატო ამ კლუბისადმი...


სახელი: Amsterdamsche Football Club Ajax
მეტსახელი: Godenzonen (ღმერთის შვილები)
დაარსების თარიღი: 1900 წლის 18 მარტი
სტადიონი: „Amsterdam ArenA“
მისამართი: არენა ბულეველდ 29
ტევადობა: 51 628
პრეზიდენტი: ური კორონელი
მთავარი მწვრთნელი: მარკო ვან ბასტენი
ლიგა: Eredivisie

ისტორია




1900 - 1914 ანტიკური აიაქსი


ამსტერდამში, კალვერსტრატზე მდებარეობს დიდი სუპერმარკეტი „Frame”, სადაც იყიდება უამრავი დისკები, კომპიუტერული თამაშები და ძნელად წარმოსადგენია, რომ 1900 წელს სწორედ ამ შენობაში დაიწყო დიდი გუნდის დიდი ისტორია.
1900 წლის 14 მარტს ვინმე ფლორის სტემპელმა გაუგზავნა თავის მეგობრებს შემდეგი შინაარსის წერილი: „ კვირას 9 საათსა და 15 წუთზე გთხოვთ მობრძანდეთ კაფე-ბარ „ოსტ ინდიაში“, რომელიც მდებარეობს კალვესტრატის ქუჩაზე 2 ნომერში, რათა ვიმსჯელოთ ახალი საფეხბურთო კლუბის დაარსებაზე“. ოთხი დღის შემდეგ, 1900 წლის 18 მარტს სტემპელი ოფიციალურად გახდა ამსტერდამის „აიაქსის“ პირველი თავჯდომარე, ხოლო მისი მეგობრები ჰაან დადე და კარელ რეიზერი შევიდნენ კლუბის მმართველობაში. მაშინ მათ ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ XX საუკუნის ბოლოს ამსტერდამის „აიაქსი“ გახდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი.
„აიაქსის“ პირველი სათამაშო მოედანი მდებარეობდა ბუიკსლოტერჰამის რაიონში. გუნდში შემდეგი ფეხბურთელები ჩაირიცხნენ: კისტი, ჰარბორდი, დიიქსტრა, ბროკმანი, ხოლსტი, ჰერტელი, პასტენინგი, სტალმანი, გეისლერი, მარტარე და ვან დერ ლაანი. პირველი ოფიციალური შეხვედრა გუნდმა ჩაატარა „DOSB“ - ის წინააღმდეგ და დასრულდა ამსტერდამელთა გამარჯვებით 2:1. გოლები გაიტანეს ჰერტელმა და გეისლერმა. „აიაქსის“ პირველმა სეზონმა მოიტანა მოგება 4 გულდენი და 31 ცენტი.
1902 წელს „აიაქსი“ ამსტერდამის ლიგიდან გადავიდა დასავლეთ ჰოლანდიის რეგიონალურ ლიგაში, ხოლო 1910 წელს მოხვდა უკვე პირველ დასავლეთ ზონაში. სწორედ ამ წელს დაერქვა ოფიციალურად გუნდს „Amsterdamsche Football Club Ajax“ - AFC Ajax. იმავე სეზონში გუნდში გაჩნდა პირველი ოფიციალური მწვრთნელი - ირლანდიელი ჯონ კირვანი.
„აიაქსი“ ძალზედ სწრაფად ჩამოყალიბდა კარგად ორგანიზებულ კლუბად. 1907 წელს გუნდი გადავიდა მიდენვეგში, სადაც 4 წლის შემდეგ აშენებული იქნა პირველი სტადიონი თავისი ტრიბუნებითა და გასახდელებით. ე.წ. „ხის სტადიონზე“ ეტეოდა დაახლოებით 10 000 მაყურებელი.
რადიკალური ცვლილებები განიცადა ფორმამაც. საუკუნის პირველ ათწლეულში გუნდი თამაშობდა წითელ და თეთრზოლიან მაისურებში (ანალოგიური ფორმით თამაშობს დღესაც როტერდამის „სპარტა“). საარქივო მასალის მიხედვით ფეხბურთელებს ეცვათ მუქი გეტრები. ხოლო 1911 წელს ამსტერდამული კლუბი უკვე შეიმოსა ყველასათვის ნაცნობი მაისურებით.


1915 - 1949 ჯეკ რეინოლდისი ერა


1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა ქვეყნის პირველობა მაინც ტარდებოდა და სწორედ ამ წელს გახდა ამსტერდამის „აიაქსმა“ პირველად ჰოლანდიის ჩემპიონატის გამარჯვებული. ერთი წლის შემდეგ გუნდმა კვლავ გაიმარჯვა შიდა პირველობაში. აღსანიშნავია, რომ ეს სეზონი „აიაქსმა“ ჩაამთავრა წაგების გარეშე. ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა გუნდის ახალ მწვრთნელს ინგლისელ ჯეკ რეინოლდს. რეინოლდში გახლდათ უნიკალური პიროვნება ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში. ხელმძღვანელობდა ამსტერდამულ გრანდს 27 წლის განმავლობაში და ამ პერიოდში მოაგებინა 8 ჩემპიონატი. თავისი ჰოლანდიური კარიერის განმავლობაში იგი მხოლოდ 3 წელი ედგა სათავეში სხვა გუნდს „ბლაუ ვიტი“ და 5 წელი გაატარა გერმანელების კონცბანაკში მეორე მსოფლიო ომის დროს. ჯეკ რეინოლდსამდე „აიაქსი“ ითვლებოდა ერთ-ერთ ჩვეულებრივ ჰოლანდიურ გუნდად. ხოლო მისი მოსვლის შემდეგ (1915 წელი) „აიაქსი“ გახდა ჰოლანდიური ფეხბურთის მედროშე და აღიარებული ლიდერი. ჯეკ რეინოლდსი გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათი და იყო ძალზედ მომთხოვნი. სწორედ მან აღმოაჩინა და აჩუქა საფეხბურთო სამყაროს შემდგომში ჰოლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და ლეგენდარული მწვრთნელი რინუს მიხელსი. 1919 წელს რეინოლდსი გახდა ჰოლანდიის ნაკრების პირველი ოფიციალური მწვრთნელი.
ჯეკ რეინოლდსი გარკვეულწილად უსწრებდა დროს. მისი საფეხბურთო ფილოსოფია ქმნიდა სწორედ ფუნდამენტს იმისა, რომ ამსტერდამის „აიაქსი“ მომავალში გამხდარიყო უდიდესი გრანდი. „აიაქსის“ ფილოსოფია თავიდანვე მდგომარეობდა შემდეგში: შეტევა, ტექნიკა და სისწრაფე. ჯეკ რეინოლდსი იყო პირველი, ვინც აქტიურად იყენებდა ფლანგის თავდამსხმელებს (ვინგერებს). სწორედ ეს გახდა მომავალში გუნდის სავიზიტო ბარათი და სახელი „აიაქსი“ გახადა შემტევი ფეხბურთის სინონიმად. ჯეკ რეინოლდსი გარდაიცვალა 1962 წელს და „აიაქსის“ სტადიონის „დე მეერი“ ყველაზე დიდ ტრიბუნას დაერქვა უდიდესი მწვრთნელის სახელი.
ძველი პერიოდის „აიაქსში“ და მთელს ჰოლანდიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი იყო ვიმ ანდერსენი, რომელიც გამოდიოდა 1925-1940 წლებში. მან ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში 46 მატჩი. მასთან ერთად გუნდმა დაიმკვიდრა დიდი რეპუტაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც. მეორე ცნობილი „აიაქსელი“ იყო პიტ ვან რეინენი. სწორედ იგი ითვლება „აიაქსის“ სკოლის ერთ-ერთ პირველ გამოშვებად. ის იცავდა გუნდის ღირსებას 1929-1942 წლებში. პიტმა „აიაქსის“ რიგებში ჩაატარა 235 მატჩი და გაიტანა 272 გოლი. 1932 წელს ვან რეიენმა „ვეენდამთან“ თამაშში გაიტანა 7 გოლი.
მარადიული დაპირისპირება - 1922 წლის 9 ოქტომბერს „აიაქსი“ სათამაშოდ ჩავიდა როტერდამში, სადაც უნდა გამართულიყო ჩემპიონატის კალენდარული მატჩი „ფეინოორდთან“. ამსტერდამელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 3:2. თუმცა ტამაშის შემდეგ როტერდამელებმა გაასაჩივრეს მატჩის შედეგი. ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ მესამე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს. ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ დააკმაყოფილა მათი საჩივარი, გაუუქმა „აიაქსს“ მოგება და დააფიქსირა ფრე 2:2. ამსტერდამელები ძალიან დიდი ხანი არპოტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაოდ. განმეორებითი თამაში „აიაქსმა“ 2:0 დაამარცხდა როტერდამელები, მაგრამ იმ წელს ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა „ფეინოორდი“, გაუსწრო რა ამსტერდამელებს სწორედ იმ 1 ქულით, რომელიც დააქკელს 9 ოქტომბერს „აიაქსს“ და მიუმატეს „ფეინოორდს“. სწორედ აქედან იწყება ის მარადიული დაპირისპირება ამ ორ გუნდსა და მათ ფანებს შორის, რომელსაც ალბათ არასოდეს ექნება დასასრული.


1950 - 1965 პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სარბიელი


1950 წლის ზაფხულში, როდესაც კლუბი ზეიმობდა თავის 50 წლის იუბილეს მოხდა მეტად მნიშვნელოვანი რაღაც, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა ხედვა ფეხბურთისადმი მთელს ჰოლანდიაში. გუნდის ერთ-ერთი ლიდერმა კორ ვან დერ ჰაარტმა მოაწერა საფეხბურთო კონტრაქტს ხელი ფრანგულ ლილთან და მას დაუნიშნეს ხელფასი. შემდეგი იყო „აიაქსის“ კაპიტანი იოპ სტოფელენი, რომელიც გადავიდა პარიზულ „რასინგში“. ცოტა ხანში თითქმის მთელი ჰოლანდიის ნაკრები წავიდა საზღვარგარეთ. ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაცა ხვდებოდა, რომ ეს შეუქცევადი პროცესი დაღუპავდა ჰოლანდიურ ფეხბურთს და სწრაფად უნდა ემოქმედა სიტუაციის გამოსასწორებლად. თუმცა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული სტერეოტიპების გადამკიდე, ფულის გადახდა იმაში, რომ კვირაობით ადამიანებს ფეხბურთი ეთამაშათ წარმოუდგენელი იყო. სამწუხაროდ დისკუსიები გაიწელა რამოდენიმე წლის განმავლობაში და ამან გამოიწვია დიდი რეგრესი ჰოლანდიურ ფეხბურთში. კლუბების დიდი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ქვეყანაში დაკანონებულიყო პროფესიონალის სტატუსი. „აიაქსი“ მმართველობა თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა ამას. 1954 წელს კლუბის წევრების სხდომაზე გადაწყდა, რომ აუცილებელი იყო პროფესიონალურ რელსებზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ჰოლანდიური ფეხბურთი ამით ბევრს წააგებდა. ამ პერიოდში KNVB (ჰოლანდიის სამეფოს საფეხბურთო ასოციაცია) -თან ერთად შეიქმნა NBVB (ჰოლანდიის პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაცია). მათ შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და 1954 წელს სტარტი აიღო ერთდროულად ორმა ჩემპიონატამა. იანვრის ბოლოს როგორც იქნა შედგა შეთანხმება და ორივე ლიგა გაერთიანდა. 1956-1957 წლებში შეიქმნა ახალი საფეხბურთო ლიგა, რომელსა დაერქვა სახელი „საპატიო ლიგა“ (Eredivisie). შეიქმნა ერთიანი სტრუქტურა, რომლის ძირითადი პრინციპები და დებულებები დღემდე უცვლელია.
ამავე წელს დაფიქსირდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო ლეგენდარულმა მარჯვენა ვინგერმა ჟააკ სვარტმა. ის ატარებს ტიტულს „Mister Ajax”. სვარტმა „აიაქსის“ შემადგენლობაში ჩაატარა 603 ოფიციალური შეხვედრა და გაიტანა 228 გოლი.
მას შემდეგ რა პროფესიონალური ფეხბურთი გახდა ნორმალური მოვლენა მთელი ევროპისთვის, გაჩნდა საერთაშორისო ტურნირების იდეა. 1957 წელს ამსტერდამის „აიაქსი“ ქვეყნის ჩემპიონის რანგში პირველად ჩაება ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. პირველ რაუნდში გუნდი შეხვდა კარლ მარქს შტადტის „ვისმუტს“ და დაამარცხა ორივე თამაშში ანგარიშით 3:1, 1:0. მეორე ტურში „აიაქსმა“ ვერაფერი გააწყო ბუდაპეშტის „ვაშაშთან“ და გამოეთიშა ორთაბრძოლას.
60-იანი წლების დასაწყისიდან ამსტერდამის „აიაქსში“ დაიწყო აშკარა რეგრესი. გუნდმა ნელ-ნელა დათმო მოწინავე პოზიციები. 1962-1963 წლების სეზონში კლუბმა მოახერხა და დაიკავა მეორე ადგილი ეროვნულ ჩემპიონატში. შემდეგ წელს „აიაქსი“ გავიდა მეხუთე პოზიციაზე. ხოლო 1964-1965 გუნდის სეზონის შედეგები იყო ყველაზე ცუდი არსებობის ისტორიაში - მეცამეტე ადგილი თქვსმეტგუნდიან ლიგაში და თასიდან გამოვარდნა სამოყვარულო გუნდთან წაგების შემდეგ. ბედის ირონიით ამ ურთულეს პერიოდში „აიაქსში“ მოვიდა 17 წლის გამხდარი ბიჭი, რომელიც ცხოვრობდა სტადიონის პირდაპირ, ხოლო დედამისი მუშაობდა დამლაგებლად „დე მეერზე“. 1964 წლის 24 ოქტომბერს შედგა მისი დებიუტი „GVAV“ - ის წინააღმდეგ. აიაქსმა წააგო ის შეხვედრა ანგარიშით 1:3. ერთადერთი გოლი გაიტანა იოჰან კრუიფმა. იმავე პერიოდში საშინელი შედეგების გამო გუნდიდან გაუშვეს მთავარი მწვრთნელი ბიკ ბაკინგემი. 1965 წლის იანვარში მისი ადგილი დაიკავა „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რინუს მიხელსმა. სათავე დაედო ოქროს „აიაქსის“ მშენებლობას..........


1966 - 1970 გზა დიდებისკენ


„ნისლიანი მატჩი“ - უთხარით ეს ორი სიტყვა „აიაქსის“ ნებისმიერ გულშემატკივარს და მასთან იმთავითვე გამონახავთ საერთო ენას. „ნისლიანმა მატჩმა“ გუნდის ფანებს მისცა იმედი და რწმენა. მას შემდეგ მიხვდნენ ამსტერდამელები, რომ მათ ყავთ არა უბრალოდ კარგი გუნდი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში.
1966 წლის 7 დეკემბერს „აიაქსი“ ჩემპიონთა თასის მეორე რაუნდში ეთამაშება „ლივერპულს“. „ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონზე“ 55 000 ათასი გულშემატკივარი ესწრება ამ დაპირისპირებას, თუმცა ისინი ვერაფერს ვერ ხედავენ, ვერაფერს ვერ არკვევენ. ჰოლანდიის დედაქალაქში ჩამოწოლილია დიდი ნისლი. იტალიელი მსაჯი სბარდელა ამბობს, რომ ის ხედავს ორივე კარებს. გუნდების ფეხბურთელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მაგრამ მსაჯი კატეგორიული წინააღმდეგია თამაშის გადადების. მაყურებელთა მონათხრობიდან მათ ესმოდათ მხოლოდ ფეხბურთელთა ყვირილი და რეაქცია. მხოლოდ ლივერპულის კარების უკან მსხდომი ფანები ამჩნევდნენ ალაგ-ალაგ ბურთს. 90 წუთის შემდეგ ნისლიდან გამოვიდა სრულიად სხვა, ტრანსფორმირებული გუნდი. „აიაქსი“ იყო ბრწყინვალე და მან გაანადგურა „ლივერპული“ ანგარიშით 5:1. განმეორებითი შეხვედრა დასრულდა 2:2. ორივე გოლი გაიტანა იოჰან კრუიფმა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ამ თამაშის შემდეგ დაისადგურა საყოველთაო რწმენამ, რომ ეს „სხვა“ გუნდი უკვე მზად იყო დაეპყრო ევროპა. ეს თამაში იყო ოქროს „აიაქსის“ პრელუდია.
იოჰან კრუიფი, მარცხენა ვინგერი პიტ კაიზერი, მცველები ბარი ჰულჰოფი, რუუდ კროლი და ვიმ სუურბიერი, ნახევარმცველი ჯერი მიურენი - ყველა მათგანს დებიუტი „აიაქსის“ შემადგენლობაში ქონდა 60-იანი წლების ბოლოსკენ. პირველ სამ სეზონში რინუს მიხელსმა სამჯერ მოიგო ეროვნული პირველობა. შემდეგი ნაბიჯი იყო ევროპის ჩემპიონთა თასი. 1969 წელს „აიაქსი“ გავიდა ამ გათამაშების ფინალში. გზად მან ჩამოიცილა „ნიურნბერგი“, „ფენერბახჩე“, „ბენფიკა“ და ტრნავას „სპარტაკი“. თუმცა ფინალში გამოჩნდა, რომ იმ დროინდელი „მილანთან“ ჯერ კიდევ ცოტა უფრო მსხვილი კალიბრის გუნდი იყო. ათასობით ამსტერდამელი შეიკრიბა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და ........ ნახა საკუთარი გუნდის დამარცხება 1:4. ოდისეა ჩემპიონთა თასზე „აიაქსს“ დაუჯდა ეროვნულ ჩემპიონატში მარცხი. იმ წელს ჩემპიონი გახდა როტერდამის „ფეინოორდი“. შესაბამისად მათ მოიპოვეს უფლებაც შემდეგ წელს ყველაზე დიდი საკლუბო ტურნირზე გასვლისა. 1970 წელს როტერდამელებმა მოიგეს ევროპის ჩემპიონთა თასი. პირველი ჰოლანდიური გუნდი, რომელმაც მოიგო ყველაზე პრესტიჟული თასი ევროპაში შეიქმნა „ფეინოორდი“. ეს იყო დიდი დარტყმა „აიაქსისთვის“, თუმცა სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა ტრიუმფამდე.....


1971 - 1974 ოქროს აიაქსი


1971 წლის 2 ივნისი. „აიაქსის“ წინაშე იდგა უალტერნატივო ამოცანა - „უემბლი“. სასწორზე იდო „აიაქსის“ და ამსტერდამის ღირსება. მეორე ფინალის წაგება და „ფეინოორდის“ დაფიქსირება ერთადერთ ჰოლანდიურ გუნდად, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა თასი იყო დაუშვებელი. გუნდი განიცდიდა ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა „აიაქსმა“ ბრწყინვალედ შეასრულა დასახული მიზანი და ფინალში დაამარცხა ათენის „პანათინაიკოსი“ ანგარიშით 2:0. თამაშის მეორე დღეს თასი უკვე წარმოდგენილი იყო ლეინდსპლეინზე და მთელი ქალაქი ზეიმობდა ამ უდიდეს წარმატებას. ამ ტრიუმფის შემდეგ „ბარსელონაში“ წავიდა ლეგენდარული რინუს მიხელსი, მაგრამ მის მიერ გაწეულმა შეუფასებელმა სამუშაომ შედეგები მას შემდეგაც გამოიღო. „აიაქსში“ მოვიდა შტეფან კოვაჩი. მას პრინციპში ერთადერთი მისია ჰქონდა - არ შეეშალა ხელი ამ ბრწყინვალე კოლექტივისთვის. შედეგად: ორი ევროპის ჩემპიონთა თასი და ორი ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული.
1971-1972 წლის სეზონი ითვლება „აიაქსის“ ისტორიაში საუკეთესოდ. ბედის ირონიით ამაში მცირედი წვლილი შეიტანა „დე კუიპმა“. 1972 წლის 15 აპრილს რორედამში განადგურებული იქნა ადგილობრივი ფეინოორდი ანგარიშით 5:1. ეს იყო იმდენად შთამბეჭდავი სპექტაკლი ამსტერდამელთა შესრულებით, რომ „ფეინოორდის“ არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ წამოდგა ფეხზე „დე კუიპი“ და ადგილობრივმა პუბლიკამ დაუსრულებელი აპლოდისმენტებით გააცილა ამსტერამელები მოდნიდან. ხოლო ერთი თვის შემდეგ გუნდმა მეორედ მოიგო ჩემპიონთა თასი. ფინალი გაიმართა ისევ და ისევ „დე კუიპზე“, თუმცა ამჯერად სტადიონზე როტერდამელები არ იყვნენ. „აიაქსმა“ დაამარცხა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 2:0.
ამავე წელს დაფიქსირდა შემდეგი შედეგი „აიაქსი“ – „ვიტესი“ 12:1. ოთხი გოლი გაიტანა იოჰან კრუიფმა და ჰეთ-თრიკი შეასრულა იოჰან ნეესკენმა. ეს არის „აიაქსის“ ყველაზე მსხვილი მოგება ეროვნულ ჩემპიონატში.
ერთი წლის შემდეგ 1:0 ტურინის „იუვენტუსის“ დამარცხება ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკვე ჩვეულებრივ ამბად აღიქმებოდა. ფინალამდე ამსტერდამელებმა ტურნირს გამოთიშეს მიუნხენი „ბაიერნი“, მადრიდის „რეალი“.
ამის შემდგომ მოგებულ იქნა ევროპის სუპერთასი. ეს იყო ახლად შემოღებული გათამაშება, რომელშიც „აიაქსმა“ ორ რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა შოტლანდიური „გლაზგო რეინჯერსი“.
ერთადერთი ტროფეი, რომელიც აკლდა ამსტერდამულ გუნდს, ეს იყო საკონტინტთაშორისო თასი. 1972 წელს პირველი თამაში გაიმართა ბუენოს - აირეში და ევროპელთა მეტოქე იყო „ინდენპენდიენტე“. მატჩი დასრულდა ანგარიშით 1:1. გოლი გაიტანა იოჰან კრუიფმა, ხოლო 20 წუთის შემდეგ იგი დაამტვრიეს. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში სამხრეთ ამერიკული გუნდები არ ერიდებოდნენ „ბინძურ თამაშს“. განმეორებითი შეხვედრა „აიაქსმა“ მოიგო 3:0 და დაეუფლა ამ თასს.
ამ ბრწყინვალე სეზონების შემდეგ ნელ-ნელა უკვე აშკარა გახდა, რომ „აიაქსი“ დაკარგავდა თავის ლიდერებს. მდიდარმა ევროპულმა გუნდებმა დაიწყეს ვარსკვლავების გადმობირება. ტრანსფერების სიაში რაღა თქმა პირველ ადგილზე იდგა ლეგენდარული იოჰან კრუიფი. მან ფეხბურთელის რანგში „აიაქსის“ შემადგენლობაში ჩაატარა 240 შეხვედრა და გაიტანა 190 გოლი. 1974 წელს კრუიფი შეუერთდა რინუს მიხელსს „ბარსელონაში“ და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გუნდის წარმატებებში როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელი რანგში. „აიაქსი“ ნელ-ნელა დაცარიელდა და კლუბმა სისხლხორციელად შეიგრძნო მწარე რეალობა: „ რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მტკივნეულია დაცემა“..........


რინუს მიხელსი და ტოტალური ფეხბურთი


ტოტალური ფეხბურთი - 70 - იანი წლების დასაწყისში საფეხბურთო სამყაროში ადგილი ჰქონდა აშკარა კრიზისს. სამხრეთ ამერიკული ფეხბურთმა იმ დროისათვის ამოწურა თავისი რესურსი. ასევე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ ევროპელებსაც. მსოფლიო ფეხბურთს აშკარად ჭირდებოდა რაღაც რევოლუციური ძვრები, რომელიც ახალ პრინციპებსა და ხედვას დანერგავდა. სწორედ ამ პერიოდში რინუს მიხელსის ხელმძღვანელობით ჰოლანდიამ მსოფლიოს შესთავაზა ტოტალური ფეხბურთი, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი სტერეოტიპები და ზოგადად უდიდესი გავლენა იქონია მომავლზე. ტოტალურმა ფეხბურთმა სათავე დაუდო ახალ ერას და რინუს მიხელსის საფეხბურთო ფილოსოფიის საფუძვლებზე დღემდე იზრდებიან თანამედროვე ფეხბურთის ბრწყინვალე სპეციალისტები. ტოტალური ფებურთის საფუძვლები აწმყოში და დიდი ლბათობით მომავალშიც არის და იქნება ძირითადი საფეხბურთო სახელმძღვანელო.
ტოტალური ფეხბურთის ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო კოლექტივი, რომელის ყოველ წევრს შეეძლებოდა ნებისმიერ მომენტში საჭიროებისამებრ გაეცვალა ერთმანეთისთვის ფუნქციონალური როლი მოედანზე. უნივერსალურ მოთამაშეთა ნაკრები, სადაც ყველა ფეხბურთელს შეეძლებოდა როგორც თავდაცვითი, აგრეთვე შეტევითი ფუნქციების შესრულება. თამაშის მიმდინარეობისას თითოეული ფეხბურთელი განუწყვეტლივ იღებს ფაქტიურ ან არაპირდაპირ მონაწილეობას გუნდის ყოველ მოქმდებაში.
საერთო სტრატეგია მდგომარეობდა შემდეგში: გუნდი იწყებდა თამაშს 1-4-3-3 ტაქტიკით, მაგრამ თამაშის მსვლელობისას ეს პირვანდელი მონახაზი გადადიოდა ეგრეთ წოდებულ „ ორგანიზებულ ქაოსში“, სადაც გადაადგილება და ურთიერთქმედებები ხორციელდებოდა, როგორც ხაზებში, ასევე ხაზებს შორისაც. ხდებოდა განუწყვეტელი მანევრირება ბურთით, უბურთოდ და მეთოდურად ხდებოდა მეტოქის დაცვის ხაზების გარღვევა. ბურთით მყოფ ფეხბურთელს ჰქონდა უდიდესი არჩევანი პარტნიორის მონახვისა შეტევის შემდგომი გაგრძელების. კარგად არის აწყობილი თამაში როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ჰოლანდიელები გრძნობდნენ თამაშის არითმიას და მომენტალურად გადადიოდნენ პოზიციური შეტევიდან უსწრაფეს თავბრუდამხვევ ტემპზე და პირიქით.
როგორც წესი, შეტევით ოპერაციებში მონაწილეობას იღებდა 8 – 9 ფეხბურთელი. მანევრირება ხდება ძირითადად მაღალ სისწრაფეებზე. შეტევის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფდა: დროული გადაცემები, თავისუფალ სივრცეზე გასვლა, თავდამსხმელების სისტემატიური გადაადგილება, რათა გახსნილიყო დერეფნები ნახევარმცველებისა და მცველების შეტევის წინა ხაზზე სწრაფი შეჭრისთვის. ფაქტიურად შეტევით ოპერაციებში მონაწილეობდა მთელი გუნდი სტოპერიდან დაწყებული ცენტრფორვარდით დამთავრებული. შეტევა იყო როგორც ფეთქებადი ხასიათის, აგრეთვე პოზიციური და გუნდის გადაწყობა ხდებოდა მომენტალურად. გუნდის შეტევის დროს მანძილი ბოლო ფეხბურთელსა და უკიდურესად წინ მყოფ ფეხბურთელს შორის არასოდეს არ აღემატებოდა ნახევარ მოედანს, ხოლო უაღრესად მობილური დაცვის ხარჯზე კონტრშეტევების დიდი უმრავლესობა მთავრდებოდა თამაშგარე მდგომარეობით.
თვადაცვაში მონაწილეობას იღებდა აბსოლუტურად მთელი გუნდი. ცენტრალური თავდამსხელიდან დაწყებული მეკარით დამთავრებული, რაც საშუალებას იძლეოდა, რომ ბურთიან მოწინააღმდეგესთან ყოველთვის მომენტალურად ჩნდებოდა 2 – 3 ჰოლანდიელი. მოწინააღმდგეს გადასალახი ჰქონდა სამი დაცვითი ზღუდე. დაცვის სწრაფი გადაადგილების შედეგად ძალიან მარტვად ხვდებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები.
ამსტერდამის „აიაქსის“ ყველა ფეხბურთელი მეკარის გარდა თამაშის ბოლომდე ასწრებდა ეთამაშა თითქმის ყველა პოზიციაზე. პრინციპი მდგომარეობდა შემდეგში: თითოეული ფეხბურთელი მოქმედებს იქ, რა სტატიკურ პოზიციაზეც აღმოჩნდა ბურთის დაუფლების მომენტში. ესეთი ესეთი სახით წარმოგვიდგა მაშინდელი ჰოლანდია: ტოტალური ფეხბურთი – „ორგანიზებული ქაოსი“.
ასეთი იყო იმდროინდელი „აიაქსი“


1975 - 1985 ბნელი წლები


„აიაქსის“ ყოფილი მარცხენა ვინგერი ია მიულდერი წერდა: „ მე ვიყავი იმ თაობის წევრი, რომელმაც ასწავლა გუნდს წაგება“. ის მოვიდა 1973 წელს - წავიდა კრუიფი, წაყვა ნეესკენსი. გუნდი ფაქტიურად დაიშალა. თუმცა აქამდე 1974 წელს „მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე“ მთელი საფეხბურთე სამყარო ელოდა ამ უბრწყინვალესი თაობის გამარჯვებების გვირგვინს. მაშინდელი ჰოლანდიის ნაკრები ძირითადად სწორედ „აიაქსის“ ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ნაკრებს სათავეში ედგა რინუს მიხელსი...... „ტოტალური ფეხბურთის“ ზეიმი არ შედგა ........
„აიაქსის“ ბოლო წარმატება იყო ევროპის სუპერთასი. გუნდმა ფინალში დაამარცხა „მილანი“ ანგარიშით 6:0. თუმცა უკვე ჩანდა, რომ ეს იყო ინერციული სვლა. ზედიზედ სამი წლის განმავლობაში გუნდი შიდა პირველობაზე გადიოდა მესამე ადგილზე, ხოლო ევრო ტურნირებს ძირითადად ასრულებდა ზამთრის შესვენებამდე. „აიაქსის“ განწყობას პირდაპირი მნიშვნელობით ესადაგებოდა იმ დროინდელი პანკების ერთ-ერთი სლოგანი: „ მომავალი არ არის“. ხოლო ჰოლანდიურ ფეხბურთში წინა პლანზე წამოიწია კვლავ როტერდამის „ფეინოორდი“ და „პსვ ეინდჰოვენი“. ამ წლებში ჩემპიონატის მოგება „აზ-67 ალკმაარმაც“ კი მოახერხა. „აიაქსს“ ღრმად ეძინა.
70 - იანი წლების მეორე ნახევარში ჰოლანდიურ ფეხბურთში ჩამოყალიბდა და საშიში სახე მიიღო „საფეხბურთო ხულიგნობამ“. ე.წ. „ნიდერლანდელი ულტრასები“ ევროპაში დამკვიდრდნენ როგორ ყველაზე სასტიკი და მძლავრი დაჯგუფებები. პირველი სერიოზული სიგნალი იყო 1976 წლის 24 ოქტომბრის მატჩი. „დე მეერზე“ ათასამდე უტრეხტელი ხულოგანი ჯაჭვებითა და შტირებით დაერია ადგილობრივ მაყურებლებს. სწორედ აქედან დაიწყო „აიაქსის“ და „უტრეხტის“ მტრობა. ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ასევე როტერდამელები. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე სულ უფრო და უფრო იზრდება ფანატთა გავლენა გუნდებზე და მათ ხელმძღვანელობაზე. რაღა თქმა უნდა „აიაქსიც“ არ ჩამორჩა ამ მოძრაობას.
70 – 80 იანი წლების მიჯნაზე „დე მეერზე“ გაჩნდნენ ახალი გმირები. მარჯვენა ვინგერი ტჩუ ლა ლინგი, მარცხენა თავდამსხმელი საიმონ ტახამატა. პერიოდულად გუნდი ახერხებდა ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებას, თუმცა მთავარი მიზანი - ევროპული თასები მიუღწეველი იყო. რეალურად 1976-1986 წლებში „აიაქსი“ „ხელწამოსაკვრელ“ გუნდად ითვლებოდა ევროპაში. ყველაზე კარგი მიღწევა ამ პერიოდში იყო 1979-1980 წლებში ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალი.
აღნიშნულ პერიოდში ევროპაში საკმაოდ შეიცვალა სატრანსფერო პოლიტიკა. ყველაფერთან ერთად დაიწყო ჰოლანდიელ ფეხბურთელთა მიგრაცია ევროპის წამყვან ლიგებში. ყოველივე ამან ძალზედ უარყოფითად იმოქმედა ამსტერდამულ გუნდზე. “აიაქსი“ გახდა ნაკლებად ჰოლანდიური გუნდი. დაიწყო ჰოლანდიაში ფეხბურთელთა შემოდინება მეორე ხარისხოვანი ქვეყნებიდან. ამსტერდამელების პირველი სატრანსფერო ნაბიჯები იყო დანიიდან ფრენკ არნესენის, სორენ ლერბიუს და ჰენონგ იენსენის შეძენა. ეს მოხდა 1979 წელს, ხოლო შემდეგ სეზონში იყიდეს იესპერ ოლსენი. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, გუნდი ძირითადად მაინც დამოკიდებული იყო თავისი სკოლის აღზრდილებზე და „აიაქსის“ ლეგენდარული სკოლაც დაუზარელად ძერწავდა ახალ - ახალ ტალანტებს. 80 - იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ სრულიად ახალი სახეები: მცველი სონი სილოი, ნახევარმცველი ჯერალდ ვანენბურგი, მარცხენა ვინგერი ჯონ ვან ტსხიპი და ფრანკ რაიკაარდი. ხოლო ვიმ კიფტი პირდაპირ ამსტერდამის ქუჩებიდან აიყვანეს ძირითად გუნდში. მაგრამ უმრავლესობის აზრით ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებდა 16 წლის ბავშვი, რომელიც მომავალში უნდა გამხდარიყო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, მარკო ვან ბასტენი ......
პესიმიზმმა თანდათან გზა დაუთმო ოპტიმიზმს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდში დაბრუნდა იოჰან კრუიფი. „დე მეერზე“ მან ბრწყინვალე გოლი გაუტანა „ჰაარლემს“. მფრინავი ჰოლანდიელის თაოსნობით (იგი იყო გუნდის კაპიტანი) „აიაქსმა“ მოიგო ორი ეროვნული ჩემპიონატი და ორი თასი. ფანები ელოდნენ ტრიუმფს ევროპაშიც, თუმცა გუნდა 1982 – 1986 წლებში ევროსარბიელზე ვერაფერი მოახერხა. 1983 წელს მოხდა ნამდვილი კატასტროფა გულშემატკივრებისთვის: კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდიდან გაუშვა იოჰან კრუიფი, რომელიც იყო ტრამვირებული იმპერიოდში და გუნდმა ჩათვალა ზედმეტ ფუფუნებად მისთვის დიდი ხელფასის გადახდა. ამსა მოყვა უმწვავესი რეაქცია ფანების მხრიდან. მხოლოდ პოლიცია ახერხებდა ულტრასების ტრიბუნის („ტრიბუნა F“) დაშოშმინებას. კრუიფი გადავიდა როტერდამის „ფეინოორდში“. დიდი პატივისცემის გამო, მისი ეს ნაბიჯი არ გაუკრიტიკებიათ დიდად, თუმცა „აიაქსიდა“ მოსისხლე მტრის ბანაკში გადასვლა ერთგვარ გაოცებას იწვევდა. მფრინავმა ჰოლანდიელმა როტერდამელთა რიგებში მოიგო ჩემპიონის ტიტული და ამით იძია შური ამსტერდამელთა ხელმძღვანელობასთან. 1984 წელს 37 წლის ასაკში იოჰანი დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად.
1984 წლის 3 ოქტომბერს „აიაქსი“ უეფას გათამაშების პირველ ტურში შეხვდა ლუქსემბურგის „რედ ბოიზ დიფერდანჟს“ გასვლაზე. თამაში დასრულდა სკანდალური ანგარიშით 0:0. ფეხბურთელები მოექცნენ კრიტიკის ქარცეცხლში, მაგრამ ეს ლაფსუსი გამოსწორებულ იქნა განმეორებით მატჩში, სადაც დაფიქსირდა „აიაქსის“ ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ევროტურნირებზე 14:0. ვანბასტენმა გაიტანა 5 გოლი, ხოლო რონალდ კუმანმა შეასრულა ჰეთ-თრიკი.


ინფორმაციის წყაროები: www.ajax.nl , www.amsterdamarena.nl , wikipedia.com და უამრავი ფორუმი (ქართული)


სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 13 სექტემბერი 2010
  • 2793
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)