კაზემირო:„ამ ფეხბურთელთან ერთად „რეალში“ თამაში ჩემი ოცნებაა“

კაზემირომ ჟურნალისტებს ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა და ბევრ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.


„ჩვენ საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. ჩემპიონთა ლიგაზე „შახტართან“, „გლადბახთან“ და „ინტერთან“ ბრძოლა მარტივი არ არის. უკრაინული გუნდის თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გლადბახელები კი განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩევიან. რაც შეეხება კონტეს გუნდს, „ინტერი“ ევროსარბიელზე ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს, ეს არის დისციპლინირებული კოლექტივი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს „სან სიროზე“ 3 ქულის ასაღებად.“

„საშინაო არენაზე იტალიური გუნდის წინააღმდეგ გამარჯვებამ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაგვადგმევინა წინ, შეიძლება ითქვას, რომ როდრიგო გოეშის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, ჩვენ გვსურს გამარჯვება და დანებებას არ ვაპირებდით.“

„მიუხედავად დიდი კონკურენციისა და ჯგუფში რთული სიტუაციისა, მადრიდის „რეალის“ მიზანი ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავებაა და ვთვლით, რომ ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია. წინ 3 ტური გველის, სადაც 9 ქულის მოპოვება უნდა დავისახოთ მიზნად.“

„სერხიო რამოსმა „ინტერს“ მეასე გოლი გაუტანა, ეს იყო ისტორიული დღე. ჩვენ გვყავს ღირსეული კაპიტანი, როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში. ვამაყობ, რომ ესპანელთან ერთად წლების მანძილზე მიწევს ფეხბურთის თამაში, ეს დიდი სიამოვნებაა. სერხიო თავის თავზე ძალიან ბევრს ზრუნავს და სურს, რომ საუკეთესო კონდიციაში იყოს, ჩვენთვის მისი არცერთი ქმედება არ არის გასაკვირი, რადგან ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და მჯერა, რომ კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე „ბლანკოსის“ უდავო ლიდერი იქნება.“

„ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის კვირაში ატმოსფერო ყოველთვის იცვლება. საშინელებაა, როდესაც ასეთი დონის მატჩები მაყურებლების გარეშე ტარდება, მაგრამ ეს დროებითია, ჩვენ ყველა ერთად დავძლევთ არსებულ პრობლემებს და ქომაგებს ვიხილავთ სტადიონზე.“

„ის, რასაც ზიდანი აკეთებს, გაუძლებს ისტორიას და თუნდაც 20-30 წლის შემდეგ მისი მიღწეული შედეგები უნიკალური იქნება. ფრანგ ლეგენდასთან ურთიერთობა უმარტივესია, ვინაიდან მან ძალიან კარგად იცის თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა, როდესაც ბავშვი ვიყავი, ზიზუ მწვანე მინდორზე საოცრებებს ახდენდა, ის დიდი მასშტაბის ფიგურაა, როგორც მადრიდის „რეალისთვის“, ასევე მსოფლიო ფეხბურთისთვის. ცოტა მწვრთნელს მიუღწევია იმ შედეგებისთვის, რომელიც ზინედინმა 5 წლის განმავლობაში დააფიქსირა, ის უნიკალური ადამიანი და სპეციალისტია, რომლის შესაძლებლობებსაც საზღვარი არ აქვს. ყველა აღიარებს, რომ „რეალს“ ჰყავს მწვრთნელი, რომლის ქარიზმა და ავტორიტეტი ფასდაუდებელია.“

„ჩემი პოზიცია ბრაზილიაში წლების წინ ძალიან პოპულარული იყო, ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა ლეგენდარული მაურო სილვა, ჟილბერტო სილვა, დუნგა და სხვები. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ფეხბურთში ძველი მიდგომები დაბრუნდა, რომელიც თუნდაც 1995-2005 წლებში ნაკლებად იყო პოპულარული. დღეს ჩამშლელის გარეშე ვერცერთი გუნდი ვერ მიაღწევს შედეგს, ვინაიდან ეს პოზიცია აზღვევს მთლიანად დაცვას და ცდილობს, გააზრებული შეტევის ფორმირება მოახდინოს. მე თავიდანვე ამ პოზიციაზე არ ვთამაშობდი, მაგრამ პროფესიონალები იმიტომ ვართ, რომ ახალ გამოწვევებს ვუპასუხოთ და სირთულეები დავძლიოთ, ახლა ამ რგოლში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.“

„ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალი მოვიგე, ამის გადმოცემა ურთულესია, ვინაიდან ეს არის საოცარი გრძნობები. ფინალის დღეს ჭამაც მიჭირდა, სტრესი კი მაქსიმალური იყო. როდესაც იგებ, რომ გადამწყვეტი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ხვდები, შენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამხელა მწვერვალები დავიპყარი.“

„„იუვენტუსთან“ ფინალში ანგარიში 2:1 გავხადე. გეფიცებით, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანას შევძლებდი. არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მე ჩემი „ბინძური“ სამუშაოს შესრულება და ჩრდილში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ გამოვიდა, რომ ყველა ჩემკენ იყურებოდა. როდესაც გოლს აღვნიშნავდი და თანაგუნდელები მეხუტებოდნენ ღმერთს მადლობას ვუხდიდი და თავი სიზმარში მეგონა.“

„ჩემი საქმე გოლების გატანა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა მსურს ბურთის მეტოქის კარის ბადეში გახვევა, ამაზე უარს ვერავინ იტყვის. სერხიო მცველია, მაგრამ მას მთელი კარიერის მანძილზე გაჰქონდა გოლები, ჩემს მიმართ ვერ იქნება ის მოთხოვნები, რაც ვინისიუს ჟუნიორის, აზარის და სხვების მიმართ არსებობს, ვინაიდან ისინი თავდამსხმელები არიან.“

„ჩემი საოცნებო თანაგუნდელი ყოველთვის ნეიმარი იყო, მის გამადრიდელებაზე დღემდე ვოცნებობ. ბრაზილიის ნაკრებში „პსჟ“-ს ფეხბურთელთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა, მისი გაჩერება არავის შეუძლია, ვინაიდან ყოველთვის არაპროგნოზირებად გადაწყვეტილებას იღებს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აქცევს.“ dle 10.1

  • Ramos
  • 24 ნოემბერი 2020
  • 4416
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)