დი სტეფანო 83 წლის გახდა
“რეალის” საპატიო პრეზიდენტი და ამ გუნდის ლეგენდა, ალფრედო დი სტეფანო დღეს 83 წლის გახდა. დონ ალფრედომ მილოცვები თითქმის ყველასგან მიიღო.
დი სტეფანომ დაბადების დღე საკუთარ სახლში, მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში აღნიშნა. ამ დღეებში ალფრედო კაკასა და რაულ ალბიოლის პრეზენტაციებს დაესწრო, სულ მალე კი კრისტიანო რონალდოსა და კარიმ ბენზემას წარდგენაზეც იქნება.
ალფრედო დი სტეფანო 1926 წლის 4 ივლისს დაიბადა ბუენოს-აირესში. მისი საფეხბურთო კარიერა არგენტინის მეოთხე დივიზიონის ერთ-ერთ კლუბში დაიწყო, თუმცა 1945 წელს, დი სტეფანო ამავე ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის კლუბ, “ურაკანში” გადაბარგდა, სადაც დაიწყო კიდეც მისი ღვაწლმოსილი საფეხბურთო კარიერა. 1947 წელს ფეხბურთელი “რივერ პლეიტში” გადავიდა და პირველივე სეზონში, გუნდს ქვეყნის ჩემპიონატი მოაგებინა, თავად კი, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სწორედ ამ დროს, არგენტინაში პოლიტიკური არეულობა დაიწყო, რის გამოც ფეხბურთმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. დი სტეფანო იძულებული გახდა, კოლუმბიურ “მილიონარიოსში” გადაბარგებულიყო. სადაც ალფრედომ თავი კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა და ევროპაში წასვლაც გადაწყვიტა.
1953 წელს, დი სტეფანო “რეალის” ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია, რომ მისი გადაბირება “ბარსელონასაც” სურდა. ალფრედოს დებიუტი “სამეფო კლუბის” რიგებში 1953 წლის 23 სექტემბერს შედგა, “ნანსის” წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, მან “რეალის” რიგებში 510 შეხვედრა ჩაატარა და 418 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მოგებულ ტიტულებს: 8 პრიმერა, 5 ჩემპიონთა თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 საკონტინენტთაშორისო თასი, 2 ლათინას თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და, ამასთან, პირადი ტიტულიც, - ის ხუთჯერ გახდა “პიჩიჩი” ანუ პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 4 ივლისი 2009
- 2006
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.