დუოპოლიური ბაზარი სახელად “ლა ლიგა“

დუოპოლია უცხო სიტყვათა ლექსიკონში შემდეგნაირად არის განმარტებული:

დუოპოლია [ლათ. duo ორი და ბერძ. Pōleō ვყიდი, ვვაჭრობ] - განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში: მეურნეობის დარგის საბაზრო სტრუქტურა, რომლის დროსაც არსებობს გარკვეული საქონლის მხოლოდ ორი მიმწოდებელი და მათ შორის არ არის დადებული მონოპოლისტური შეთანხმება გასაღების ბაზრების, ფასების და სხვ. შესახებ.


ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ვებ–გვერდი ძირითადად საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე მოვლენების გაშუქებით არის დაკავებული, ამიტომაც ადვილი მისახვედრია სტატიის სათაურიდან და შემდეგ უკვე სიტყვა „დუოპოლიის“ განმარტებიდან გამომდინარე, თუ რაზე მექნება ქვევით საუბარი.

დღეის მდგომარეობით, თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ესპანეთის ჩემპიონატში საშინელი სიტუაციაა. ლა ლიგის ისტორიაში ისე ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ არამგონია ყოფილიყო შემთხვევა, როცა პირველ და მეორე ადგილოსნებსა და მესამე–მეოთხე ადგილოსნებს შორის ქულათა ამხელა სხვაობასთან გვქონოდა საქმე. ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და რაც ყველაზე მთავარია, თვითონ ჩემპიონატს სრულიად უინტერესოს ხდის. კი ბატონო, ლა ლიგა საინტერესო მხოლოდ „ბარსელონასა“ და „მადრიდის რეალის“ გულშემატკივრებისთვისაა, მაგრამ რანაირად მოქმედებს ეს თვითონ ესპანეთის ჩემპიონატის საერთო სახეზე?

ამასთან დაკავშირებით, ბევრმა კომპეტენტურმა პირმა ხმამაღლა განაცხადა და იმედია, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდება.

ლა ლიგის გენერალურმა დირექტორმა ფრანცისკო პერესმა მარტში შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „საქმე ორი კლუბის დომინანტობას როდი ეხება, მთავარი საკითხი ისაა, რომ ეს დომინანტობა ძალიან შორს მიდის... კლუბებს შორის ძალთა ბალანსი ძალიან არასწორია. დღეის მდგომარებით ამ მხრივ ესპანეთის უცუდესი მაგალითია.“ შემდეგ მან დაამატა: „ „ბარსელონა“ და „მადრიდის რეალი“ მუდამ ფავორიტები და დომინანტები იყვნენ, მაგრამ ამ სეზონში ისინი ძალიან დომინირებენ და სხვაობა ძალიან დიდი, ეს კი თავისთავად ესპანეთის ჩემპიონატისთვის ძალიან ცუდია.“

ლა ლიგის თამაშების გაშუქების სატელევიზიო უფლებების გაყიდვის სამართლიანობა დიდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, კრიტიკა და დისკუსია ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, თუ როგორ მომხდარიყო ფინანსური რესურსების სამართლიანი გადანაწილება. რამდენად იქნებოდა გამართლებული ე.წ. "პარაშუტული სისტემის" გამოყენება (პარაშუტული სისტემა გულისხმობს სეგუნდასა და პრიმერა დივიზიომების დაფინანსების ერთმანეთისგან გამიჯვნას)?

კონკურენციაში არსებული ეს ეროზია ცუდია, როგორც ერთი, ასევე მეორე კლუბისთვის, ვინაიდან, როგორც „მილანის“ ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საჩიმ თქვა: „ ლა ლიგა, ისევე როგორც იტალიის ჩემპიონატი ცუდ მდგომარეობაშია. „ბარსელონა“ და „მადრიდის რეალი“ მიეჩვივნენ კონკურენციას მოხლოდ ერთმანეთში, მათ თითქმის არ ყავთ მეტოქეები შიდა ჩემპიონატში, ხოლო ევროსარბიელზე გამოსვლის დროს, ისინი მიუჩვეველ სიტუაციაში ვარდებიან.“

შესაბამისად თუ ეს მომაკვდინებელი ვირუსი სახელად დუოპოლია ლა ლიგაში დიდხანს გაგრძელდება, საქმე უარესობისკენ წავა. შედეგად საფრთხე დაემუქრება როგორც პატარა კლუბებს, ასევე მთლიანობაში ესპანეთის ჩემპიონატსაც. ურთიერთბალანსის მისაღწევად განა მარტო სატელევიზიო უფლებებია საკმარისი, არის სხვა საკითხებიც ,რომლებიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლუბებისთვის.


სატელევიზიო უფლებები და შემოსავლების გადანაწილება

10–მა მაისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გახდეს ისტორიული ესპანურ პრიმერა დივიზიონში.

Liga de Fútbol Profesional–ის შტაბბინაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ მადრიდში, შემდეგი სახის განცხადება გააკეთა გენერალურმა მდივანმა კარლოს კამპოსმა: „ლა ლიგის კლუბებმა მიირეს გადაწყვეტილება გაიმართოს დებატები ახალი წესებისა და მომავალი განვითარების გეგმის შედგენასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ლა ლიგის შემდგომ განვითარებას და მისცემს მას საშუალებას თავი დაიმკვიდროს ძლიერ ევროპულ ჩემპიონატებს შორის... განვითარების ახალი ნორმები და წესები მოგვცემს საშუალებას გვქონდეს უფრო მიმზიდველი ჩემპიონატი , ვიდრე ამჟამადაა.“

ამჟამად სეგუნდასა და პრიმერა დივიზიონის 27 კლუბის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მომავალში სატელევიზიო უფლებების გაყიდვის მოლაპარაკებებში ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 21 ივნისისთვის, ამ შეხვედრაზე მოხდება ძირითადი ფინანსური, ადმინისტრაციული და სპორტული საკითხების განხილვა, რასაც შემდგომში აუცილებლად მოყვება კონკრეტული ნაბიჯები.

ძირითადი საკითხი იქნება ის, თუ როგორ მოხდეს სატელევიზიო უფლებების გაყიდვის შედეგად შემოსავლების სამართლიანი განაწილება და ის არ იყოს მიმართული მხოლოდ „დიდი ორეულის“ („ბარსელონა“ და „მადრიდის რეალი“) ბიუჯეტებისკენ. მოცემულ ეტაპზე შემოსავლების 50 % მოდის „დიდ ორეულზე“, რაც საშუალოდ 520 მლნ. ევროა წელიწადში.

ეს შეთანხმება თუ შედგა, მაშინ ის აუცილებლად გახდის ლა ლიგას უფრო კონკურენტუნარიანს, ხოლო თვითონ „მადრიდის რეალსა“ და „ბარსელონაზე“ აუცილებლად იქონიებს გავლენას.

ამავდროულად ასეთი ნაბიჯები წინააღმდეგობების გარეშე არ ჩაივლის, რა თქმა უნდა, მთავარი ოპოზიციონერები „დიდი ორეულის“ წარმომადგენლები იქნებიან, მაგრამ ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიდგას ჩემპიონატის სასიკეთოდ.

„ბარსელონა“ უკვე შეეწინააღმდეგა აღნიშნულ წინადადებას (შემოსავლების ე.წ. "პარაშუტული განაწილების"), მისმა წარმომადგენლებმა ხუან ლაპორტასა და ხუან ოლივერის სახით გარკვეული კომენტარები გააკეთეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ოლივერი განაცხადა, რომ პატარა კლუბების ბიუჯეტი ფინანსურად უფრო ორგანიზებული უნდა იყოს.

ლაპორტამ სრულიად საპირისპირო რამ განაცხადა, ვინაიდან იგი ფიქრობდა, რომ ამის შედეგად „ბარსელონა“ ვერ შეძლებდა კონკურენციის გაწევას საკონტინენტთაშორისო დონეზე. მან თქვა: „მე არ მინდა „ბარსელონას“ ინტერესების წინააღმდეგ ვიმოქმედო, ვინაიდან ჩვენ ჯანსაღი კონკურენცია უნდა გვქონდეს სხვა ქვეყნების კლუბებთან...“ინგლისში საუბარი ეხება 2 მლრდ. დოლარს პრემიერ ლიგის უფლებებთან დაკავშირებით, ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ისეთ კლუბებთან კონკურენცია, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს აკეთებენ.“

„მადრიდის რეალის“ დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ კლუბი მზადაა განიხილოს აღნიშნული წინადადება და მისი აზრით ფლორენტინო პერესი „დიდი სტრატეგია, რომელსაც შეუძლია ყველა ბედნიერი გახადოს.“ მიუხედავად ამისა, ჯერაც უცნობია, თუ რას იზამს კლუბი , დათანხმდება თუ არა იგი აღნიშNულ წინადადებას.

როგორ გავანაწილოთ სატელევიზიო შემოსავლები


თუ შემოსავლების განაწილების საკითხზე შეთანხმდნენ და ამავდროულად მოხდა ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის ერთმანეთისგან გამოყოფა, მაშინ უკვე ყველაზე დიდი პრობლემა დეტალებზე შეთანხმება იქნება. ძირითადი კითხვა კი ასეთი იქნება: როგორ უნდა მოხდეს შემოსავლების განაწილება? და თუ ასეთი რამე მოხდა, მაშინ როგორ იქნება დაცული პარიტეტი?

ნათელია, რომ პრემიერ ლიგა მისაბაძი მაგალითივით იქნება და რა იქნება სატელევიზიო შემოსავლების განაწილების ესპანური ფორმულა? რა ოდენობის ან რა პროცენტი იქნება ფიქსირებული წესით თანაბრად განაწილებული კლუბებს შორის? და ბოლოს, რამდენი იქნება გადახდილი კლუბებისთვის შედეგებიდან, სასპონსორო ბანერებიდან, სალიცენზიო შეთანხმებიდა და ა.შ. გამომდინარე?

მისცემს თუ არა ესპანური მოდელი კლუბებს, რომლებიც ძალზედ პოპულარულები არიან უცხოურ ბაზარზე, დამატებით შემოსავლებს? ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში „მადრიდის რეალი“ და „ბარსელონა“ ეცდებიან კიდევ უფრო განამტკიცონ საკუთარი ჰეგემონია.

შემოსავლების ასეთი ტიპის განაწილების კრიტიკა

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ტოპ დივიზიონის გამოყოფა ძლიერ ზეგავლენას მოახდენს დაბალი დივიზიონის კლუბებზე. ერთი მხრივ , ეს ზრდის ფინანსურ უთანასწორობას, იწვევს ახალგაზრდების ნაკლებ განვითარებულობას, მეორე მხრივ, კი იგი ართმევს ადგილობრივ მხარდამჭერებს დაბალი დივიზიონის კლუბებს. გრძელვადიან პრესპექტივაში იგი იწვევს ეროვნული კლუბების ნაკლებ მიმზიდველობას.გადახდის ეს ე.წ. „პარაშუტული“ სისტემა ძლიერი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა კიდევ იმის გამო, რომ იგი ფაქტიურად კლავს კონკურენციას დაბალ ლიგაში.

„პარაშუტული გადახდის“ სისტემის ნაკლოვანებად მიიჩნევა ასევე ისიც, რომ იგი პირდაპირ ურტყამს ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს. კერძოდ, კლუბები ფინანსური რესურსების დაკარგვის შიშით ეცდებიან, რომ ყველაფერი გაიღონ პრიმერა დივიზიონიდან გავარდნის საწინააღმდეგოდ და არაა გამორიცხული, რომ მკვდარი და ჩაძინებული თამაშები მომრავლდეს. პრემიერ ლიგაში, საიდანაც ეს მეთოდი იქნა ნასესხები, 2008-2009 წლების სეზონში საშუალოდ ერთ თამაშში ყველაზე ნაკლები გოლი გადიოდა. მაშინ, როცა ლა ლიგა ამ მხრივ საუკეთესო იყო.

დაცვითი თამაში ლა ლიგას უფრო კონკურენციულს გახდის?

ცუდია თუ კარგი ლა ლიგის სტილის ფეხბურთი ძირითადად მაღალი დონისა და მდიდარი კლუბების ხელშია მოქცეული. გახსნილი და შეტევითი ფეხბურთის თამაში პატარა კლუბებისთვის შეიძლება ქულების დაკარგვის მიზეზად იქცეს, მაშინ როცა მდიდარი კლუბები ამას შედარებით უფრო მოქნილად აკეთებენ და თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.

რას მოხდება? ამჯობინებენ თუ არა პატარა კლუბები დაცვითი სტილის თამაშს და ამის შედეგად სასურველი ქულის მპოვებას ისეთ გრანდებთან, როგორც „მადრიდის რეალი“ და „ბარსელონაა“ ? გამოიწვევს თუ არა, ეს არასანახაობრივ თამაშს, ნაკლებ გაშვებულ გოლს ? რამდენად გამართლებული იქნება იგი?

ეს ძალიან რთული კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან ძნელია, ვინაიდან შეიძლება ის, რაც გრანდებისთვის მიუღებელია, სრულიად მისაღები და გამოსადეგი გახლდეს პატარა კლუბებისთვის. შეიძლება ამან ლა ლიგა უფრო კონკურენტული გახადოს, მაგრამ იგი ამ შემთხვევაში დაკარგავს ტექნიკური, სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთის სათამაშო ლიგის სტატუსს, რომლის მოპოვებასაც წლები დაჭირდა.

ამავდროულად, როგორც „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდნამ ცხადყო, ლა ლიგის კლუბები უნდა მიეჩვივნოს საერთაშორისო დონეზე არსებულ თამაშის სტილს, რომელიც გარკვეულწილად ჩაკეტილ, ორგანიზებულ და დაცვით ტაქტიკას გულისხმობს. ბურთის ფლობა ყოველთვის როდი მუშაობს, ეს კი „მილანის ინტერმა“ ნათლად დაგვანახა „კამპ ნოუზე“. „ბარსელონასგან“ სხვა არაფერს არ ელოდნენ და ეს იყო ის, რითაც „მილანის ინტერმა“ მოიგო.

მარტო შეტევითი ფეხბურთის თამაში არაა საკმარისი ევროსარბიელზე. კლუბებს უნდა შეეძლოთ ადაპტირება იმ სტილთან, რომელიც ევროპაში ასე თუ ისე ფეხმოკიდებულია. გულშემატკივრებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდნონ.


ახალგაზრდათა განვითარების პროგრამები

ერთი პოზიტიური ნაბიჯი შეიძლება იყოს ის, რომ აიძულო ლა ლიგის კლუბები (რა თქმა უნდა ყველა არა) უფრო მეტი ყურადღება აკადემიის აღზრდილებზე გაამახვილონ, რაც ადგილობრივი კადრების მომზადებას ეროვნული ნაკრებისთვის და მათ შემდგომ განვითარებას გულისხმობს, იმის ნაცვლად, რომ კლუბში ძვირადღირებული ფეხბურთელები მოიყვანო.

შეზღუდვები ფეხბურთელების შეძენაზე

ევროპაში ფული ბევრ ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელს იზიდავს ამა თუ იმ კლუბში. ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ გადაუდგია რამე ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს სიტუაცია გამოსწორებულიყო.

ამერიკული NFL (ნაციონალური საფეხბურთო ლიგა) იმის ნათელი მაგალითია, თუ რაოდენ კარგად მუშაობს „სადრაფტო სისტემა“. ამ სისტემის მეშვეობით , კლუბები საკუთარი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ღებულობენ უფლებას აირჩიონ მოთამაშეები. სწორედ ამ სისტემის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ამერიკის NFL ძალზედ წარმატებულია, ამის მაგალითად კი შეიძლება ის მოვიყვანოთ, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე სუპერთასმა 14 მფლობელი გამოიცვალა.

ადრე ჩატარებული თამაშები, საზღვარგარეთელი მაყურებლისთვის

ესპანური ცხელი ამინდი, ინგლისურისგან გარკვეულ პრობლემებს ქმნის მატჩების შუადღისას ან შებინდებისას ჩატარებასთან დაკავშირებით. ამავდროულად ინგლისურ დროსა და ესპანურს შორის ერთსაათიანი განსხვავებაც არსებობს.

„მადრიდის რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თავის დროზე თქვა, რომ ლა ლიგის თამაშები შუადღისას უნდა ჩატარდეს აზიელი მაყურებელთა რაოდენობის 1,8 მლრდ.მდე გაზრდი მიზნით. მაგრამ ეს შეთავაზება ჯერ ყველა კლუბმა და კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ. „ბარსელონას“ მწვრთნელმა ხოსეპ გუარდიოლამ განაცხადა რომ „თუ ბატონ ფლორენტინო პერესს სურს, რომ თამაშები შუადღისას ჩატარდეს, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს... თუ სხვა კლუბებიც ამას მიესალმებიან, ეს ძალიან კარგი იქნება.“

2009 წლის სექტემბერიში ლა ლიგის პრეზიდენტმა ფრანცისკო როკა პერესმა, გამოთქვა სურვილი ზემოთხსენებულთან დაკავშირებით: „თუ ჩვენ თამაშებს ადგილობრივი დროით 3 საათზე ჩავატარებთ, მაშინ ამ დროს ჩინეთში ღამის 9 საათი იქნება და მათაც ექნებათ საშუალება თვალი ადევნონ ლა ლიგას.“

ემილიო ბუტრაგენიოს ესმის, რომ პრემიერ ლიგისთვის აზიაში კონკურენციის გასაწევად მთავარი ფაქტორი თამაშების ადრე გამართვაა, „უნდა გვესმოდეს, რომ ამ გზით საშუალება გვექნება უფრო გავაფართოოთ ჩვენი ჩემპიონატის მაყურებელთა რიცხვი...თავის დროზე ჩვენთან თამაშები ჩვენი დროით 4:30 საათზე ტარდებოდა, ეს ძალიან კარგი დროა და არანაირ პრობლემას წესით და რიგით არ უნდა ქმნიდეს...“

პატარა კლუბებისთვის ეს მისაღებია, ვინაიდან იგი დამატებით სატელევიზიო შემოსავლების მირების საშუალებას იძლევა. „ხეტაფეს“ პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ „ესაა ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა...ინგლისური პრემიერ ლიგა ჩვენ ბევრს გვიგებს იმის გამო, რომ თამაშებს ადრე მართავს.“

უცხოური ინვესტიციები და უკეთესი მარკეტინგი

სპორტის გლობალიზაციის განვითარების კვალობაზე მხოლოდ ადგილობრივი ინვესტიციები საკმარისი არაა, მარტში ლა ლიგის პრეზიდენტმა ფრანცისკო პერესმა განაცხადა, რომ „ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ იმ დონეს, რომელიც უცხოელ ინვესტორებს დაანახებთ, რომ ლა ლიგა სწორედ ის ადგილია, სადაც მათ ფულის ჩადება თავისუფლად შეუძლიათ.“

უკეთესი მარკეტინგი კლუბებს უფრო მიმზიდველს გახდიდა უცხოელი ინვესტორებისთვის. არსებული მდგომარეობა სახარბიელო არაა, როგორც უეფას პრეზიდენტი მიჩელ პლატინი ამბობს, ხუთი–ექვსი ესპანური კლუბი სერიოზული საფრთხების წინაშე დგას. „სევილიას“ ვიცე პრეზიდენტის ხოსე მარია კრუზ ანდრესი აღიარებს, რომ ბევრი „ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება.“ „ვალენსიაც“ არანაკლებ ცუდ მდგომარეობაშია.

მარკეტინგის მხრივ, ლა ლიგას შეუძლია გამოიყენოს სავსე სუპერვარსკვლავები: კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი, კაკა, ზლატან იბრაგიმოვიჩი და დავიდ ვილია, იმისთვის რომ უფრო და უფრო მეტი მაყურებელი მოიზიდოს.

ბუტრაგენიოს სურს გამოყოს უკეთესი ადმინისტრირება, „ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორი ჩემპიონატი გვსურს, ეს იმისთვის, რომ ისეთივე ბრენდი შევქმნათ, როგორიც პრემიერ ლიგაა... მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ ესპანეთში და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ.“


P.S. გაგრძელებას შემდეგში შემოგთავაზებთ
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)