მანუელ სანჩისი: რეკორდით ყოველთვის ვიამაყებ
მანუელ სანჩისი “რეალის” რეკორდსმენია კლუბში ჩატარებული მატჩების მხრივ. მის ანგარიშზე 708 შეხვედრაა. სანჩისის რეკორდამდე სულ რაღაც 5 მატჩი აშორებს რაულს. “სამეფო კლუბის” ვებ-გვერდის ჟურნალისტი “რეალის” ყოფილ კაპიტანს სწორედ ამ თემაზე გაესაუბრა.
- მანუელ, სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, - ჯამში 708 შეხვედრა, მათგან 523 პრიმერაში. სადებიუტო მატჩი, ალბათ, გახსოვთ?
- მახსოვს, მაგრამ ეგ ფაქტი კარგა ხნის წინ კი მოხდა. 1983 წელს, მე და მარტინ ვასკესს “რეალის” მთავარ გუნდში ერთად გვქონდა დებიუტი. მაშინ “სამეფო კლუბში” ტრავმების ეპიდემია იყო, რის გამოც იძულებული გახდნენ რამდენიმე ფეხბურთელი სარეზერვო გუნდიდან გადმოეყვანათ. მათ შორის მეც გახლდით. “ბლანკოსს” ალფრედო დი სტეფანო წვრთნიდა, სადებიუტო შეხვედრაში კი გოლი გავიტანე.
- ყველაზე მეტად რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ?
- ყველა შეხვედრა ნამდვილად არ მახსოვს, აი, სადებიუტო მატჩს კი, თუ გნებავთ, დეტალებში აგიღწერთ. მთავარი ის იყო, რომ მცირე რაოდენობის მარცხების კვალდაკვალ, უამრავი გამარჯვება ვიზეიმე და “სამეფო კლუბში” საპატიო ტიტულებიც მოვიგე.
- გამორჩეული მატჩები ახსენეთ და ჩემპიონთა ლიგის მოგებული ფინალებიც კარგად გემახსოვრებათ.
- რა თქმა უნდა. განსაკუთრებით კარგად 1998 წლის 20 მაისი მახსოვს, როცა “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა მეშვიდედ, მე კი პირველად მოვიგე. ის სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო.
- ამდენ ხანს რეკორდსმენი იყავით. ახლა კი თქვენი მაჩვენებელი შეიძლება გაუმჯობესდეს. ამ ფაქტს როგორ ეგუებით?
- ნორმალურად. მეტიც, ვამაყობ კიდეც, რომ ჩემს რეკორდს რაულის დონის ფეხბურთელი აუმჯობესებს.
- სანტილიანამაც იგივე თქვა, როცა თავის დროზე მისი რეკორდი დაამხეთ.
- სანტილიანა დიდებული ფეხბურთელი და კიდევ უფრო კარგი ადამიანი გახლდათ. მან უამრავი საჭირო რჩევა მომცა, რაც პროფესიულ კარიერაში ძალიან დამეხმარა.
- თქვენი რეკორდიც აღსანიშანვია. ის ხომ თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო.
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ფაქტით ყოველთვის ვიამაყებ.
- ისიც ვთქვათ, რომ თქვენს რეკორდს აუმჯობესებს ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ.
- სრულიად გეთანხმებით. რაული ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ერთად ვთამაშობდით. ძალიან მოკრძალებული და კეთილი ადამიანია. ამას გარდა, იუმორის დიდებული გრძნობაც აქვს.
- კაპიტანი გოლების გატანას კვლავაც განაგრძობს...
- რაულის მაღალი კლასი თუნდაც იმით მტკიცდება, რომ უკლებლივ ყველა მწვრთნელი მას ნდობის სრულ მანდატს უცხადებს. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, რითაც სხვა ფეხბურთელებს ბრძოლისუნარიანობისა და მუყაითობის კარგ მაგალითს აძლევს.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 4 სექტემბერი 2009
- 1852
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.