გარეთ ბეილი:"ოფიციალურად ვაცხადებ, ინგლისში არ მივდივარ"
გარეთ ბეილმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მადრიდის "რეალის" დატოვება და ინგლისში გადასვლა მის გეგმებში არ შედის...
"საკუთარი თავი მანჩესტერ "იუნაიტედში" ვერ წარმომიდგენია. ოფიციალურ ვაცხადებ, ბრიტანეთში არ მივდივარ. მადრიდის "რეალის" ღირსებას ვიცავ და კლუბის წარმატებაზე ვარ ორიენტირებული. ესპანეთის დედაქალაქში ყველაფერი მაქვს იმისათვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო. "ბლანკოსთან" რამდენიმე წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, შემდეგ კი შესაძლოა გახანგრძლივებაზეც ვიფიქროთ, ახლა ამის საჭიროება არ არის, რადგან "მერენგების" რიგებში მხოლოდ მეორე სეზონს ვატარებ."
"წარმატების საიდუმლო? მიზეზი სწორედ თავდაუზოგავ შრომასა და მონდომებაში მდგომარეობს. კარლო ანჩელოტის დავალებას თითოეული ფეხბურთელი ზედმიწევნით ასრულებდა და შედეგმაც არ დააყოვნა, ჩვენ მოვიგეთ სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი. 2014 მადრიდული გიგანტისთვის თვალწარმტაცი გამოდგა."
"ანჩელოტისთან ხშირად განვიხილავთ ტაქტიკურ საკითხებს, ეს დღევანდელი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, თითოეულ შერკინებას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება."
"კრიშტიანო რონალდუს ფლანგს ხშირად ვუცვლი, მადრიდის "რეალი" ყოველთვის კრეატიულობით უნდა გამოირჩეოდეს, პორტუგალიელ ფეხბურთელს ბრწყინვალედ ვუგებ და ზუსტად ვიცი, როდის უნდა გავუცვალო ფლანგი. ანალოგიურის თქმა შეიძლება საჯარიმო დარტყმებზეც, ჩვენ ყოველთვის შეთანხმებულად ვმოქმედებთ."
"სანტიაგო ბერნაბეუზე ყოველთვის განსაკუთრებული აურაა. "რეალს" ძალიან მომთხოვნი გულშემატკივრები ჰყავს, მაგრამ მათ საოცარი ქომაგობა იციან, სწორედ მაშინ გიდგანან მხარში, როდესაც გიჭირს და გამხნევება გჭირდება. როდესაც კოლექტივი საშინაო მატჩს მართავს, ფეხბურთელები მაქსიმუმს აკეთებენ რაც შეიძლება მეტი გოლის გასატანად და ერთგვარი "შოუს" დასადგმელად."
"უელსის ნაკრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს დებიუტი, რომელიც 17 წლის ასაკში ტრინიდადისა და ტობაგოს წინააღმდეგ მქონდა. "უელსს" დიდი პერსპექტივა აქვს, ჩვენ არაერთი მიზანი გვაქვს დასახული, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ."
"ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნებაა. ევროპასა და მსოფლიოში არაერთი უმაღლესი რანგის ფეხბურთელი ყოფილა, რომელსაც სანაკრებო მუნდიალების გემო არ გაუგია. ვფიქრობ, ეს დიდი დანაკლისია და მათ რიცხვს არ შევუერთდები."
"შემეძლო ინგლისის ნაკრებში თამაში, რადგან მოქალაქეობაც მქონდა და ბებია ინგლისელი მყავს, მაგრამ მშობლიური უელსი ავირჩიე, რადგან ჩემი ქვეყანა სწორედ ის გახლავთ."
"საუთჰეპტონში თამაშმა ბევრი რამ მასწავლა, რადგან მარტო ვცხოვრობდი და ბევრ პრობლემას ვაწყდებოდი. შემდეგ იყო "ტოტენჰემი", სადაც დიდ პატივს მცემდნენ. პოზიცია არაერთხელ შევიცვალე და საბოლოო ჯამში გუნდის ლიდერად ჩამოვყალიბდი. ლონდონში ყოფნის დრო არასდროს დამავიწყდება."
"როდესაც მადრიდის "რეალმა" ესპანეთში გადასვლა შემომთავაზა, ნამდვილად დავიბენი, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. კარიერული წინსვლისთვის მადრიდული გიგანტი შესანიშნავი საშუალებაა. აქ უდიდესი გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი."
"ლუკა მოდრიჩი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ხორვატთან ერთად "ტოტენჰემის" აღმშენებლობაში მივიღე მონაწილეობა, ჩვენ წლების მანძილზე ერთ მიზანს ვემსახურებოდით. საბედნიეროდ, ახლაც ანალოგიურ სიტუაციაში ვართ, რადგან "ბლანკოსის" ღირსებას ვიცავთ."
"კრიშტიანო რონალდუს მონდომება დასაფასებელია. პორტუგალიელი ფეხბურთელი ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის. იმედი მაქვს, დისკვალიფიკაცია მინიმალური რაოდენობით მატჩებს გამოატოვებინებს, სხვაგვარად ის ძალიან დამწუხრებული იქნება, ვინაიდან მოედანზე ყოფნა ჰაერივით სჭირდება."
"კარლო ანჩელოტი საკუთარ შეგირდებს ყოველთვის იცავს, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. ის ჩვენი კოლექტივის თავკაცია."
- 28 იანვარი 2015
- 4739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.