რონალდოს 9 წუთიანი აფეთქება და ვარანეს ბენეფისი
ჩრდილოეთ ამერიკაში დაბანაკებული მადრიდის "რეალი" ამერიკულ ტურნეს განაგრძობს. ამჯერად, "თეთრები" - "გუადალაჰარას" (ჩივასი) დაუპირისპირდნენ და მეტად უსახური თამაშის ფონზე მეტოქე სოლიდური სხვაობით 3-0 დაამარცხეს.
შეხვედრა პირველივე წუთიდან მშვიდ ტემპში დაიწყო, თუმცა ტაიმის შუა ნაწილიდან მოყოლებული, მექსიკელებმა უხეშობა დაიწყეს და რამოდენიმეჯერ გაფრთხილებითაც დაისაჯნენ. მადრიდელები ვერ ახერხებდნენ ბურთის მშვიდ კონტროლს, თუმცა არც მეტოქეს აძლევდნენ მოედნის ცენტრში დომინირების საშუალებას. მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ნახევრის ბოლოს "გუადალაჰარა" გააქტიურდა, მექსიკელები საკმაოდ სახიფათოდ უტევდნენ ესპანელებს, მაგრამ დაცვის ცენტრში კარვალიოსგან განსხვავებით შესანიშნავად ასპარეზობდა ახალგაზრდა რაფაელ ვარანე, რომელიც მეტოქე გუნდის ფორვარდებს გოლის გატანას არ ანებებდა.
საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა ანტონიო ადანი, რომელიც იერჟი დუდეკის გუნდიდან წასვლის შემდეგ, მადრიდის "რეალის" მეორე მეკარედ იქცა. მატჩის პირველ ნახევარში საკუთარ თავს არ ჰგავდა კრიშტიანო რონალდო, რომელსაც მხარი რიკარდო კაკამაც "აუბა"... რამოდენიმე კარგი გადაცემა შეასრულა მესუთ ოზილმა, მაგრამ მის გარჯას შედეგი არ მოჰყოლია.
უსახურად მიმდინარე პირველი ტაიმი დასრულდა...
მატჩის მეორე ნახევარში მოედანზე კალეხონი, პეპე, ალბიოლი და ნაჩო გამოჩნდნენ. ტაიმი მექსიკელთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა... მოვლენები მშვიდობიანად ვითარდებოდა, მანამ, სანამ კრიშტიანო რონალდომ მეტოქე გუნდის ცენტრალური მცველი კარგი მოჭიდავისთვის შესაშური გდებით არ დაანარცხა ბალახზე... საბედნიეროდ, შეხვედრის არბიტრმა პორტუგალიელი ფეხბურთელი დაინდო და მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა. რონალდოს თამაში არ მისდიოდა... გააფთრებული კრიშტიანო მატჩის 73-ე წუთზე მეტოქის საჯარიმო მოედანში შეიჭრა, მარჯვენა ფლანგიდან კარიმ ბენზემას კარგი გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
სამი წუთიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც რონალდომ მეტოქის კარი აიღო... მოედნის ცენტრში ბურთი კალეხონმა მიიღო, რომელმაც "გუადალაჰარას" საჯარიმო მოედანში შეჭრილი პეპე შესანიშნავი გადაცემით მოამარაგა... ამ უკანაკნელმა ბურთი კარგად მიიღო, მარცხენა ფეხით წინ გაიგდო და მეტოქის საჯარიმო მოედანში დაეცა... თერთმეტმეტრიანი! პენალტის ნიშნულთან კრიშტიანო მივიდა, რომელმაც მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
მადრიდული მანქანა ამუშავდა... ესპანელები მეტოქის კარს უტევდნენ... ბურთს ყველაზე ხშირად მესუთ ოზილი ფლობდა, რომელმაც კარიმ ბენზემა არაერთი კარგი გადაცემით მოამარაგა, მაგრამ სამწუხაროდ ფრანგმა ფეხბურთელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა... სამაგიეროდ გერმანელი ნახევარმცველის შესანიშნავ პასს, დიდებულად უპასუხა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც მეტოქის კარი ზედიზედ მესამედ აიღო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა...
სწორედ ასე შედგა ჯერ ვარანეს, შემდეგ კი რონალდოს ბენეფისი...
By Kevlish...
- 21 ივლისი 2011
- 4 967
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.