ეს არის მადრიდის "რეალი" - სამეფო კლუბი?

მეგობრებო,სტატიის სათაურში დასმულ კითხვას თავად გავცემ პასუხს - არა!!!


მაშ ასე, პირველ რიგში ყველას მოგესალმებით, ჰალაზე თითქმის ერთ თვიანი შესვენება მქონდა სხვადასხვა მიზეზების გამო.დიდი ხანია არც სტატია დამიწერია, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ სტატია, რომლის 90% კრიტიკა იქნება ჩვენი საყვარელი გუნდისა და ფეხბურთელებისა.ასევე გთავაზობთ სხვადასხვა საჭირ-ბოროტო საკითხებისა და პრობლემების განხილვას, ტრანსფერებისა და განვლილი სეზონის მიმოხილვას და სხვა უამრავ საინტერესო დეტალს. მინდა გითხრათ, რომ სტატიაში დაფიქსირებული კრიტიკა თუ დასკვნა (ზოგისთვის უსიამოვნო და არმისაღები) ამა თუ იმ საკითხზე პირადად ჩემი მოსაზრებაა , ამიტომ კომენტარებში თავი შეიკავეთ ზედმეტი და არაფრისმთქმელი გამონათქვამებისგან. შეგიძლიათ რამეში დამეთანხმოთ,ზოგში კი - არა.

მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ზაფხული - სატრანსფერო ციებ-ცხელება. როგორც ყოველთვის, ჩვენი "სანაქებო" დონ ფლორენტინო პერესი აქტიურობდა და 6 ფეხბურთელი შეჰმატა გუნდს, ალბათ არავის არ ჭირდება შეხსენება თუ ვინ. მებადება ერთი კითხვა - პედრო ლეონი და სერხიო კანალესი რა მიზნით გადმოვიდნენ სამეფო კლუბში? დიახ მეგობრებო სამეფო კლუბში, რომელსაც უდიდესი საფეხბურთო სკოლა აქვს და ამ ორის მსგავსი ფეხბურთელებით სავსეა.(შეიძლება უკეთესებითაც კი, ყოველშემთხვევაში ამ სეზონმა აჩვენა ეს). რატომაა "ბარსელონა" პლანეტის უძლიერესი გუნდი? - იქ ხომ მესი, ინიესტა და ხავი თამაშობს. "შესანიშნავი სამეული" - რომელიც "ბლაუგრანას" საფეხბურთო სკოლიდან მოდის. ისინი ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და ამიტომაცაა, რომ უდავოდ საუკეთესო სამეულია თანამედროვე ფეხბურთისა. ვინ იყო ინიესტა, ხავი და მესი? - 3 ჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომლებიც ბურთის გორებას საფეხბურთო სკოლაში სწავლობდნენ, შემდეგ იყვნენ სარეზერვო გუნდში, ახლა კი თავადაც ხედავთ სად და როგორ არიან. განა "რეალს" ნაკლები ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს "კასტილიაში", მაგრამ მათ ბედი არ წყალობთ, ისინი "აეკებისთვის" , "შალკეებისთვის" და "დორტმუნდებისთვის" არიან განწირულნი. რატომ იყრება კოლოსალური თანხები ისეთ ფეხბურთელებში, რომლებიც ვერანაირ სარგებელს ვერ უტანენ გუნდს და მეტიც - ღირსნიც კი არ არიან მოირგონ თეთრი მაისური? ხომ შეიძლება, რომ შენი საკუთრება და რესურსი გამოიყენო და იგივე მორატა, სარაბია, ხესე და სხვები და სხვები ათამაშო? თუ მათ სათამაშო დრო არ მიეცათ და მხოლოდ "კასტილიისთვის" და ე.წ. "ჭ" კლასის კლუბებისთვის არიან განწირულები, ვერც მესისნაირი და ვერც ინიესტასნაირი გახდებიან.

ისევ ტრანსფერებზე განვაგრძოთ საუბარი - რაული და გუტი - ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. განა ვინმე წარმოიდგენდა იმას, რომ გუნდის ორი ლეგენდა ოდესმე სხვა გუნდის მაისურს მოირგებდა, მითუმეტეს "შალკესა" და "ბეშიქთაშისას"? ზოგი გაიძახის არავინ იცის რა მოხდაო, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ რაული და გუტი გუნდიდან წასულიყვნენ, თან ისე, რომ გაცილებაც არ მოუწყვიათ? მთავარი დამნაშავე ჩემზე კარგად იცით ვინცაა - ჟოზე მოურინიო, რა თქმა უნდა მას პერესიც ედგა გვერდით. ის ხომ "The Special One" არის და რად უნდა ისეთი ავტორიტეტები გუნდში, როგორიც რაული და გუტია.უბრალოდ დამისახელეთ ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო და რაულის ადგილი დაიკავა. ალბათ მიმიხვდით "დაიკავა"-ში რა ვიგულისხმე. ბენზემა, იგუაინი, ადებაიორი - რომელმა შეძლო იმის გაკეთება, რასაც "ელ კაპიტანო" აკეთებდა და აკეთებს დღემდე, თან ისეთ გუნდში, როგორიც "შალკეა". ამას წინათ ჩვენს საიტზე ასეთ სტატიას მოვკარი თვალი - "რა ჰქმნეს ლეგენდებმა". ამ შემთხვევაში ისევ რაულზე გავამახვილებ ყურადღებას. რაულმა კი არ ჰქმნა, არამედ შეჰქმნა, მან შეჰქმნა და დაწერა ახალი ისტორია "შალკესი". გუნდს, რომელიც საოცარი არასტაბილურობით გამოირჩეოდა "ბუნდესლიგაში", გუნდს, რომლის ძირითად შემადგენლობაში ხშირი იყო როტაცია, რაული ლიდერად მოევლინა. ლიდერად, რომელიც წინ წარუძღვა გუნდს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიიყვანა. დიახ, სწორედ რაულის უდიდესი დამსახურებაა, რომ "შალკე" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. მე აღფრთოვანებული დავრჩი "ელ კაპიტანოს" თამაშით "ინტერთან". მოდი ასე ვიტყოდი, ხანში შესული რაული პატარა ბავშვივით დარბოდა მოედნის ამ თავიდან იმ თავში, აწიოკებდა იტალიელთა დაცვას, შესანიშნავად მოქმედებდა დაცვაშიც საჭიროების შემთხვევაში. მე არასდროს არ დამავიწყდება მისი გენიალური პასი გელზენკიხენში, რომლის შედეგადაც გოლიც გავიდა. ეჰ, რას ვიზამთ, ნათქვამია - დრონი მეფობენ და არა მეფენიო, მაგრამ ეს მხოლოდ მადრიდის "რეალში" ხდება. მოვიყვანოთ მაგალითები სხვა ევროპული გრანდებიდან. რაღა შორს წავიდეთ, "ბარსელონას" სული და გული - კარლეს პუიოლი, "წითელი ეშმაკების" ორი მამოძრავებელი ძალა - პოლ სქოულზი და რაიან გიგზი, "რომას" ლიდერი, ლეგენდა და ყველაფერი - ფრანჩესკო ტოტი - განა ვინმემ ესენი გაუშვა გუნდიდან? - არა იმიტომ, რომ ამ კლუბებში ფეხბურთელების დაფასება იციან. "მილანი", გუნდი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვაფასებ, რომ აქ ლეგენდებს "ია-ვარდით" უფენენ გზას. პაოლო მალდინიზე აღარ მაქვს ლაპარაკი, დღევანდელი შემადგენლობიდან ჩამოვთვალოთ ფეხბურთელები - ინძაგი, გატუზო, პირლო, ზეედორფი, - ლამისაა კასტილებით გამოვიდნენ მოედანზე, მაგრამ ისინი ლეგენდები არიან და აფასებენ. ერთი სიტყვით, პირადად მე მოურინიოს უდიდეს შეცდომად მივიჩნევ რაულის გუნდიდან გაშვებას.

რაფაელ ვან დერ ვაარტი - ნამდვილი მადრიდისტა, რომელიც გუნდიდან უბრალოდ მოისროლეს. იქნებ ვინმემ ამიხსნათ რატომ? ვიცით რასაც იტყვით, ოზილი და დი მარია მოვიდნენ გუნდშიო, ახალგაზრდები და პერსპექტიულნი არიანო, რა ვან დერ ვაარტი ახალგაზრდა არაა? 100% დარწმუნებული ვარ, რომ რაფა რომ გუნდში დარჩენილიყო, მესუთზე და ანხელზე ბევრად უკეთეს სეზონს ჩაატარებდა, თუმცა რა, ჩაატარა, ოღონდ "ტოტენჰემში". რამდენიმე თამაშში გუნდის ლიდერი გახდა.

ოზილი, დი მარია, კარვალიო, ხედირა - ამ ოთხეულმა გაამართლა, მაგრამ არა ისე, როგორსაც ყველა ელოდა. მოდი გაგერმანელებული თურქებით დავიწყოთ. ოზილმა სეზონი საშინლად დაიწყო, მაგრამ მალე ადაპტაცია გაიარა და ძირითადის უცვლელ ფეხბურთელად იქცა. მაგრამ აქ აღმოჩნდა ერთი პრობლემა. მესუთი ისე ვერ თამაშობდა გასვლით თამაშებზე, როგორც "ბერნაბეუზე", ამიტომ მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "სახლის ფეხბურთელი". ოზილი, მართალია ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ ის სრულიად გამოუცდელია. ხშირ შემთხვევაში ეს მის თამაშზე აისახება. ხედირამ მთლიანობაში კარგი სეზონი ჩაატრა, თუმცა მას ნაადრევად მოუწია სეზონის დასრულება ტრავმის გამო. დი მარიამ ამ სეზონში ყველანაირი თამაში აჩვენა - დაწყებული ძალიან ცუდიდან დამთავრებული ძალიან კარგით. იყო მატჩები, რომელშიც გადამწყვეტ როლს თამაშობდა, მაგრამ იყო ისეთი შეხვედრებიც, სადაც მხოლოდ მოედანზე იყო.მართალია მთლიანობაში კარგი სეზონი ჩაატარა, განსაკუთრებით პირველი წრე, მაგრამ საოცრად არასტაბილურია. კარვალიოს რაც შეეხება, 32 წლის მცველმა საოცრებები აკეთა და მთელი სეზონის განმავლობაში მყარად იდგა დაცვის ცენტრში, გაიტანა რამდენიმე გოლიც.

მაჰამადუ დიარამ გუნდი დატოვა და "მონაკოს" შეუერთდა. ალბათ, ეს ლოგიკური იყო, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც მალელს "რეალისთვის" აქვს გაკეთებული. იყო დრო, როცა იგი მყარად იდგა საყრდენის პოზიციაზე და დიდი სარგებელი მოჰქონდა "ბლანკოსისთვის". ასევე იჯარით წავიდა მატეოსი "აეკში". ალბათ, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა, მომავალი სეზონიდან კი სავარაუდოდ იგი ისევ "რეალს" დაუბრუნდება. ბარემ ემანუელ ადებაიორზეც გავამახვილოთ ყურადღება. 6 თვით მან თეთრი მაისური მოირგო, მაგრამ რა ხეირი? არაფერიც, მან ვერანაირი იმედი ვერ გაამართლა. მართალია რამდენიმე გოლი გაიტანა, მაგრამ მისი ცუდი თამაში იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ყველაფერს გადააჭარბა. ტოგოელმა მხოლოდ ერთი სარგებელი მოიტანა - მან ბენზემა გამოაცოცხლა.

ტრანსფერებიდან ყველაზე მტკივნეულ თემაზე გადავიდეთ - "ელ კლასიკოზე". ჯამში მადრიდულ-კატალონიური დაპირისპირება 5-ჯერ შედგა განვლილ სეზონში. ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ ხუთივე მათგანი. ნოემბრის მიწურულს "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" "რეალს" საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და დააანახა ის, თუ ვინ არის ძლიერი ამ მომენტისთვის. "მერენგები" "უსაკურთხო მკვდრებივით დაბოდიალობდნენ" და შედეგიც სახეზე აღმოჩნდა. პირადად მე, კატალონიაში წაგებული 5-0-ის შემდეგ დავრწმუნდი,რომ "ლა ლიგის" თასს დავემშვიდობეთ. შემდეგ იყო ორ კვირის განმავლობაში 4 "კლასიკო". "პრიმერას" ტურის მატჩი "ბერნაბეუზე" ფრედ 1-1 დასრულდა. პენალტებით თავი მესიმ და რონალდომ გამოიჩინეს.აუცილებლად მინდა ყურადღება გავამახვილო მესის საქციელზე. ალბათ, ყველას მოგეხსენებათ რაზეცაა საუბარი. თურმე, ლიონელ მესი თავმდაბალი, ბუნჩულა, უწყინარი ყოფილა. ასეთი რამ "რეალის" ნებისმიერ ფეხბურთელს რომ გაეკეთებინა, მაგალითად კრიშტიანო რონალდოს, ევროპული ფეხბურთის "მამოძრავებელი" ძალა, ყველაზე "სამართლიანი" და ყველაზე "მიუკერძოებელი" "უეფას" კომიტეტი არც ფულად ჯარიმას დააკლებდა, არც სიტყვიერ ლანძღვას და არც დისკვალიპიკაციას. შემდეგ იყო ფინალი სამეფო თასისა, რომელშიც "რეალმა" რის ვაი ვაგლახით შეძლო გამარჯვების მოპოვება დამატებით ტაიმში რონალდოს შესანიშნავი თავური დარტყმით.ამ მატჩში მინდა გამოვკვეთო დი მარიას თავდადებული თამაში. მეკარის მოვალეობის შესრულების გარდა, ყველაფერი გააკეთა. მაგრამ ანხელი იმ მატჩში ისე თავგანწირულად და მონდომებით თამაშობდა, რომ დარწმუნებული ვარ საჭიროების შემთხვევაში კარსაც დაიცავდა. ამის შემდეგ კი უკვე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება შედგა. პირველი მატჩი "ბერნაბეუზე" მესის ტრიუმფად იქცა. არგენტინელმა იკერ კასილასის კარი ორჯერ დალაშქრა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია,რომ ამ დროს "რეალი" 10 კაცით თამაშობდა, უფრო სწორად პეპეს გარეშე - ალბათ მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ - პეპე იმ თამაშში ბარეორ 5-ს ერთად აღებულს ჯობდა. განმეორებით მატჩში კი ფრე - 1-1 დასრულდა. პედროს გოლს მარსელომ უპასუხა.

ახლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო ჩემპიონთა ლიგის ორივე მატჩის მსაჯობაზე. "ბერნაბეუზე" პეპე გაძევებულ იქნა ვოლფგანგ შტარკის ხელით. დანიელ ალვეშმა უდიდესი მსახიობური ნიჭი გამოიჩინა და "რეალი" პრაქტიკულად ლიდერის გარეშე დატოვა, დიახ მეგობრებო, პეპე იმ მატჩში გუნდის ლიდერი იყო, რატომ? მან ხომ მესიმ გააჩერა, მისი გასვლის შემდეგ კი ლეომ "გაიჯეჯილა" - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იქნებ ვინმემ ამიხსნათ,როცა ფეხბურთელი ასეთ (ვითომ) დარტყმას ღებულობს ფეხში და თითქმის 5 წუთი გორავს მოედანზე, როგორღა დგება ფეხზე და 2 წუთის შემდეგ თავდასხმის ხაზში გარბის? მოდი ამ კითხვას მე გავცემ პასუხს - მან ხომ ვოლფგანგ შტარკის ხელში წითელი ბარათი დაინახა - ამით ყველაფერი ნათქვამია.

ახლა კი - ფრენკ დე ბლეკერე - კაცი, რომელმაც ყველანაირი იმედი ჩაუკლა "რეალს". "კამპ ნოუზე" შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში გონსალო იგუაინმა სრული წესების დაცვით ბურთი ვალდესის კარში მოათავსა, მაგრამ ჰოი საოცრებავ და ბლეკერემ ბურთი არ ჩათვალა და მეტიც, "ბარსელონას" სასარგებლოდ საჯარიმო დარტყმა დანიშნა და რისთვის? წაქცეულ რონალდოს წამოედო მასკერანო, რომელიც ვერც იგუაინს დაეწეოდა და მითუმეტეს ვერხ ბურთს. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრიდან, რომ "რეალი" ფინალში შეძლებდა გასვლას ამ გოლის ჩათვლის შემთხვევაში, მაგრამ რატომ, რატომ უნდა ხდებოდეს უსამართლობა? არავინ იცის რა მოხდებოდა, ეს გოლი რომ ჩათვლილიყო. "ბარსელონას" არ უნდა ჭირდებოდეს თამაშში 12-ე კაცის დახმარება, როცა ისედაც თავისუფლად შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერი გუნდი.

ახლა კიდევ შევეხოთ "კლასიკოში" დაშვებულ შეცდომებს, ამჯერად ჟოზე მოურინიოს მხრიდან. როგორც აქ უმრავლესობა იტყოდა კომენტარებში - "რეალმა" "სვარკა" ფეხბურთი ითამაშა, და ვინ არის ამის მთავარი შემოქმედი? - ცოტა ძნელი მისახვედრია.ჟოზე მოურინიო "რეალს" კი არ მოერგო, არამედ თავად მოირგო "რეალი". ეტყობა მას ჯერ არ უმხელენ, რომ ეს სამეფო კლუბია და არა "ინტერი".ჩაკეტა თამაში და რა ქნა? - ვერც ვერაფერი, იკერ კასილასს რადიკულიტი გაუჩნდა იმდენჯერ მოუწია დახრა და კარიდან ბურთის გამოტანა. არა, ასე არ შეიძლება, ეს სამეფო გუნდია და ნამდვილად არ ეკადრება ასეთი თამაში. იტყვით, ასე უცებ რას იზამდაო, დანგრეული გუნდი ჩააბარეს ხელშიო,მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამ დანგრეულ გუნდში უმაღლესი დონის ვარსკვლავები თამაშობენ. წინ რა უდგას იმას,რომ არ ჩაკეტოს თამაში? 90 წუთის განმავლობაში რომ დაცვაში დგები, ერთხელ მაინც გაუვარდება ვიღაცას და გავა გოლი.შეუტიე შენც და ისე ვეღარ შეგიტევენ. ვნახოთ წინ მომავალი სეზონია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - შეასრულებს თუ არა დანაპირებს ჩვენი "The Special One" . მან ხომ განაცხადა ერთი სეზონი მაცადეთო და მერე ტიტულებიც მოვაო. ალბათ ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელო გამართლება უდიდესი ზეძოლის ქვეშ მუშაობაა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი ვინც ჟოზეს საქმეებში ერეოდა, ხორხე ვალდანო იყო. მაგრამ ახლა უკვე მან გენერალური დირექტორის პოსტი ძალით თუ ნებით (ჯერ კიდევ გასარკვევია ვისი ნებით) დატოვა. მომავალი სეზონიდან "მოუს მთავარი ხელისშემშლელი" "რეალში" აღარ იქნება და ვნახოთ აბა რას იზამს მის გარეშე...

მოუს ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა კაკას მიმართ გამოხატული გულგრილობაა. მართალია რიკიმ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, მაგრამ თავადაც ვნახეთ,რომ იგი ფორმაში შედიოდა, თუმცა ეგ თქვენი სანაქებო ჟოზე ოზილზე ამყარებდა იმედებს და უმეტეს შემთხვევაში გაწბილებული რჩებოდა. კაკამ არც თუ ისე ბევრი თამაში ჩაატარა, მაგრამ ოზილის ყველას ერთად აღებულ თამაშს ჯობდა. ძალიან არ მინდოდა და ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი იმ აზრს, რომ კაკა "რეალიდან" უნდა წასულიყო, მაგრამ ახლა მისთვისვე ჯობია,რომ წავიდეს. "რეალი" კაკას თამაშის ღირსი არაა. მოდი ასე ვიტყოდი, თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდა ნამდვილად არ უნდა "ხეხავდეს" სკამს.

მოდი ახლა ცოტა კარგიც ვთქვათ, მინდა ყურადღება გავამხვილო გუნდის ხერხემალზე, რომელიც ოთხი მალისგან შედგებოდა - პეპე,მარსელო, ალონსო და რონალდო.პეპემ საოცარი სეზონი ჩაატარა, განსაკუთრებით დასკვნითი ნაწილი. იგი შესანიშნავად მოერგო მისთვის ახალ პოზიციას - საყრდენს, ახალ დავალებებს თავი კარგად გაართვა. მარსელომ კი უშესანიშნავესი სეზონი ჩაატარა. ალბათ ზედგამოჭრილია მასზე შემდეგი გამონათქვამი - "აქაც მე ვარ და იქაც მეო". დაუზარებლად დარბოდა მოედნის ამ თავიდან იმ თავში, მართალია დაცვაში შედარებით სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ სამაგიეროდ თავდასხმის ხაზში ისე აქტიურობდა, რომ ბევრ თავდამსხმელსაც კი ჯობდა. გაიტანა რამდენიმე გოლიც და ასევე გააკეთა უამრავი საგოლე გადაცემა. ხაბი ალონსო - ამ ფეხბურთელის შესაქებად სიტყვებიც არ მქოფნის. ესპანელს ცენტრი მყარად ეჭირა და მთელი სეზონის განმავლობაში მისგან ტექნიკური წუნი ძალზედ უმნიშვნელო იყო.

კრიშტიანო რონალდო - ეს უკვე ცალკე თემაა,რომელზეც უსასრულოდ შეიძლება საუბარი. პორტუგალიელმა საოცრად კარგი სეზონი ჩაატარა. მთელი სეზონის განმავლობაში მასსა და მესის შორის "პიჩიჩისთვის" ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ რონიმ მოიგო. მაგრამ ეს საუკეთესოობისთვის არ კმარა! მართალია, მან ყველანაირი რეკორდი დაამხო, მაგრამ მისმა რეკორდმა ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა გუნდს. გულებში ჩაიხედეთ და ამ კითხვაზე ისე გამეცით პასუხი, როგორც ნეიტრალურმა გულშემატკივარმა - ამ სეზონის მიხედვით - მესი თუ რონალდო? ჩემი აზრით, ჩატარებულმა "კლასიკოებმა" და განვლილმა სეზონმა საბოლოოდ ცხადყო, თუ დღესდღეისობით ვინაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი...

მოდი სხვა ფეხბურთელებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ალბიოლმა შეიძლება ითქვას, რომ ცუდი სეზონი ჩაატარა, იგივე ითქმის სერხიო რამოსზე, მან საოცრად არასტაბილურად იასპარეზა. არც იკერ კასილასისთვის გახლდათ ეს სეზონი საუკეთესო. ლასანა დიარა მთელი სეზონის განმავლობაში ძირითადში დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ვერადავერ მოახერხა, ამაში ხელს მას ხედირა უშლიდა, თუმცა როცა ფრანგი მოედანზე იყო, იგი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. გაგოს რაც შეეხება, არგენტინელმა სეზონი მთლიანად ჩააგდო ტრავმის გამო.მას მხოლოდ ორიოდე თამაშში მოუწია მონაწილეობის მიღება. ბენზემა და იგუაინი ტრავმებმა გატანჯეს. პიპიტამ სეზონი საოცრად დაიწყო, თუმცა ტრავმამ რამდენიმე თვიანი შესვენება აიძულა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ვერადავერ მოახერხა ფორმის აღდგენა. ბენზემამ სეზონი საშინლად დაიწყო, შემდეგ გონს მოეგო და საოცრად ათამაშდა, მაგრამ შემდეგ კვლავ "მიყუჩდა". გარაისა და გრანეროს იშვიათად უწევდათ მოედანზე გამოჩენა, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. აღსანიშნავია იეჟი დუდეკის თამაშიც, მან მართალია ყბის უმძიმესი ტრავმა მიიღო, მაგრამ ტრავმამდეც და ტრავმის მოშუშების შემდეგაც კარგად გამოიყურებოდა. ანტონიო ადანს კი - მხოლოდ რამდენჯერმე მოუწია თამაში და ნორმალურად ასპარეზობდა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს მთელი სეზონის მიხედვით 10 ქულიან სისტემაში. (საშუალო არითმეტიკული დამრგვალებული მეათედებში)

იკერ კასილასი - 7.7
რიკარდო კარვალიო - 8.6
პეპე - 9.0
სერხიო რამოსი - 8.2
ფერნანდო გაო - შეფასების გარეშე
მაჰამადუ დიარა - შეფასების გარეშე
კრიშტიანო რონალდო - 9.5 (სეზონის საუკეთესო მოთამაშე)
რიკარდო კაკა - 7.4
კარიმ ბენზემა - 7.2
ლასანა დიარა - 6.7
ესტებან გრანერო - 6.4
მარსელო - 9.2
ანტონიო ადანი - შეფასების გარეშე
ხაბი ალონსო - 9.3
სამი ხედირა - 7.0
სერხიო კანალესი - შეფასების გარეშე
არვალო არბელოა - 7.0
რაულ ალბიოლი - 6.2
ეზეკილ გარაი - 6.9
გონსალო იგუაინი - 5.5
პედრო ლეონი - შეფასების გარეშე
ანხელ დი მარია - 8.2
მესუთ ოზილი - 8.0
იეჟი დუდეკი - 7.5
ემანუელ ადებაიორი - 5.0

პ.ს. "კლასიკოებში" დაწერილმა დაბალმა შეფასებებმა საგრძნობლად იმოქმედა საბოლოო შედეგებზე.

ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო მოურინიო, თუგინდ პერესი ან რომელიმე ფეხბურთელი, მაგრამ გული შემტკივა,როცა კატასტროფის პირას მდგომს ვუყურებ ჩემს საყვარელ გუნდს. მეგობრებო, სათაურში დასმულ კითხვას კიდევ ერთხელ გავცემ პასუხს - არა, ეს არ არის ის "რეალი" როგორიც ჩვენ გვინახავს. განა შეიძლება "რეალიდან" მიდიოდნენ ლეგენდები, მოდიოდნენ "ღვლაპები", შეიძლება "რეალი" ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობდეს? "რეალს" შევადარებდი მიხეილ ჯავახიშვილის რომან "ჯაყოს ხიზნების" მთავარ გმირ თეიმურაზს. სწორედ მასსავით დაჩაჩანაკებულია "ბლანკოსი" ახლა, როგორი ქაოსიცაა ხევისთავის სულში, ისეთივე ქაოსია "მერენგების" შიდა სამზარეულოში. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა და მომავალი სეზონიდან მაინც ვიხილავთ ნამდვილ "რეალს",რომელიც "თეთრ ბალეტს" გვთავაზობდა. ცრემლი მერევა, როცა რაულს ლურჯ მაისურში ვუყურებ, როცა თვალს ვადევნებ "გალაქტიკოსის" შესანიშნავ მომენტებს, როცა ვუყურებ კიჭას, ზიზუს,კარლოსის და სხვების გენიალურ გოლებს, როცა ვუცქერ იეროს მიერ აღმართულ თასს, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ყველაფერი წარსულია. ცხოვრებაში ოპტიმისტი ვარ, ამიტომ მე მჯერა,რომ დაბრუნდება ის "რეალი", რომელიც გუნდებს აჩოქებდა, რომელიც "თეთრ ბალეტს" თამაშობდა. მე ვამაყობ,რომ ვარ "რეალის" გულშემატკივარი, რომ მოვესწარი რაულის, იეროს, მაკელელეს, სალგადოს, კარლოსის, ფიგუს, ზიდანი, კიჭას, გუტის თამაშს. ვიყავი,ვარ და დავრჩები მადრიდისტად,რაც არ უნდა გასაჭირში იყოს "ბლანკოსი"!!!!


Hala Madrid!!!


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტატიაში ყოველივე ჩემი მოსაზრებაა...

სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (WIShMASTER) dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)